13-მილიონიანი ხურადო ტრანსფერზე!

AutoSharing Option
ერთადერთი რამ, რითაც „შალკეს“ ვარჯიშებზე (გელზენკირხენული კლუბი ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გადის) 25 წლის ესპანელი გამთამაშებელი ხოსე მანუელ ხურადო გამოირჩევა, მისი 200-ევროიანი ჭრელი ბუცებია.

ერთი წლის წინ 13 მილიონ ევროდ ნაყიდი ნახევარმცველი საფეხბურთო თვალსაზრისით ისეთს ვერაფერს ახერხებს, მთავარი მწვრთნელის, რალფ რანგნიკის გული რომ მოიგოს. 53 წლის „პროფესორი რალფი“ აქცენტს პრესინგის დამუშავებაზე, აგრესიულ სირბილზე აკეთებს და როგორც ჩანს, ხურადოს ეს ყველაფერი მაგრად ეზარება.

ჩვენი გერმანელი კოლეგები ამიტომაც ვარაუდობენ, რომ რანგნიკი ხურადოს ტრანსფერზე დაყენებას აპირებს. ამას წინათ „შალკეს“ მენეჯერმა ჰორსტ ჰელდტმა
გულახდილად თქვა, ხურადოსგან ყველანი გაცილებით მეტს ველითო. თუკი პირველ სეზონში ესპანელმა ოფიციალურ მატჩებში მხოლოდ 8 გოლი გაიტანა, ჰელდტმა და რანგნიკმა ასეთი მოკრძალებული შედეგი იმით გაამართლეს, რომ ის სეზონი ხურადოსთვის სადებიუტო იყო და ბუნდესლიგასთან შეგუება სჭირდებოდა, ახლა კი ესპანელს გაცილებით მეტს სთხოვენ - მინიმუმ იმდენს, რომ მასში გადახდილი 13 მილიონი გაამართლოს.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ ხურადო არაფერს ცდილობს და ამ ეტაპზე მასზე უკეთესად 17 წლის იულიან დრაქსლერი გამოიყურება. რანგნიკი 4-2-3-1 ტაქტიკური სქემით თამაშს აპირებს და შემტევი ნახევარმცველების ტრიოს პოზიციებზე ამ ეტაპზე ჯეფერსონ ფარფანს და დრაქსლერს (მარჯვნივ), რაულს (ცენტრში) და ლუის ჰოლტბის (მარცხნივ) ანიჭებს უპირატესობას.

„ბილდი“ ირწმუნება, რომ „შალკე“ მზადაა, ხურადო პირველივე მსურველს მიჰყიდოს, თუკი ვინმე 9.5 მილიონს გადაიხდის. ესპანელის ფასი არცთუ კარგი სეზონის შემდეგ სწორედ 3.5 მილინით დაეცა. მიუხედავად ამისა, 9.5 მილიონი ევროს გადახდა სადღეისოდ არავის უნდა.

ამასობაში, „ბილდი“ წერს, რომ „შალკეს“ ძალიან აინტერესებს რუმინელი თავდამსხმელი ჩიპრიან მარიკა, რომელიც ორიოდე დღის წინ „შტუტგარტიდან“ დაითხოვეს და ახლა უფასო აგენტია. ჰელდტი, რომელიც „შტუტგარტის“ ყოფილი მენეჯერია, არ მალავს, რომ მარიკასთვის კონტრაქტის შეთავაზებაზე სერიოზულად ფიქრობს - ეს არის თავდამსხმელი, რომელიც ყოველთვის მომწონდაო. 2007 წელს მარიკა დონეცკის „შახტარიდან“ „შტუტგარტში“ სწორედ ჰელდტმა გადაიყვანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული