44 მილიონი დახარჯულია და ჩემპიონობაც ნაყიდია?

AutoSharing Option
„ბაიერნის“ მთავარი ახალწვეული, 22 წლის მცველი ჟერომ ბოატენგი მიუნხენში პარასკევს ჩავიდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და რეკორდმაისტერთან ოთხწლიანი კონტრაქტს ხელი მოაწერა. ეს ტრანსფერი ბავარიელებს 13.5 მილიონი ევრო დაუჯდათ - გერმანიის ნაკრების მცველი „მანჩესტერ სიტიდან“ იყიდეს.

ყველაფერთან ერთად, ბოატენგის ტრანსფერი იმასაც ნიშნავს, რომ „ბაიერნმა“ ტრანსფერებში უკვე 44 მილიონი ევრო დახარჯა, რაც ნებისმიერი სხვა გერმანული კლუბის მერ დახარჯულ თანხებს მნიშვნელოვნად აღემატება. შედარებისთვის, ვიცე-ჩემპიონმა „ლევერკუზენმა“ ზაფხულის ტრანსფერებში მხოლოდ 11 მილიონი ევრო გაიღო, მოქმედმა ჩემპიონმა დორტმუნდის „ბორუსიამ“ კი სულაც მხოლოდ 10 მილიონი.

როცა „ბაიერნის“ ბოსები
ჯიბეზე ხელს გვარიანად გაიკრავენ, ასეთი შემთხვევები კი ორ წელიწადში ერთხელ ფიქსირდება, რეკორდმაისტერი უპრობლემოდ ხდება ხოლმე გერმანიის ჩემპიონი. ამრიგად, ნიშნავს თუ არა 44 მილიონის დახარჯვა იმას, რომ „ბაიერნმა“ ამ ფულით ფაქტობრივად გერმანიის ჩემპიონობა იყიდა?

2004 წელს გერმანიის ჩემპიონი ბრემენის „ვერდერი“ გახდა, რის შემდეგაც „ბაიერნის“ ბოსებმა ტრანსფერებში გვარიანი თანხა დახარჯეს და ზედიზედ ორჯერ „ვერცხლის სინი“ აღარავის დაუთმეს - 2005 და 2006 წლებში რეკორდმაისტერმა ბუნდესლიგაში უპრობლემოდ იპირველა. აი, 2007-ში კი, ყველასათვის მოულოდნელად, „ვერცხლის სინი“ „შტუტგარტმა“ მოიგო, რაზეც ული ჰიონესსა და კომპანიას ისე მოეშალათ ნერვები, რომ ახალ ფეხბურთელებში 88 მილიონი ევრო დახარჯეს და სხვებთან ერთად ისეთი სუპერვარსკვლავები შეიძინეს, როგორებიც არიან თუ იყვნენ ფრანკ რიბერი, ლუკა ტონი და მიროსლავ კლოზე. შესაბამისად, 2008 წელს „ბაიერნი“ გერმანიის ჩემპიონი გახდა და თანაც, მეორეადგილოსან „ვერდერს“ 10 ქულით გაასწრო.

აქედან გამომდინარე, 2008 წლის ზაფხულში ბავარიელებს სატრანსფერო ბაზარზე დიდად აღარ უაქტიურიათ და შედეგმაც არ დაახანა: 2009 წელს გერმანიის ჩემპიონი არა „ბაიერნი“, არამედ „ვოლფსბურგი“ გახდა! ისევ გაიკრა ჯიბეზე ხელი ჰიონესმა და შეიძინა ჯერ მარიო გომესი, მერე კი არიენ რობენი და 2010 წელს მიუნხენურმა გრანდმა ისეც მოიპოვა ვერცხლის სინი - „შალკეს“ ხუთი ქულით გაასწრო.

წელს ბავარიელები ისევ მწარე რეალობის წინაშე დადგნენ - ჩემპიონობის დაკარგვას ვინ ჩივის, მეორე ადგილზეც ვერ გავიდნენ და სეზონის ბოლომდე ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაც არ ჰქონდათ განაღდებული. მანუელ ნოიერი, რაფინია, ჟერომ ბოატენგი - 44 მილიონი უკვე დახარჯულია და გამორიცხული არაა, რომ სექტემბრამდე „ბაიერნმა“ კიდევ ერთი ვარსკვლავი დაიმატოს (ამბობენ, მიუნხენელები „რომას“ თავდამსხმელ მირკო ვუჩინიჩს უმიზნებენო).

„ყველა წინაპირობაა შექმნილი საიმისოდ, რომ ჩემპიონობა დავიბრუნოთ. გვყავს ახალი, ძალიან გამოცდილი და მაგარი მწვრთნელი და გვყავს ახალი ფეხბურთელები, რომლებმაც სიცარიელეები ამოავსეს,“ - აცხადებს „ბაიერნის“ მენეჯერი კრისტიან ნერლინგერი.

მოქმედი ჩემპიონის, „დორტმუნდის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპიც აღიარებს, რომ ახალ სეზონში ჩემპიონობის მთავარი კანდიდატი ისევ „ბაიერნი“ იქნება. კლოპი ამბობს, იმდენი ფული დახარჯეს, რომ სხვა რამის თქმა აფსურდი იქნებოდაო და რეკორდმაისტერს იქვე წნეხის ქვეშაც აქცევს, ჩვენ რომ ამდენი ფულის ხარჯვა შეგვეძლოს, ჩემპიონთა ლიგას მოვიგებდითო.

ბრენო პორტო ალეგრეს უნდა
ბოატენგის ტრანსფერი იმასაც ნიშნავს, რომ 21 წლის ბრაზილიელ მცველ ბრენოს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსი აღარ აქვს, რადგან „მანჩესტერ სიტიდან“ ნაყიდ უკანახაზელთან წყვილში ან დანიელ ვან ბუიტენი ითამაშებს, ანაც ჰოლგერ ბადშტუბერი. შესაბამისად, ბრენო ცენტრალურ მცველებს შორის უკვე მეოთხე ნომერია. ჩვენი გერმანელი კოლეგები ირწმუნებიან, „ბაიერნის“ ხელმძღვანელებს მოთმინების ფიალა აევსოთ და ვეღარ დაელოდებიან, როდის გამოავლენს ბრენო თავის ნიჭსო. არადა, ჰიონესმა ბრაზილიელი მცველი ერთ დროს ასე დაახასიათა: „ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მცველს ვყიდულობთ!“

მოკლედ, დიდი შანსია, რომ ბრენო მიუნხენიდან აიბარგოს. „ბილდის“ ცნობით, მისი ყიდვა „ინტერნასიონალ პორტო ალეგრეს“ უნდა. ამბობენ, მისით „სან პაულო“ და „ფლამენგოც“ არიან დაინტერესებულებიო, მაგრამ ბრენო „პორტო ალეგრეს“ ანიჭებს უპირატესობას.

ბრაზილიელს „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2012 წელს უმთავრდება და თუ მასში ფული არ გადაიხადეს, გაისად მიუნხენს უფასოდ დატოვებს. ბავარიელებს ბრენოში თავის დროზე 11 მილიონი ევრო აქვთ გადახდილი და როგორც ხედავთ, ეს წყალში გადაყრილი ფულია, რადგან ბრენო რეკორდმაისტერს ფეხბურთელად არაფერში გამოადგა, ახლა კი, გუნდს ან უფასოდ დატოვებს, ანაც... ახლა მასში 11 მილიონს კი არა, 4-საც არ გადაიხდიან...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული