ბერლინის „ჰერტას“ 29 წლის მცველი მაიკ ფრანცი ბედნიერია, რომ ფრანკფურტის „აინტრახტიდან“ გერმანიის დედაქალაქის კლუბში გადავიდა - ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალ სეზონში მეორე ბუნდესლიგაში არ მოუწევს თამაში.
ბერლინში თავს ძალიან კარგად ვგრძნობო, ამბობს ბუნდესლიგის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ფეხბურთელი და ახალი სეზონის დაწყებას მოუთმენლად ელოდება, მაგრამ ერთი პრობლემაც აქვს, რომელიც ძალიან აწუხებს. მაიკი ამბობს, დაცვის ხაზში ჩემს თანაგუნდელებს ვერაფერს ვუგებო. რა პრობლემა აქვს ფრანცს და რატომ ვერ გაუგო ვერაფერი უკანახაზელ თანაგუნდელებს, რომელთა შორი ჩვენებური ლევან კობიაშვილიცაა?
„რომან ჰუბნიკი, ანდრე მიატოვიჩი და
ლევან კობიაშვილი ერთმანეთში ყოველთვის რუსულად ლაპარაკობენ, მე კი რუსული არ ვიცი და ვერაფერს ვიგებ ხოლმე. იგივე ეხება ნიკიტა რუკავიტსიასაც - ისინი მასაც რუსულად ელაპარაკებიან. მე რუსულად მხოლოდ ორი სიტყვა ვიცი და ასე თანაგუნდელებს ვერაფერს გავუგებ. გამოსავალი ორია: ან მე უნდა ვისწავლო რუსული, ანაც ყველამ გერმანულად უნდა ილაპარაკოს. ჰო, ფრანგულიც ვიცი. კობიაშვილი წლებია, გერმანიაში თამაშობს და გერმანულად შესანიშნავად ლაპარაკობს, რასაც ვერ ვიტყვი მიატოვიჩზე, ჰუბნიკზე ან რუკავიტსიაზე. შესაბამისად, კობი იძულებული ხდება ხოლმე, რომ მათაც რუსულად ელაპარაკოს,“ - აცხადებს ფრანცი „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
კობიმ რუსული რომ იცის, ეს ლოგიკურია. რაც შეეხებათ სხვებს: 27 წლის ცენტრალური მცველი ჰუბნიკი ჩეხია და რუსული ამიტომაც ესმის, 31 წლის მიატოვიჩი ხორვატია, რუკავიტსია კი უკრაინაშია დაბადებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"