"ბაიერნი" - დაცვა, დაცვა, გამოდი!

AutoSharing Option
მიუნხენის „ბაიერნმა“ სატრანსფერო აქტივობები ოფიციალურად დაასრულა - რეკორდმაისტერმა ახალ ფეხბურთელებში 44 მილიონი დახარჯა და შანსი იმისა, რომ ბავარიელებმა კიდევ ვინმე შეიძინონ, ძალიან მცირეა.

ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ „ბაიერნის“ ახალმა თავკაცმა, იუპ ჰაინკესმა სწორედ არსებული შემადგენლობით უნდა მოახერხოს იმდენი, რომ გუნდმა თავი გაცილებით უკეთესად დაიცვას, ვიდრე ლუის ვან გაალის დროს იცავდა. მაინცში ჩატარებულ ამხანაგურ ტურნირზე, „ლიგა ტოტალის“ თასზე გამოჩნდა, რომ რაფინიასა და ჟერომ ბოატენგის ყიდვა ამისათვის საკმარისი არ ყოფილა - ყოველ შემთხვევაში არცერთი არ არის საუკეთესო ფორმაში. გუშინ კი,
მიუნხენში მორიგმა ამხანაგურმა ტურნირმა, "აუდის თასმა" აიღო სტარტი, რაც „ბაიერნისთვის“ ახალი სეზონის ბოლო რეპეტიციაა.

თუკი „ლიგა ტოტალის“ თასზე „ჰამბურგთან“ მარცხი მეტწილად მანუელ ნოიერის შეცდომას დაბრალდა, „მაინცთან“ შეხვედრაში გაშვებული ორივე გოლი მცველების სინდისზე იყო. ეს განსაკუთრებით მაინცელთა მეორე გოლზე ითქმის: „ბაიერნი“ 2:1-ს იგებდა, უკანა ხაზი შეცდა და კარნავალელებმა წონასწორობა აღადგინეს. რეჟისორებმა სწორედ ამ მომენტში გვიჩვენეს ჰაინკესი, რომელიც მაინცელი ფეხბურთელების ზეიმს ნირწამხდარი უყურებდა. ლოგიკურია, რომ ორ მატჩში ოთხი გოლის გაშვებას მიუნხენში განგაშის ატეხა მოჰყვა.

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც „დონ იუპს“ მატჩის შემდეგ სიმშვიდე შერჩა, ის იყო, რომ „ლიგა ტოტალის“ თასი მხოლოდ და მხოლოდ ამხანაგური ტურნირი, სეზონისთვის მოსამზადებელი პერიოდის ნაწილი გახლდათ. „ბაიერნის“ ფანები კი სხვადასხვა ფორუმებზე მოთქვამდნენ, ჯერჯერობით გასული სეზონის შემდეგ არაფერი შეცვლილაო.

ჰაინკესი: დრო ჯერ კიდევ გვაქვს
„მაინცთან“ მატჩი რეკორდმაისტერმა მაინც მოიგო (პენალტების სერიაში) და საფინალო სასტვენის შემდეგ ჰაინკესმა ძალით მიიღო მშვიდი სახე და თქვა - ეს ჯერ კიდევ მოსამზადებელი პერიოდია, დრო ჯერ კიდევ გვაქვსო.

იმ დღეს სეზონის დაწყებამდე 18 დღე იყო დარჩენილი, რაც ლოგიკურად საკმაირისი დროა იმისათვის, რომ „ბაიერნს“ დაცვაში თამაში გაეუმჯობესებინა. „აუდის“ თასი კი უფრო სერიოზული ტურნირი და შესაბამისად, უფრო სერიოზული გამოცდაა, რომელსაც „დონ იუპი“ და მისი შეგირდები, განსაკუთრებით კი მცველები გუშინდელი დღის შემდეგ აბარებენ.

ჰაინკესი არტურო ვიდალის ყიდვაზე ოცნებობდა და ამბობდა, ჩილელი ნახევარდაცვის ცენტრს ბასტიან შვაინშტაიგერთან ერთად იდეალურად გამიმაგრებს, მაგარი ცენტრი კი დაცვის ხაზის სტაბილურობის გარანტიააო. მაგრამ როგორც იცით, ვიდალმა „ბაიერნს“ ზურგი აქცია და ტურინის „იუვენტუსს“ მიაშურა. და ახლა მიუნხენური გრანდის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა და ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ რამდენიც არ უნდა იძახონ, ეგ ვიდალი არაკაცი ყოფილა და არაკაცები „ბაიერნში“ არ გვჭირდებაო, ფაქტია, რომ „ზებენერშტრასეზე“ ასეთი ფეხბურთელის მიყვანა აუცილებელი იყო და დღემდე აუცილებელია, რადგან მარკ ვან ბომელის წასვლის შემდეგ, შვაინშტაიგერის გვერდით ადგილი ჯერ კიდევ ვაკანტურია - ვერც ანატოლი ტიმოშჩუკი და ვერც „ჰოფენჰაიმიდან“ დიდი ზარ-ზეიმით ნაყიდი ლუის გუსტავო ვან ბომელის წასვლით შექმნილ სიცარიელეს ვერ ავსებენ. თუმცა რუმენიგე იხტიბარს არ იტეხს - ნახევარდაცვის ცენტრისთვის არაერთი მოთამაშე გვყავს, ტრანსფერები კი უკვე დავასრულეთ, მეტს აღარავის ვიყიდითო.

მაგრამ იქნება კი საკმარისი „ბაიერნის“ აქტუალური შემადგენლობა იმისათვის, რომ ჰაინკესმა დაცვა დაასტაბილუროს? ზოგადად, ვან გაალის პერიოდის შემდეგ, მიუნხენი მაღალი ანგარიშებითაც გამარჯვებასაც მიეჩვია - ჰოლანდიელი რეკორდმაისტერს ხომ ძალიან შემტევ ფეხბურთს ათამაშებდა. ამიტომაც თქვა იუპმა რამდენიმე დღის წინ „ზუდდოიჩე ცაითუნგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში:

„ცხადია, მეც მინდა, რომ ყოველთვის დიდი ანგარიშით ვიგებდეთ და ულამაზეს ფეხბურთს ვთამაშობდეთ, მაგრამ 1:0 და 2:1-იც ძალიან კარგი, რაც მთავარია, სამი ქულის მომტანი გამარჯვებებია. ჩვენ ასეთი ანგარიშები ისევ უნდა დავაფასოთ, რადგან რაში გვჭირდება ზედიზედ ორი 4:0, თუ მერე ზედიზეს ორ თამაშს ვერ მოვიგებთ? პირველ რიგში, დაცვის ხაზი უნდა თამაშობდეს კარგად. ნებისმიერი ტაქტიკა და სტრატეგია დაცვიდან იწყება.“

ჰაინკესი ბოლო დროს ხშირად ციტირებს ცნობილ გამოთქმა იმის შესახებ, რომ შეტევა იგებს თამაშებს, დაცვა ჩემპიონატებს. მართალია, ამხანაგურ ტურნირზე 120 წუთში 4 გოლის გაშვება სავსებით სამართლიანად არ შეფასდა სრულ კატასტროფად, მაგრამ იმ ტურნირმა კარგად გამოაჩინა ბავარიელთა ყველაზე ზუსტი ადგილი და შესაბამისად, ჰაინკესს გაუჩინა საქმე - იუპმა დაცვას უფრო დიდი გულისყურით უნდა მიხედოს.

„ეს დროული გაფრთხილება იყო. დაცვის ხაზი ჯერ კიდევ დასალაგებელია,“ - განაცხადა „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ნერლინგერმა „მაინცთან“ და „ჰამბურგთან“ თამაშების შემდეგ.

ვან ბუიტენი, ბადშტუბერი, ბოატენგი - ერთ-ერთი ზედმეტია
დღესდღეობით „ბაიერნში“ მხოლოდ ორ პოზიციაზეა გაურკვევლობა: დაცვისა და ნახევარდაცვის ცენტრებში. ჩვენი გერმანელი კოლეგები არ გამორიცხავენ, რომ იუპი თავიდან ისევ დანიელ ვან ბუიტენისა და ჰოლგერ ბადშტუბერის დუეტს ენდოს, ახალწვეული ჟერომ ბოატენგი კი იქაურობას ნელ-ნელა, სათადარიგოთა სკამიდან შეაჩვიოს. თუმცა მიუნხენურ კლუბში ახალი, ძვირადღირებული ფეხბურთელების სათადარიგოთა სკამზე დასმა არ სჩვევიათ. მოსამზადებელ შეკრებაზე ვან ბუიტენმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და სხვათა შორის, ცუდად არც ბადშტუბერი გამოიყუებოდა. თუმცა მიუნხენელებმა მაინც იყიდეს ბოატენგი და ახლა „ბაიერნის“ დაცვის ცენტრში სერიოზულ კონკურენციაა.

რაც შეეხება ნახევარდაცვას: იქ ყველაფერი მარტივადაა. 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში, ხუთი ნახევარმცველიდან, ოთხის ვინაობას წყალი არ გაუვა: მარჯვნივ არიენ რობენი, ცენტრში, შემტევად თომას მიულერი, მარცხნივ ფრანკ რიბერი, ორი საყრდენიდან ერთ-ერთი კი აუცილებლად შვაინშტაიგერი უნდა იყოს. ვინ იქნება მეორე? რეალური კანდიდატი სულ ორია: ტიმოშჩუკი ან ლუის გუსტავო. არის დავიდ ალაბას ვარიანტიც, მაგრამ ის ძალიან ახალგაზრდაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული