ჰასან სალიჰამიჯიჩი: დავბერდი, მაგრამ ისევ ის ბრაცო ვარ!

AutoSharing Option
გერმანიაში აღარავის ეგონა, რომ ბუნდესლიგას თავისი შვილი დაუბრუნდებოდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჰასან სალიჰამიჯიჩი უკვე 34 წლისაა, მაგრამ ხომ იცით ფელიქს მაგათის ამბავი - სადაც მიდის, ყველგან ასეთ ტიპებს აგროვებს ხოლმე.

ორწლიანი იტალიური ვოიაჟის შემდეგ, „ბრაცო“ გერმანიაში დაბრუნდა და ახალი სეზონიდან „ვოლფსბურგის“ ღირსებას დაიცავს. „იუვენტუსში“ აფასებდნენ, მაგრამ უმეტესად არ ათამაშებდნენ, „ვოლფსბურგში“ კი გაცილებით ხშირად ითამაშებს. „კიკერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სალიჰამიჯიჩი ვოლფსბურგულ გეგმებზე, ტურინში გატარებულ ორ წელზე, პრობლემურ დიეგოსა და ფელიქს მაგათზე საუბრობს.

- ჰერ სალიჰამიჯიჩ, 34 წლის ასაკში ისეთ გუნდში გადასვლა,
რომელსაც ფელიქს მაგათი წვრთნის და მით უმეტეს, ამ გუნდთან ერთად საზაფხულო შეკრებაზე წასვლა ძალიან ვაჟკაცური ნაბიჯია. იმედია, ხვდებით, რასაც ვგულისხმობთ...
- რა თქმა უნდა ვხვდები და ეს ყველაფერი პირველივე ვარჯიშზე ვიგრძენი, როცა მაგათმა დღის განმავლობაში სამჯერ მავარჯიშა. ხომ იცით, შრომისმოყვარე ვარ და ზუსტად ვიცი, რომ მაგათის ვარჯიშებთან შეგუება არ გამიჭირდება. პირიქით, ვფიქრობ, რომ ახლა სწორედ ეს მჭირდება, რათა ახალ სეზონს კარგ ფიზიკურ კონდიციაში შევხვდე.

- ახლა როგორ ფორმაში ხართ? ბუნდესლიგის ახალი სეზონი ხვალ რომ იწყებოდეს, ითამაშებდით?
- თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, რადგან უკვე სამი კვირაა, რაც ვვარჯიშობ. სხვა დანარჩენზე კი მაგათი იზრუნებს და დარწმუნებული ვარ, რომ 5 აგვისტოს იდეალურ ფორმაში ვიქნები.

- როგორ გადაწყდა „ვოლფსბურგში“ ტრანსფერი?
- დაახლოებით თვენახევრის წინ, მიუნხენში მაგათს შევხვდი - ერთად ვისაუზმეთ. მკითხა, ჯერ კიდევ გაქვს სურვილი, რომ უმაღლეს დონეზე ითამაშოო - რა თქმა უნდა, თავი დავუქნიე. მომდევნო ორშაბათს დამირეკა და პირდაპირ მკიტხა, თუ სურვილი გექნება, ვოლფსბურგში ხვალვე გელოდებიო და მაშინვე დავთანხმდი. ვოლფსბურგში იმ საღამოსვე ჩამოვედი...

- ჰამბურგის, მიუნხენისა და ტურინის შემდეგ ვოლფსბურგში წასვლა ადვილი არ იქნებოდა. დიდხანს იფიქრეთ?
- მართალია, ვოლფსბურგი პატარა ქალაქია, მაგრამ ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს და ესეც რომ არ იყოს, ნებისმიერ გუნდში ნაღდად არ გადავიდოდი. ცხადია, გადაწყვეტილების მიღებისას უდიდესი როლი ითამაშა ფელიქს მაგათის ფაქტორმაც - თავის დროზე, „ჰამბურგშიც“ სწორედ მან მიმიყვანა და თუ გახსოვთ, მაშინ მე არავინ მიცნობდა. აბსოლუტურად გულახდილად ვამბობ: ჩემთვის „ვოლფსბურგიც“ დიდი გამოწვევაა.

- რატომ?
- ძალიან კარგი კლუბია და ორი წლის წინ გერმანიის ჩემპიონი იყო. დარწმუნებული ვარ, მაგათის დაბრუნების შემდეგ გუნდი ისევ ძალიან კარგად ათამაშდება და სერიოზული მიზნებისთვის იბრძოლებს.

- სხვა ვარიანტებიც გქონდათ?
- მქონდა. მაგალითად, ემირატებში მეპატიჟებოდნენ და ძალიან მაღალ ხელფასს მთავაზობდნენ, მაგრამ მე ისეთი ადამიანი ვარ, რომ ყოველთვის ვიცოდი, მხოლოდ ფულის გამო ცხრა მთას იქით არ წავიდოდი. ფეხბურთის თამაში მინდა, თანაც, სერიოზული ფეხბურთის, ბუნდესლიგა კი ჩემთვის უსაყვარლესი ლიგაა. იტალია ძალიან მაგარი იყო, მაგრამ მივხვდი, რომ მე ბუნდესლიგისთვის ვარ დაბადებული.

- „იუვენტუსში“ ყოფნისას გერმანიის ჩემპიონატს უყურებდით?
- რომ ვთქვა, ყოველ ტურში ერთ თამაშს მაინც ვუყურებდი-მეთქი, მოგატყუებთ, თუმცა შედეგებს ყოველთვის ვეცნობოდი, ტურის მიმოხილვებს ვუყურებდი და „კიკერსაც“ ყოველთვის ვკითხულობდი.

- გერმანიის ექვსგზის ჩემპიონი ხართ, თასი კი ოთხჯერ მოიგეთ. „ბაიერნთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა და საკონტინენტთაშორისო თასიც მოგებული გაქვთ. მოტივაცია კიდევ შეგრჩათ?
- ჯერ მხოლოდ 4 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც გერმანიაში დავბრუნდი და ჩემი მხრიდან ტიტულების მოგებაზე საუბარი მართებული არ იქნება. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ „ვოლფსბურგთან“ ერთად ყველა თამაშის მოგება მინდა და თავს ერთი წამითაც არ დავზოგავ.

- ვოლფსბურგში უკვე ძალიან უხარიათ ის, რომ თქვენ ე.წ. „ბაიერნის გენები“ გაქვთ...
- ...რასაც სიამოვნებით გადავაქცევ „ვოლფსბურგის გენად“. ვიცი, ამაში რაც იგულისხმება: მონდომება და გამარჯვებულის მენტალიტეტი. თავის დროზე მათეუსის, ეფენბერგისა და ელბერის დარი ფეხბურთელებისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და მინდა, რომ ეს ყველაფერი ახლა „ვოლფსბურგისთვის“ გამოვიყენო.

- იტალიაში ოდნავ მაინც თუ შეიცვალეთ?
- რა თქმა უნდა, შევიცვალე და თანაც, არა მარტო როგორც ფეხბურთელი, არამედ, როგორც ადამიანიც. იტალიაში ძვირფასი ორი წელი გავატარე და ვამაყობ იმით, რომ „იუვენტუსის“ ფეხბურთელი ვიყავი.

- უფრო მშვიდი ხომ არ გახდით?
- არა, ტემპერამენტის მხრივ არაფერი შეცვლილა - ისევ ის „ბრაცო“ ვარ!

- ანუ, ეგრეთ წოდებული „აგრესიული ლიდერი“?
- „აგრესიულ ლიდერში“ ზოგი რას გულისხმობს და ზოგი რას... მე ის ვიცი, რომ ნებისმიერ თამაშში ბოლომდე უნდა ვიბრძოლო. საქმე ლაპარაკის ნაცვლად და ბრძოლა ბოლომდე - ეს არის ჩემი დევიზი.

- გამოდის, რომ მოწინააღმდეგეებს თქვენი ისევ უნდა ეშინოდეთ?
- ვნახოთ, რა და როგორ იქნება, ფაქტი კი ის არის, რომ გერმანიის ჩემპიონატის დაწყებას მოუთმენლად ველოდები. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ თამაშს ჩავატარებ, როცა მოედანზე ვიქნები, თავს არ დავზოგავ.

- ტურინში ხშირად არ გათამაშებდნენ - გასულ სეზონში მხოლოდ ათ შეხვედრაში მიიღეთ მონაწილეობა...
- გასულ სეზონში „იუვენტუსში“ სერიოზული პრობლემები იყო. მთავარი მწვრთნელი ლუიჯი დელ ნერი ყველაფერს ვერ წყვეტდა და სეზონის ბოლოს ბოდიში მომიხადა. „იუვესთან“ კონტრაქტი რომ დამიმთავრდა, ვიცოდი, რომ ტურინულ კლუბს აღარ ვჭირდებოდი და გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ მეცადა ბედი.

- „ვოლფსბურგი“ თქვენი კარიერის ბოლო საფეხური იქნება?
- დიდი ფეხბურთის თამაში ფელიქს მაგათის ხელში დავიწყე და ფაქტია, რომ მის ხელში დავამთავრებ. გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ „ვოლფსბურგი“ სავარაუდოდ მართლაც ბოლო გაჩერება იქნება.

- კონტრაქტი მხოლოდ ერთი წლით გააფორმეთ. უფრო დიდხანს დარჩებით?
- ჯერ ეს ერთი წელი გავიდეს. მომავალ ზაფხულს დავსხდებით, დავილაპარაკებთ, სეზონს შევაჯამებთ და მერე გადავწყვეტ, როგორ უნდა მოვიქცე. თუ ფორმაში ვიქნები, ალბათ ახალ ხელშეკრულებას გავაფორმებ.

- რომელ პოზიციაზე გსურთ თამაში - მარჯვენა მცველის?
- მთელი კარიერის განმავლობაში ჩემი მთავარი პლუსი ის იყო, რომ არაერთ პოზიციაზე შემეძლო თამაში. პრეტენზიები არ მაქვს, სადაც მაგათი გამამწესებს, იქ ვითამაშებ. ცხადია, დიდი შანსია, რომ ეს სწორედ მარჯვენა მცველის პოზიცია იყოს.

- გადაწყვეტილია, რომ დიეგო „ვოლფსბურგში“ აღარ ითამაშებს. ამაზე რას ფიქრობთ?
- ტურინში ერთად ვთამაშობდით და მას ძალიან კარგად ვუგებდი. დიეგო მართლა ძალიან ნიჭიერი, კარგი ფეხბურთელია. მე მეტს ვერაფერს ვიტყვი.

- საკლუბი დონეზე ყველაფერი მოიგეთ, სანაკრებო დონეზე კი დიდი პერსპექტივები არც გქონიათ. საფეხბურთო ოცნება კიდევ გაქვთ?
- მოტივაციის მხრივ ახლაც ზუსტად ისე ვარ, როგორც მაშინ - ბუნდესლიგაში პირველი მატჩი რომ ჩავატარე...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული