"შალკეს" ახალი ნოიერი ჰყავს!

AutoSharing Option
ბორუსია (დ)-შალკე 0:0 (პ.ს. 3:4)
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, ფელიპე სანტანა, ჰუმელსი, ლიოვე (77. ლაიტნერი) - გიუნდოგანი, კელი (75. ს. ბენდერი) - გიოტცე (75. პერიშიჩი), კაგავა, გროსკროიტცი - ლევანდოვსკი.
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - ჰიოგერი, ჰიოვედესი, პაპადოპულოსი, ფუხსი - მატიპი, ჰოლტბი - ბაუმიოჰანი (89. ედუ), რაული, დრაქსლერი (46. ხურადო) - ჰუნტელაარი (69. მორავეკი).
პენალტების სერია: 1:0 გიუნდოგანი, 1:1 ჰოლტბი, 2:1 ჰუმელსი, 2:2 ედუ, 2:2 გროსკროიტცი (მეკარე), 2:3 ჰიოვედესი, 3:3 ლაიტნერი, 3:4 ხურადო, 3:4 პერიშიჩი (მეკარე).
გაფრთხილება: გროსკროიტცი - ბაუმიოჰანი
მაყურებელი:
61 673

რა სამწუხაროა, რომ გერმანიის ჩემპიონატის დაწყებას კიდევ 11 დღე უნდა ველოდოთ! სუპერთასზე მოსისხლე მტრების, „შალკესა“ და „დორტმუნდის“ დაპირისპირებამ ბუნდესლიგის ბატალიების ცქერა ისე მოგვანდომა, რომ კიდევ 11 დღის მოთმენა ძალიან გაჭირდება.

შაბათს, გერმანიის სუპერთასის ეგიდით გამართულ რურის დიდ დერბიში თითქმის ყველაფერი შესანიშნავი იყო - საუცხოო განწყობა, დაუნდობელი ორთაბრძოლები, ინტრიგა და დრამატიზმიც. ერთი ეგაა, რომ გოლები მხოლოდ პენალტების სერიაში გავიდა.

საფეხბურთო ლატარეა გელზენკირხენელებმა 4:3 მოიგეს. ეს იმიტომ, რომ „შალკეს“ ახალმა მეკარემ, 22 წლის რალფ ფერმანმა ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია - აუღო დღენიადაგ „შალკეს“ მაგინებელ კევინ გროსკროიტცს და გერმანიის ჩემპიონის ძვირადღირებულ ახალწვეულ ივან პერიშიჩს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მტერზე გამარჯვება მხოლოდ ფერმანის დამსახურებაა, რისთვისაც მას „შალკეს“ ფანებმა უკვე მიანიჭეს გმირის წოდება.

„მე მგონი, შალკელობა კარგად დავიწყე. მიხარია, რომ გულშემატკივრები ჩემს გვარს სკანდირებდნენ. ნოიერის წასვლით „შალკეში“ უდიდესი ხვრელი გაჩნდა, მანუელი ხომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. ჩემი მოვალეობა ისაა, რომ ეს სიცარიელე ნელ-ნელა ამოვავსო. ვფიქრობ, დასაწყისისთვის ყველაფერი კარგადაა“, - თქვა მოგვიანებით მატჩის გმირმა, რომელსაც, ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა უკვე გაბედეს და „ახალი ნოიერი“ უწოდეს.

პერიშიჩი არ ვარგა
გერმანიის თასის მფლობელი გერმანიის ჩემპიონის წინააღმდეგ და თანაც „შალკე“-„დორტმუნდი“ - ამაზე დიდი ინტრიგა წარმოუდგენელია! რაკი სუპერთასი გერმანიის საფეხბურთო ლიგის მიერ ორგანიზებული გათამაშებაა, წესით, მატჩის წინ სტადიონზე ორივე კლუბის ჰიმნი უნდა დაეკრათ, მაგრამ ბოლო წუთს ორგანიზატორებმა ჰიმნების დაკვრაზე უარი თქვეს, რადგან შეხვედრა „შალკეს“ „ფელტინს არენაზე“ იმართებოდა და „ბორუსიას“ ჰიმნით „Heja BVB“ გელზენკირხენული პუბლიკის პროვოცირებას თავი აარიდეს.

დორტმუნდელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა 5.5 მილიონად შეძენილი პერიშიჩი თავიდან სათადარიგოთა სკამზე დატოვა და მოედანზე მხოლოდ მეორე ტაიმშიღა შეუძღვა (მარიო გიოტცეს ნაცვლად), მაგრამ აუცილებლად ინანებდა - ბოლო პენალტი ხომ სწორედ ხორვატმა გააფუჭა. ზოგადად კი, დორტმუნდელები პერიშიჩის გარეშე უფრო უკეთ თამაშობდნენ, ვიდრე მეორე ტაიმში მასთან ერთად. ჩემპიონებს უკვე მე-6 წუთზე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, როცა კუთხურს სებასტიან კელი გამოეხმაურა და ხუთი მეტრიდან თავური დარტყმით შეეძლო გატანა, მაგრამ ბურთი ძელს მოარტყა.

თუ გახსოვთ, გასულ სეზონში „შალკემ“ „დორტმუნდთან“ საკუთარ მოედანზე 1:3 წააგო და იმ მატჩში გელზენკირხენელები ძალიან ცუდად გამოიყურებოდნენ. უნდა ითქვას, რომ „შალკემ“ ამჯერად გაცილებით უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა. თავად განსაჯეთ: „ხუმარებს“ გოლის გატანა არაერთხელ შეეძლოთ. მარტო ცენტრალურ მცველ ბენედიქტ ჰიოვედესს ორჯერ მართებდა რომან ვაიდენფელერის დამწუხრება - მე-10 და მე-16 წუთებზე თავით კარს ოდნავ ააცილა. აღსანიშნავია ისიც, რომ „შალკეს“ დამრიგებელმა რალფ რანგნიკმა სასტარტოში სამი ახალწვეული, „მაინციდან“ დაბრუნებული ლუის ჰოლტბი, ამავე კლუბიდან ნაყიდი კრისტიან ფუხსი და აახენიდან გადმოყვანილი მარკო ჰიოგერი ათამაშა.

„აინტრახტიდან“ ნოიერის შემცვლელის რანგში ნაყიდ ფერმანს კი მარტო პენალტების სერიაში არ უვაჟკაცია - 23-ე წუთზე გროსკროიტცის თავური დარტყმა მოიგერია, 27-ეზე კი ილქაი გიუნდოგანსაც არ გაატანინა. საუკეთესო სეივი კი ახალგაზრდა კიპერმა 43-ე წუთზე გააკეთა, როცა „ბორუსიას“ თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის აუღო. ამაზე უკეთეს სეივებს ნოიერიც არ აკეთებს ხოლმე!

კაგავა უკვე კარგ ფორმაშია
ზოგადად, „დორტმუნდი“ „შალკეს“ თამაშით ჯობდა. ეს განსაკუთრებით შინჯი კაგავას დამსახურებაა, რომელიც 7-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და უკვე ძალიან კარგ ფორმაშია. დორტმუნდელებმა პირველი ტაიმი რომ ვერ მოიგეს, ეს მთლიანად ფერმანის დამსახურებაა.

რაული მოედანზე საერთოდ არ ჩანდა, რასაც ჩვენი გერმანელი კოლეგები რანგნიკს აბრალებენ - თავდასხმიდან ნახევარდაცვაში რომ გადასწია, იმიტომ. ვეტერანი ესპანელი გამთამაშებლის პოზიციაზე აშკარად ვერ გრძნობს თავს კარგად. ფერმანმა კი მეორე ტაიმშიც განაგრძო სეივების კეთება - მაგალითად, მე-60 წუთზე გიოტცეს აუღო. შალკელთაგან კი, „კაიზერსლაუტერნიდან“ დაბრუნებულ იან მორავეკს შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ ამჯერად „ბორუსიას“ მეკარე ვაიდენფელერმა იყოჩაღა.

პენალტების სერიის შემდეგ დორტმუნდელები გაბრაზებულები იყვნენ. გიუნდოგანმა თქვა, დღეს „შალკეს“ გამარჯვება არ დაუმსახურებიაო. „ბორუსიას“ თავკაცმა იურგენ კლოპმა კი პერიშიჩი და გროსკროიტცი, რომლებმაც პენალტები ვერ გაიტანეს, არ გააკრიტიკა და მანაც „შალკეს“ გაჰკრა კბილი - მერჩივნა ეს მატჩი კარგად გვეთამაშა და წაგვეგო, როგორც მოხდა, ვიდრე ცუდად გვეთამაშა და მოგვეგოო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული