მანუელ ნოიერი: ფანების პროტესტი ჯერ არ მაღელვებს

AutoSharing Option
ათი დღეა, რაც 25 წლის მანუელ ნოიერი ოფიციალურად გახდა „ბაიერნის“ მეკარე და მიუნხენურ კლუბთან ერთად ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა.

მიუხედავად იმისა, რომ რეკორდმაისტერის ხელმძღვანელებმა კლუბის ფანებს არაერთხელ სთხოვეს, ნოიერს ნუ დაუსტვენთო, „ბაიერნის“ ულტრასები მანუელის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვას აგრძელებენ. გასულ ოთხშაბათს ნოიერს 30-იოდე ულტრასმა ტესტ-მატჩის დროს უდიდესი პლაკატი გადმოუფინა, რომელზეც ეწერა, რამდენი დარტყმაც არ უნდა მოიგერიო, ბაიერნელად მაინც არასდროს მიგიღებთო. „ბილდ ამ ზონთაგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ნოიერმა უმეტესად სწორედ ამ ამბავზე და ზოგადად ფანებთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

- ჰერ ნოიერ, რას გრძნობთ, როცა
„ბაიერნის“ გულშემატკივრები თქვენს ბაიერნელობას ასე აპროტესტებენ?
- სეზონის ოფიციალურ გახსნაზე 30 000-მდე გულშემატკივარმა ძალიან თბილად მიმიღო, იმ დღეს ჩემთვის არც არავის დაუსტვენია და მოგვიანებით, ავტოგრაფების ჩამორიგების დროსაც მამხნევებდნენ. მიუნხენურ კლუბს 165 000 რეგისტრირებული ფანი და მილიონობით არარეგისტრირებული ქომაგი ჰყავს და ის ფაქტი, რომ 30-იოდე გულშემატკივარი ჩემს ბაიერნელობას აპროტესტებს, ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მესმის, რომ შესაძლოა, 30-ზე გაცილებით მეტს არ მოვწონდე... დაველოდოთ სეზონის დაწყებას და ამას რეალურ პრობლემად მხოლოდ მაშინ მივიღებ, თუ მთელი სტადიონი დამისტვენს.

- მზად ხართ, რომ ნებისმიერი ფან-კლუბის წარმომადგენლებს შეხვდეთ?
- თუ საჭირო იქნება, რა თქმა უნდა, მზად ვარ.

- ულტრასებმა ამას წინათ ფრანკ რიბერისაც უსტვინეს
- იმის გამო, რომ ლურჯი ბუცები ეცვა. ლურჯი კი, მოგეხსენებათ, „მიუნხენ 1860“-ის ფერია. ვხედავ, თქვენც ლურჯი ბუცები გაცვიათ...
- ულტრასები ყველგან და ყოველთვის რადიკალურები არიან ხოლმე, მაგრამ ურჩევნიათ, „ბაიერნის“ ლოგოს კარგად დააკვირდნენ - ლურჯი და თეთრი ფერი იქაცაა! თანაც, მე ვალდებული ვარ, ის ბუცები ჩავიცვა, რომელსაც ჩამაცმევენ.

- კლუბის ხელმძღვანელები თქვენით გაოცებულები და აღფრთოვანებულები არიან
- ვერ იჯერებენ, რომ ფანების პროტესტი ასე ვაჟკაცურად მიიღეთ. საიდან ასეთი სიძლიერე?
- არ ვიცი, რამდენად დამეთანხმებიან, მაგრამ ჩემი აზრით, ამას ვერ ისწავლი. მე უბრალოდ ასეთი ვარ - ფეხბურთელი, მეკარე და მაქვს ჩემი საქმე, რომელშიც ფულს მიხდიან. შესაბამისად, თავს არ უნდა მივცე იმის უფლება, რომ რაღაც უმნიშვნელო მიზეზებმა საქმეში ხელი შემიშალოს. ცხადია, არ მომწონს, თუნდაც 30 ფანი ასე რომ არის ჩემს მიმართ განწყობილი, მაგრამ ესეც საფეხბურთო კარიერისა და ზოგადად ცხოვრების ნაწილია. მიუხედავად იმ პლაკატისა, რაც ულტრასებმა ტრენტინოსთან მატჩის დროს გადმოფინეს, მაინც ძალიან კარგად ვითამაშე.

- „ბაიერნის“ პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ოლივერ კანს მიგამსგავსათ. ოლიმ მიუნხენურ კლუბში 14 წელი ითამაშა, რვაჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, ექვსჯერ გერმანიის თასის მფლობელი და 2001 წელს ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. როგორ ფიქრობთ, თქვენც შეგიძლიათ „ბაიერნში“ ასეთი ეპოქის შექმნა?
- კანის სტატისტიკა მართლაც გრანდიოზულია, მაგრამ რაც არ უნდა მიკირკიტოთ და საიდანაც არ უნდა მომიაროთ, ვერ მათქმევინებთ იმას, რომ მე კანს ვბაძავ და მისი კარიერის დარ კარიერაზე ვარ ორიენტირებული. კანისგან აბსოლუტურად განსხვავებული მეკარე ვარ - ჩემი სტილი მისას ოდნავადაც არ გავს. მეკარეობის სტილით იენს ლემანს უფრო ვგავარ, ვიდრე ოლის. აი, მონდომებისა და მოტივაციის თვალსაზრისით კი, კანი ჩემთვის ნაღდად სამაგალითო მეკარე იყო.

- „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2016 წლამდე გააფორმეთ. ამ ხუთ წელიწადში რამდენი ტიტულის მოგება გინდათ?
- რაც მეტი, მით უკეთესი - ხომ იცით, როგორ მწყურია ტიტულები! ჩემი ერთადერთი ნაღდი ტიტული ხომ გერმანიის თასია, რომელიც ახლახან „შალკესთან“ ერთად მივიღე და სხვათა შორის, ძალიან მიხარია, რომ გელზენკირხენიდან ტიტულის გარეშე არ წამოვედი.

- რეკორდმაისტერში ექვს ისეთ თანაგუნდელთან ერთად ითამაშებთ, რომლებიც გერმანიის ნაკრებშიც თქვენს გვერდით იქნებიან და თუ „ბაიერნმა“ ჟერომ ბოატენგიც იყიდა, მაშინ შვიდი ასეთი თანაკლუბელი გეყოლებათ...
- ...გერმანიის საფეხბურთო კავშირში ნაკრებისთვის მუდმივი ბაზის აშენებაზე სერიოზულად ფიქრობენ და ჩემი აზრით, ასეთი ბაზა სწორედ მიუნხენში უნდა ააშენონ! ხუმრობა იქით იყოს და „ბაიერნს“ ბევრი ბუნდესგუნდელი რომ ჰყავს, ეს ძალიან კარგია როგორც გერმანიის ნაკრებისთვის, ისე „ბაიერნისთვის“, თითოეული ფეხბურთელისთვის და ზოგადად გერმანული ფეხბურთისთვისაც.

- ცოტაც და გერმანიის ჩემპიონატი დაიწყება. ეს იქნება პირველი სეზონი, რომელსაც რეკორდმაისტერში გაატარებთ და ამავდროულად, 2012 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი მიუნხენში უნდა გაიმართოს. არც ის დაგვავიწყდეს, რომ გაისად ევროპის ჩემპიონატია. ხვდებით, ამ ყველაფრით რის თქმა გვინდა?
- ვხვდები: გინდათ თქვათ, რომ შანსი მაქვს, ეს სეზონი ჩემს კარიერაში საუკეთესო და ყველაზე წარმატებული გახდეს. სხვათა შორის, ჩემთვის 2010 წელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მსოფლიოს ჩემპიონატზე ასე კარგად რომ არ მეთამაშა, ჩემს კარიერაში ყველაფერი ასე პოზიტიურად არ წარიმართებოდა. მოკლედ, დიდი ნაბიჯი გადავდგი და მომდევნო ხუთი წელი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება.

- არის კიდევ ერთი რამ, რაც ასევე აუცილებლად უნდა გავარკვიოთ: ამბობენ, ნოიერის „ბაიერნში“ გადასვლა ახლა კი არა, ერთი წლის წინ გადაწყდა და უბრალოდ, გასაიდუმლოებული იყოო...
- არა, ეს შეცდომაა! ერთი წლის წინ არაფერი არ მქონდა გადაწყვეტილი. სეზონის მსვლელობისას გადავწყვიტე, რომ „შალკესთან“ ახალ კონტრაქტს არ გავაფორმებდი და ეს მაშინვე ვუთხარი გელზენკირხენული კლუბის მაშინდელ მწვრთნელ ფელიქს მაგათს, რომელიც ძალიან მალე გაათავისუფლეს კიდეც. ეს გაზაფხულზე მოხდა და მაშინ ნამდვილად არ იყო გადაწყვეტილი, რომ კარიერას მიუნხენში გავაგრძელებდი.

- 2009 წლის 9 აგვისტო
- ეს თარიღი არაფერს გეუბნებათ?
- არა! ან ვერ ვიხსენებ...

- მაშინ თქვენ ერთ-ერთ ზეიმზე „ბაიერნის“ პრეზიდენტ ული ჰიონესს შეხვდით...
- ააა, გამახსენდა. ეს ყველაზე ცუდი ანეკდოტია, მათ შორის, რაც ოდესმე შექმნილა. იმ ზეიმზე ჩემს მეგობარ გოგონასთან ერთად ვიყავი, ის მიუნხენელია. ერთი წლის მანძილზე ერთად არ ვცხოვრობდით და მხოლოდ თავისუფალ დღეებში ვნახულობდი და ერთად წავედით იმ ზეიმზე, სადაც ჰიონესს მართლა შევხვდი, ოღონდ სრულიად შემთხვევით. ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ული „ტეგერნზეეზე“ (ტბა ბავარიაში) ცხოვრობს.

- დავიჯეროთ, ულიმ არ გიამბოთ იმის შესახებ, თუ რა ლამაზი და კარგია მიუნხენის „ბაიერნი“?
- არა, გეფიცებით, ასეთი არაფერი უთქვამს. მახსოვს, რაც მითხრა: მეუბნებოდა, ეს ბავარიაში ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია და მაქსიმალურად ისიამოვნეო. როცა გადავეყარე, ხელიც კი ვერ ჩამომართვა, იმიტომ, რომ ლუდით სავსე კათხები ეკავა და იმ მაგიდისკენ მიიჩქაროდა, სადაც ოჯახის წევრები ელოდებოდნენ.

- ტყავის შარვალი უკვე გაქვთ, გყავთ მეგობარი გოგონა, რომელიც ბავარიელია და მიუნხენის „ბაიერნშიც“ თამაშობთ
- გამოდის, რომ უკვე ნაღდი ბავარიელი ხართ?
- არა, რა თქმა უნდა, არა! კარგად ვიცი, საიდანაც ვარ წარმოშობით. თუმცა დედაჩემისგან ბავარიაზე ყოველთვის კარგი მესმოდა. არაერთი ბავარიელი ნათესავი გვყავს და ბავშვობაში, შვებულების დროს ბავარიაში ხშირად დავყავდი ხოლმე.

- როგორ ფიქრობთ, ოდესმე „ბაიერნის“ ყველა ფანი შეგიყვარებთ?
- ამისათვის საჭიროა, რომ „ბაიერნთან“ ერთად ტიტულები მოვიგო და მჯერა, ერთხელაც ყველა ტაშს დამიკრავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული