რანგნიკი რაულს აწვალებს

AutoSharing Option
ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი შეკრება „შალკემაც“ დაასრულა - ავსტრიაში ცხრადღიანი მზადების შემდეგ, გელზენკირხენელები შინ დაბრუნდნენ.

ჩვენი გერმანელი კოლეგები რალფ რანგნიკის გუნდში შექმნილ ვითარებას აანალიზებენ და ასკვნიან, რომ „პროფესორ რალფს“ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს. არადა, შაბათს „შალკე“ გერმანიის სუპერთასზე დორტმუნდის „ბორუსიას“ ხდვება და ალბათ ხვდებით, რაოდენ მნიშვნელოვანია ეს მატჩი „ხუმარებისთვის“.

„შალკეს“ მენეჯერ ჰორსტ ჰელდტის მთავარი ამოცანა ახლა პირველ რიგში ახალი თავდამსხმელის ყიდვაა. 41 წლის მენეჯერმა დაადასტურა, რომ „შტუტგარტის“ ყოფილ თავდამსხმელს, 25 წლის რუმინელ ფორვარდ ჩიპრიან მარიკას დაადგა თვალი. მანამდე, „შალკეში“ გადასვლა
„ბრესტის“ ახალგაზრდა თავდამსხმელმა ნოლან რუმ იუარა. ერთი სიტყვით, სანამ ჰელდტი მარიკას ან სხვა რომელიმე ფორვარდს დაითანხმებს, რანგნიკს წინა ხაზში პრობლემა აქვს.

27 წლის ჰოლანდიელი ფორვარდი კლაას-იან ჰუნტელაარი და 29 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი ედუ ძალიან ცუდ ფორმაში არიან, რაც თითქმის ყველა ტესტ-მატჩში გამოჩნდა. 21 წლის მარიო გავრანოვიჩი კი ჯერ არ არის იმ დონის ფორვარდი, რომ რანგნიკი მას ძირითად შემადგენლობაში თამაშის დონეზე ენდოს. თანაც, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შემდეგ გავრანოვიჩიც ცუდ ფორმაშია.

მას მერე, რაც რანგნიკმა გადაწყვიტა, რომ 34 წლის ესპანელი თავდამსხმელი რაული არა ცენტრფორვარდის, არამედ გამთამაშებლის პოზიციაზე გაამწესოს, გასულ სეზონში 19 გოლის გამტან ესპანელ გოლეადორს ხასიათი წაუხდა. თანაც, ვეტერან რაულს საკმაოდ სერიოზული კონკურენტები ჰყავს - მას სასტარტო შემადგენლობაში ადგილს პირველ რიგში ახალგაზრდა და უსწრაფესი ფლეიმეიქერები, 20 წლის ლუის ჰოლტბი და 17 წლის იულიან დრაქსლერი ეცილებიან. თუმცა „პროფესორ რალფს“ სეზონის მაღალ დონეზე ჩატარება არც ამ ფეხბურთელებისგან აქვს გარანტირებული. იგივე ითქმის 19 წლის საყრდენ ნახევარმცველ ჯოელ მატიპზე და შარშან 13 მილიონ ევროდ შეძენილ ესპანელ შემტევ ნახევარმცველ ხოსე მანუელ ხურადოზეც. ამ უკანასკნელმა გასულ სეზონში იმედები აშკარად ვერ გაამართლა.

შედარებით უკეთესო მდგომარეობაა დაცვაში, სადაც „მაინციდან“ გადმობირებული 25 წლის მარცხენა მცველი კრისტიან ფუხსი ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს იმას ნიშნავს, რომ რანგნიკს დაცვის მარცხენა ფრთაზე პრობლემები არ აქვს. სანამ კრისტოფ მეტცელდერი ტრავმირებულია, „პროფესორი რალფი“ დაცვის ცენტრში მის ადგილზე 19 წლის კირიაკოს პაპადოპულოსს ათამაშებდა და ამ უკანასკნელმა მასზე დაკისრებულ ამოცანას თავი შესანიშნავად გაართვა.

სამაგიეროდ, სერიოზული პრობლემა და დიდი კითხვის ნიშანია მეკარის პოზიციაზე. ამ ეტაპზე გადაწყვეტილია, რომ „ბაიერნში“ გადასულ მანუელ ნოიერს 22 წლის რალფ ფერმანი შეცვლის, მაგრამ არავინ იცის, როგორ სეზონს ჩაატარებს მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებული „აინტრახტიდან“ გადმოყვანილი მეკარე გელზენკირხენში.

ერთი სიტყვით, „შალკეში“ ახლა უფრო მეტი კითხვაა, ვიდრე პასუხი. რანგნიკი არ უარყოფს, რომ ბევრ პოზიციაზე გაურკვევლობა აქვს და ამიტომაც ამბობს, ჩემი ნება რომ იყოს, შაბათს, სუპერთასის მატჩში სამზე მეტ ცვლილებას დავაწესებდიო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული