ულტრასებმა ნოიერს შეუტიეს

AutoSharing Option
ტრენტინოში, სადაც „ბაიერნი“ ახალი სეზონისთვის ემზადება, გუშინწინ ისეთი რამ მოხდა, რამაც კიდევ ერთხელ და ახლა უკვე საბოლოოდ დაგვარწმუნა, რომ მიუნხენური კლუბის გულშემატკივრების საკმაოდ დიდი ნაწილი მანუელ ნოიერს არ შეურიგდა და დღემდე მის წინააღმდეგაა განწყობილი.

აქედან გამომდინარე, ფაქტია, რომ სეზონის ოფიციალურ გახსნაზე 30 000-მა ფანმა „შალკედან“ 25 მილიონ ევროდ ნაყიდ მეკარეს ტაში რომ დაუკრა და ოვაციებით შეეგება, ეს მხოლოდ და მხოლოდ ფარსი იყო - რეკორდმაისტერის ხელმძღვანელების მიერ ორგანიზებული ფარსი. როგორც ჩანს, სეზონის გახსნის ცერემონიალზე „ალიანს არენაზე“ მხოლოდ არჩეული ქომაგები შეუშვეს და
მათ ნოიერისთვის ტაშის დაკვრა დაავალეს, რამაც შექმნა კიდეც მითი იმის შესახებ, რომ „ბაიერნის“ გულშემატკივრები ნოიერს შეურიგდნენ და მისი ტრანსფერით კმაყოფილები არიან.

სანამ ტრენტინოში მომხდარზე კონკრეტულად ვისაუბრებდეთ, მკითხველების იმ კატეგორიას, ვინც ჯერაც ვერ მიხვდა, რატომ ვერ იტანდნენ ან ვერ იტანენ „ბაიერნის“ რადიკალური ქომაგები ნოიერს, მიზეზს ავუხსნით: ორი წლის წინ, „ბაიერნისა“ და „შალკეს“ მატჩის დროზე, გელზენკირხენელებმა ანგარიში რომ გაათანაბრეს (შეხვედრა 1:1 დასრულდა), ნოიერმა კუთხურის ალამთან მიირბინა, ამოაძრო და მინდორზე გაშხლართული აფრიალებდა - ზუსტად ისე, როგორც ეს 2001 წელს ოლივერ კანმა გააკეთა, როცა „ბაიერნმა“ სეზონის ბოლო მატჩის ბოლო წუთებზე წაართვა „შალკეს“ ჩემპიონობა. მაშინ ნოიერი ბავშვი იყო და ეს ამბავი ძალიან განიცადა, რისთვისაც წლების მერე შური ისე იძია, როგორც ზემოთ მოვყვევით. მიუნხენელი ულტრასები მას სწორედ ამ შურისძიებას და რეკორდმაისტერის ლეგენდარული მეკარის, ოლივერ კანის დაცინვას არ პატიობენ.

გუშინწინ, ბავარიელებმა იტალიურ შეკრებაზე პირველი ტესტ-მატჩი გამართეს და შეხვედრის დაწყებამდე, ფანების 30-კაციანმა დაჯგუფებამ დიდი პლაკატი გადმოფინა, რომელზეც შემდეგი ეწერა: „რამდენი დარტყმაც არ უნდა მოიგერიო, ბაიერნელად არასდროს მიგიღებთ!“

ცხადია, რეკორდმაისტერის ხელმძღვანელებს ეს არ ეპიტნავათ - სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ნერლინგერმა პლაკატის დანახვაზე თავი გადააქნია და ხელი ჩაიქნია, სათადარიგო ფეხბურთელები ფრანკ რიბერი და ივიცა ოლიჩი კი პირდაღებულები იდგნენ და თვალებს არ უჯერებდნენ. ცხადია, „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა არ ელოდებოდა იმას, რომ ულტრასები იტალიაში ჩააღწევდნენ და უმნიშვნელო ტესტ-მატჩზეც შეძლებდნენ ნოიერის ტრანსფერის გაპროტესტებას. თუმცა ფაქტია ისიც, რომ „ბაიერნის“ ბოსები უშუალოდ სეზონის დროს, ყველა ქომაგს ვერ გააკონტროლებენ - ეს აფსურდია. მართალია, „ბაიერნის“ შეფები ამბობენ, „ასეთ გაუგებარ და შეუგნებელ ფანებს“ სტადიონზე არ შევუშვებთო, მაგრამ ეს ცარიელი სიტყვების რახა-რუხია, რადგან ნოიერის წინააღმდეგ მხოლოდ 30 ფანი არ არის. ეს ის 30 ქომაგი იყო, ვინც იტალიაში ჩასვლა მოახერხა, თორემ მიუნხენში ნოიერს მინიმუმ ათასჯერ მეტი ფანი ვერ იტანს.

ნოიერმა ტრენტინოს რეგიონის ნაკრებთან 45 წუთი ითამაშა, შეხვედრის შემდეგ კი ვარჯიში განაგრძო. ფანების პროტესტის შესახებ კი, 25

წლის მეკარეს კომენტარი არ გაუკეთებია - თამაშის შემდეგ ღიმილით თქვა, ამის შესახებ არაფრის თქმა არ მინდაო. სხვათა შორის, „ბაიერნმა“ ტრენტინოს რეგიონის ნაკრები 15:0 დაამარცხა, გოლები კი შემდეგმა მოთამაშეებმა გაიტანეს: ნილს პეტერსენი (3), მარიო გომესი (2), ბასტიან შვაინშტაიგერი (2), ტონი კროოსი (2), ანატოლი ტიმოშჩუკი, არიენ რობენი, ჩიუნეით კიოზი, ლუის გუსტავო, ივიცა ოლიჩი და დანიელ პრანიჩი.

მივხვდით, რომ ჩიუნეით კიოზი არ გეცნოთ. ეს მოყვარულთა გუნდიდან აყვანილი ფეხბურთელია, რომელსაც „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი გულმოდგინედ აკვირდება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული