ეფე: დიდი მწვრთნელი უნდა გავხდე!

AutoSharing Option
42 წლის შტეფან ეფენბერგი მიონხენგლადბახის „ბორუსიაში“ რევოლუციის მცდელობის ჩავარდნის შემდეგ სამწვრთნელო კურსებზე დადის და ლიცენზიის აღებას აპირებს.

მწვრთნელის განათლებას ეფენბერგი ყოფილ თანაკლუბელ მეჰმეთ შოლთან ერთად ეუფლება - ეს უკანასკნელი ახლა 40 წლისაა და ეფესთან ერთად, 2001 წელს „ბაიერნში“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სხვათა შორის, შტეფანისგან განსხვავებით, შოლს გარკვეული სამწვრთნელო გამოცდილება უკვე აქვს - შარშან „ბაიერნის“ მეორე გუნდის თავკაცი გახლდათ, თუმცა წარმატებებს ვერ მიაღწია.

გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში ეფე ამბობს, მინდა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი გავხდეო. „მთავარია, უმაღლეს ლიგაში
ვიმუშავო და მნიშვნელობა არა აქვს, გერმანიაში დავსაქმდები, იტალიაში, თუ ინგლისში. დარწმუნებული ვარ, რომ სამწვრთნელო საქმეში ძალიან წარმატებული ვიქნები,“ - ამბობს შტეფანი.

სხვათა შორის, თავის დროზე სწორედ ასე ლაპარაკობდა ეფენბერგის კოლეგა ლოთარ მათეუსიც, რომელიც შტეფანზე რვა წლით უფროსია. ამ უკანასკნელმა სამწვრთნელო ლიცენზია ათი წლის წინ აიღო და ზუსტად ათი წელია, მწვრთნელის რანგში მოღვაწეობს, თუმცა წარმატებას ვერსად მიაღწია. კითხვაზე, ხომ არ ეშინია, რომ მათეუსის ბედს გაიზიარებს, „ბაიერნის“ გულშემატკივრების უსაყვარლესი ექს-ფეხბურთელი პასუხობს, ეს გამორიცხულიაო.

ეფენბერგთან და შოლთან ერთად, სამწვრთნელო კურსებს კიდევ ოთხი წარსულში ცნობილი გერმანელი ფეხბურთელი გადის - ესენი არიან თომას შტრუნცი, იორგ ჰაინრიხი, კრისტიან ვიორნსი და იორგ ბიომე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული