ფრანკ რიბერი: ჰაინკესის ხელში ყველაფერი კარგად იქნება!

AutoSharing Option
„ბაიერნის“ გენერალურმა სპონსორმა „აუდიმ“ მიუნხენური კლუბის ფრანგი გარემარბი ფრანკ რიბერი DTM-ის ტესტებზე წაიყვანა. რიბერი სპორტული AUDI A4-ით აღფრთოვანებული დარჩა.

ტესტის შემდეგ, 28 წლის ფრანგს „ბილდის“ კორესპონდენტი გაესაუბრა და ცხადია, მხოლოდ ის არ უკითხავს, როგორი გრძნობაა, როცა ავტომობილს 100 კმ/სთ-მდე სულ რაღაც 2.8 წამში აჩქარებ.

- ჰერ რიბერი, ისიამოვნეთ?
- ძალიან! ასეთი სწრაფი ავტომობილის ასეთ ტრეკზე ტარება ენით აუწერელი გრძნობაა. სწრაფად ადრეც მივლია, მაგრამ სარბოლო ავტომობილი ცხოვრებაში პირველად ვატარე და უდიდესი შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. საფრანგეტში ყოფნისას, ჩემს ძმასთან და ბიძაშვილთან ერთად
ხშირად დავდივარ ხოლმე კარტინგსა თუ მოტოკროსზე.

- როგორც ვხედავთ, ავტოსპორტი გიზიდავთ.
- დიახ, ავტოსპორტი მაინტერესებს. ფორმულა 1-ში სებასტიან ფეტელს ვქომაგობ.

- ფეტელს ცხრა გრანპრიდან ექვსი მოგებული აქვს. „ბაიერნმაც“ ასე უნდა დაიწყოს სეზონი?
- აუცილებლად! ახალი სეზონი ძალიან კარგად, რაც შეიძლება ბევრი მოგებით უნდა დავიწყოთ, რათა დიდი უპირატესობით დავწინაურდეთ. ვფიქრობ, ასეც იქნება, რადგან უკვე დროა, „ბაიერნმა“ სეზონი ისე დაიწყოს, როგორც ამ გუნდს სჩვევია.

- და რა იქნება სტარტის შემდეგ?
- აუცილებლად გერმანიის ჩემპიონები უნდა გავხდეთ. ზედიზედ ორი სეზონი ჩემპიონობის გარეშე „ბაიერნისთვის“ ნამდვილი კატასტროფა იქნება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი სეზონის გველის ჩემპიონთა ლიგაშიც, რადგან ფინალი მიუნხენში უნდა გაიმართოს. თითოეული ჩვენთაგანი ფინალში გასვლაზე ოცნებობს. თუმცა მანამდე დიდი გზაა გასავლელი - ჯერ ჯგუფური ეტაპის საგზური უნდა მოვიპოვოთ. ნურავინ იფიქრებს, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა იოლი იქნება.

- ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშზე ოცნება ბევრს შეუძლია. გულშემატკივრებს მხოლოდ ოცნება აღარ ჰყოფნით, მათ თქვენგან და თქვენი თანაგუნდელებისგან იმის მოსმენა უნდათ, რომ „ბაიერნის“ მიზანი ფინალში გასვლაა.
- ორი აზრი არ არსებობს: ახლა გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ვართ. დღევანდელი „ბაიერნი“ შარშანდელზე ძლიერია. გასულ სეზონში თავი შევირცხვინეთ, თუმცა წარუმატებლოს ობიექტური მიზეზები ჰქონდა. არიენ რობენი დიდხანს გვაკლდა, მერე მწვრთნელმაც აურია და მთელი გუნდი აიჭრა. გასულ სეზონში ფეხბურთელებს თამაშისგან სიამოვნება თითქმის არ მიგვიღია - მხოლოდ ვიტანჯებოდით და სტრესის ქვეშ ვიყავით. ახლა კი რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა - ყველა კარგ ხასიათზე, ყველა მოტივირებულია.

- რატომ ფიქრობთ, რომ იუპ ჰაინკესის ხელში ყველაფერი გაცილებით უკეთ იქნება, ვიდრე ვან გაალის დროს იყო?
- ჰაინკესი მარტო მე კი არა, ყველა ჩემს თანაგუნდელს ესპიმატიურება. იუპი სერიოზული სპეციალისტია, ახალგაზრდა მოთამაშეებს ხშირად ესაუბრება და ერთი სიტყვით, მან იცის, რა სჭირდებათ ფეხბურთელებს. გუნდში იმდენად დადებითი ატმოსფეროა, რომ მჯერა, ამ სეზონს ძალიან კარგად ჩავატარებთ. მეტიც: თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამაში დარწმუნებული ვარ.

- მაინც რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ გუნდში დადებითი ატმოსფეროა?
- დღეს გუნდში ისეთი სიტუაციაა, როგორიც ჩემი აქ ჩამოსვლის დროს იყო. თუ გახსოვთ, მაშინ დუბლი შევასრულეთ. მოკლედ, გული კარგს მიგრძნობს.

- ისეთი გრძნობა გვაქვს, რომ ეიფორიაში ხართ...
- არ მიკვირს, რომ ასე ფიქრობთ, რადგან თავს მართლა ძალიან კარგად ვგრძნობ და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ბაიერნელობა ისევ ძალიან მიხარია. ბედნიერი ვარ, რომ ძალიან კარგი მწვრთნელი გვყავს, რომ ფილიპ ლამი ისევ მარცხნივ, ანუ, ჩემს ფლანგზე ითამაშებს და ა.შ. ფლანგზე ლამთან ერთად თამაში ძალიან მიადვილდება, რადგან ფილიპს შესანიშნავად ვუგებ.

- ჩემპიონობისთვის ბრძოლაში რეკორდმაისტერის მთავარ კონკურენტად მოქმედი ჩემპიონი დორტმუნდის „ბორუსია“ მიგაჩნიათ?
- „ბორუსია“ ძალიან ძლიერი გუნდია და არ ჰგავს იმ ჩემპიონებს, რომლებიც ბოლო წლებში სენსაციურად ხდებოდნენ ჩემპიონები. „შტუტგარტს“ და „ვოლფსბურგს“ ჩემპიონობის შემდეგ კრიზისი დაეწყოთ, „დორტმუნდის“ შემთხვევაში კი ამას ფაქტობრივად გამოვრიცხავ. მჯერა, „ბორუსია“ ისევ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს და არ გამოვრიცხავ, რომ პირველობისთვის ბრძოლაში „შალკეც“ ჩაერთოს.

- ამას სერიოზულად ამბობთ? „შალკემ“ ხომ მანუელ ნოიერი დაკარგა...
- ჰო, მაგრამ „შალკეს“ ნამდვილად აქვს პოტენციალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული