ეს თასი ვის სჭირდება? მთავარი პრესტიჟია!

AutoSharing Option
ჯერ სუპერთასი რა ოხრობაა და მით უმეტეს არაოფიციალურიო - გერმანიაში თასის მფლობელისა და ჩემპიონის დაპირისპირებას დასცინიან. მაგრამ ასეა თუ ისე, უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს გერმანიაში სეზონის პირველი ტიტული გათამაშდება.

თუმცა მატჩის მონაწილეები დღევანდელ დაპირისპირებას ძალიან სერიოზულად უყურებენ - არა იმიტომ, რომ სუპერთასის მოგებაზე ოცნებობენ, არამედ იმის გამო, რომ სასწორზე პრესტიჟი დევს. არ შეიძლება, გამორიცხულია, რომ „შალკესა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ მატჩს სიმძაფრე აკლდეს. ისინი ხომ მოსისხლე მტრები არიან და ერთმანეთთან ყოველთვის ანგარიში აქვთ გასასწორებელი.

„ჯერ ერთი, სუპერთასს ძალიან ბევრი ფული მოაქვს.
მეორე: ვეთამაშებით „შალკეს“ და ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია. და მესამეც: რაც არ უნდა იყოს, ერთმანეთს გერმანიის ჩემპიონი და თასის მფლობელი ხვდებიან. შესაბამისად, ყველას, ვინც ხელოვნურად ცდილობს ამ შეხვედრის მნიშვნელობის დაწევას, შემიძლია ვთქვა, რომ ბუნდესლიგა და ზოგადად ფეხბურთი არ ესმის, - ეს დორტმუნდელთა გენერალური მენეჯერის, ჰანს-იოახიმ ვატცკეს სიტყვებია, რომელიც იქვე დასძენს, - ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ თამაშის მოსაგებად.“

რურის დიდი დერბი ემოციურად ყოველთვის გადატვირთულია ხოლმე, ამ შემთხვევაში კი, მუხტი „შალკეს“ უფრო აქვს, რასაც გუნდის მთავარი მწვრთნელი რალფ რანგნიკიც ადასტურებს - „დორტმუნდის“ დამარცხების სურვილი გერმანიის სუპერთასის მოგების სურვილზე გაცილებით დიდი და მნიშვნელოვანი რამ არისო.

ესეც რომ არ იყოს, გასულ სეზონში „შალკე“ ჩემპიონ „დორტმუნდს“ 13 ადგილით ჩამორჩა, რაც გელზენკირხენული კლუბისთვის, მოსისხლე მტერ „ბორუსიასთან“ ბრძოლაში ისტორიული მარცხია. ამდენი ადგილით შალკელები დორტმუნდელებს ბუნდესლიგის ისტორიაში მანამდე მხოლოდ ერთხელ, 1965 წელს ჩამორჩნენ.

„პროფესორმა რალფმა“ კარგად იცის, რა მოეთხოვება. მისი ამოცანა ზედმეტად ძვირი და უმაქნისი „ვარსკვლავების“ თავიდან მოშორება და „ბორუსიას“ ახალგაზრდული სტილის კოპირებაა. რაც ყველაზე მთავარია, რანგნიკს მთელი გელზენკირხენი დერბის მოგებას ავალდებულებს. და მერე რა, რომ დღეს საქმე არც ქულებს ეხება და სუპერთასიც არ არის ისეთი ტიტული, რომლისთვისაც თავის მოკვლა ღირს - რანგნიკი ამბობს, „დორტმუნდთან“ ბრძოლაში სასწორზე ჩვენი პრესტიჟი დაიდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ თამაშის მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთო.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვერც რანგნიკი და ვერც „ბორუსიას“ თავკაცი იურგენ კლოპი ვერ მისცემენ თავს იმის უფლებას, რომ დღევანდელ დერბიში ექსპერიმენტებს მიმართონ.

„60 000 მაყურებელი სტადიონზე იქნება, მის მიღმა კი მილიონობით ფანმა უნდა გვიყუროს. მართალია, სეზონის ბოლოს იმის თქმა, რომ გუნდმა თავისი საუკეთესო მატჩი სუპერთასზე აჩვენა, სასაცილო და არაფრისმთქმელია, მაგრამ რაკი ამ შემთხვევაში ჩვენი მეტოქე „შალკეა“, ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა მოვიგოთ,“ - ეს კლოპის სიტყვებია.

დორტმუნდში ტრავმიანობაა
კლოპს საკადრო პრობლემები თავზესაყრელად აქვს და გარკვეულწილად ექსპერიმენტირება მაინც მოუწევს. იურგენი მიიჩნევს, რომ ზოგადად მისი გუნდი ახლა უფრო კარგადაა დაკომპლექტებული, ვიდრე შარშან იყო - მიუხედავად იმისა, რომ „ბორუსია“ ნური შაჰინმა დატოვა - მაგრამ ხუთი წამყვანი ფეხბურთელის არყოფნა მაინც სერიოზული დანაკლისია.

მარცხენა მცველი მარსელ შმელცერი 99 პროცენტით ვერ ითამაშებს. კითხვის ნიშნის ქვეშაა სვენ ბენდერის, მარიო გიოტცეს და კევინ გროსკროიტცის ასპარეზობაც. დიდი შანსია, რომ მოედანზე გასვლა ვერც ნევენ სუბოტიჩმა შეძლოს - ამ უკანასკნელმა „ლიგა ტოტალის“ თასზე, „ჰამბურგთან“ მოგებულ ფინალში ტვინის შერყევა მიიღო.

„შალკესთვის“ დამატებითი მოტივაცია იქნება ფულიც - შემოსავლის 50 პროცენტს გამარჯვებული მიიღეს, დამარცხებულს კი 40 პროცენტი დარჩება. დანარჩენი ათი პროცენტი ორგანიზატორებისაა. ზუსტად არავინ იცის, რამდენია გერმანიის სუპერთასის შემოსავალი, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ შეხვედრას 60 000 მაყურებელი დაესწრება და თანაც მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი 175 ქვეყანაში გადაიცემა.

სავარაუდო შემადგენლობები
შალკე (4-1-3-2): ფერმანი - უჩიდა, პაპადოპულოსი, ჰიოვედესი, ფუხსი - მატიპი (ან კლუგე) - ბაუმიოჰანი, ჰოლტბი, დრაქსლერი - ჰუნტელაარი, რაული.
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, ფელიპე სანტანა, ჰუმელსი, ლიოვე - კელი, გიუნდოგანი - გიოტცე (ან ლაიტნერი), კაგავა, პერიშიჩი - ლევანდოვსკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული