„მუსიკოსების“ ფანებს უდავოდ გაახარებთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დიდი შანსია, პისარო გერმანიის ჩემპიონატის სტარტს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს და 6 აგვისტოს, „კაიზერსლაუტერნთან“ მატჩში მონაწილეობა მიიღოს.
„გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან კარგად მიდის და ვფიქრობ, ორ კვირაში სრული დატვირთვით ვარჯიშს განვაახლებ, რაც იმას ნიშნავს, რომ წესით, 6 აგვისტოს მოედანზე გასვლა პრობლემა არ უნდა იყოს,“ - უთხრა პისარომ ჩვენს გერმანელ კოლეგებს.
გამორიცხული არ არის, რომ პისარო „ვერდერის“ ახალი კაპიტანი გახდეს.
„ზოგადად, მომავალი სეზონისთვის ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ „ვერდერი“ ისევ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს,“ - აცხადებს პერუელი ფორვარდი.
დაცვის მთავარი ბურჯი ლონდონისკენ?
ბრემენული კლუბი დაცვის ბურჯ პერ მერტეზაკერს კონტრაქტს ნაადრევად ვერ უგრძელებს, რადგან „ვერდერს“ ფინანსური პრობლემები აქვს. შესაბამისად, გერმანიის ნაკრების მცველის მსურველი გუნდები გააქტიურდნენ, ყველაზე მეტად კი, ისევ ლონდონის „არსენალი“ აქტიურობს. „მეთოფეების“ თავკაც არსენ ვენგერს 26 წლის მერტეზაკერის შეძენა დიდი ხანია უნდა და როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ ახლა საუკეთესო შანსი აქვს.
ასეცაა, რადგან პერს „ვერდერთან“ კონტრაქტი 2012 წლამდე აკავშირებს და რაკი ახალი ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოხერხდა, „მუსიკოსებმა“ დაცვის ბურჯი ახლავე თუ არ გაყიდეს, გაისად უფასოდ დაკარგავენ. „არსენალი“ კი სწორედ ახალ ცენტრალურ მცველს ეძებს და „ბილდის“ ინფორმაციით, მზადაა, მერტეზაკერში 8 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"