ვიდალი: "იუვე" კარგი ვარიანტია!

AutoSharing Option
„ლევერკუზენისა“ და ჩილეს ნაკრების საყრდენ არტურო ვიდალზე დიდი ამბებია ატეხილი. ჯერ ერთი, „ლევერკუზენს“ უნდა 24 წლის ნახევარმცველის შენარჩუნება და „ფარმაცევტების“ შეფები ყველა ღონეს ხმარობენ იმისათვის, რომ გუნდის ლიდერი „ბაიერში“ დარჩენაზე დაითანხმონ.

თუმცა ვიდალის დაყოლიება ძალიან გაუჭირდებათ, რადგან მიუნხენის „ბაიერნის“ გარდა (რეკორდმაისტერს არტუროს ყიდვა ძალიან უნდა), ჩილელის გადაბირება იტალიურ გრანდებს, „მილანს“, „ინტერს“, „იუვენტუსს“ და „ნაპოლისაც“ სურთ. თვითონ ფეხბურთელმა კი თქვა, ყველაზე კარგ ვარიანტად „იუვე“ მეჩვენებაო!

გერმანელი ექსპერტები უკვე დარწმუნებულები არიან იმაში, რომ ვიდალი არც „ლევერკუზენში“ დარჩება და არც „ბაიერნში“ გადავა. საქმე
იმაშია, რომ „ფარმაცევტების“ ხელმძღვანელები სთხოვენ, თუ ჩვენგან წახვალ, „ბაიერნში“ მაინც ნუ გადახვალ და ჩვენს კონკურენტს ნუ გააძლიერებო.

„დასამალი არაფერია: ყველაზე მეტად „იუვენტუსის“ ვარიანტი მომწონს, თუმცა ტურინული კლუბის შეფებთან არ მისაუბრია. იმედია, „ლევერკუზენის“ ხელმძღვანელები ყველაფერს გაგებით მოეკიდებიან. ფაქტია, რომ მომავალზე უნდა ვიფიქრო და „იუვე“ მართლაც კარგი ვარიანტია,“ - უთხრა ვიდალმა „სქაი სპორტს“.

დასრულდება თუ არა კოპა ამერიკა, არტურო ვიდალის მომავალი მაშინვე გაირკვევა. ჩილელი მიმომხილველები წერენ, „იუვენტუსს“ ფეხბურთელის დიდი ფასი არ აშინებს - ტურინული გრანდი მზადაა, არტუროში 21 მილიონი ევრო გადაიხადოსო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული