დორტმუნდის „ბორუსიას“ მცველი მატს ჰუმელსი ახალი სეზონის დაწყებას მოუთმენლად ელის და სერიოზული მიზნები აქვს. 22 წლის ცენტრალურმა მცველმა მიზნად მინიმუმ 10 გოლის გატანა დაისახა, რაც ამ პოზიციის წარმომადგენლისთვის დიდი სენსაცია იქნება. „ყველა კუთხურისა თუ ჯარიმის დროს მეტოქის საჯარიმოში ვიქნები და შევეცდები, გოლი გავიტანო. ყველა მიზანთან ერთად, ჩემი სურვილი ისიცაა, რომ მომავალ სეზონში მინიმუმ 10 გოლი გავიტანო და მინდა ვთქვა, რომ ეს რეალურია,“ - აცხადებს ჰუმელსი „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში და იქვე დასძენს, რომ ამ თემაზე მეგობრებს უკვე დაენიძლავა.
შეგახსენებთ, რომ გასულ
სეზონში ჰუმელსმა 6 გოლის გატანა შეძლო, რაც მცველისთვის ასევე ძალიან კარგი შედეგია. გარდა ამისა, გერმანიის ნაკრებში გაშინაურებულმა უკანახაზელმა ისიც თქვა, რომ „ბორუსიასთვის“ ბუნდესლიგის ნომერ პირველი ფავორიტის სტატუსის მინიჭება არასწორია, რადგან ეს სტატუსი „ბაიერნს“ ეკუთვნის. „თუ მიუნხენელები შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოამჟღავნებენ, მათი შეჩერება ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ არა მგონია, რომ ასე კარგად ითამაშონ,“ - ამბობს ჰუმელსი.
ამასობაში, დორტმუნდელთა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გადაწყვიტა, რომ გერმანიის მოქმედი ჩემპიონის კაპიტანი მომავალ სეზონშიც გამოცდილი საყრდენი ნახევარმცველი სებასტიან კელი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ 30 წლის ფეხბურთელი ხშირადაა ტრავმირებული და გასულ სეზონში მხოლოდ 6 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რის გამოც მისთვის კაპიტნის სამკლავურის ჩამორთმევა აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება იქნებოდა, კლოპმა ასეთი ნაბიჯი არ გადადგა.
ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ კლოპი კაპიტნად მეკარე რომან ვაიდენფელერს დანიშნავდა (მაისის ბოლოს გერმანიის ჩემპიონთათვის განკუთვნილი „ვერცხლის სინი“ ხომ სწორედ ამ უკანასკნელმა ჩაიბარა, რადგან კელი მაშინაც ტრავმირებული იყო). ვაიდენფელერი „დორტმუნდის“ მეორე კაპიტნად რჩება, მესამე კაპიტანი კი ჰუმელსია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"