"პირადად მე და ჩემი კოლეგები დიდხანს ვეღარ მოვითმენთ იმას, რომ ფეხბურთს მართავენ ადამიანები, რომლებიც სერიოზულად და სუფთად არ მუშაობენ,
"ბაიერნის" ბოსის აზრით, ერთდროულად ამდენი კორუფციული სკანდალი უკვე ნამეტანია, რომლის მოთმენაც ფეხბურთის წინაშე დიდი დანაშაული იქნება. კალე მიიჩნევს, რომ მოვიდა დრო, ფიფას კორუმპირებული ჩინოვნიკების წინააღმდეგ მთელმა საფეხბურთო სამყარომ აიმაღლოს ხმა, თუმცა კარლ-ჰაინცი იმასაც ამბობს, დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიბინძურისთვის ბოლოს მოღება ყველას არ ენდომება, რადგან რეაქცია ჯაჭვურია და კორუფციულ სკანდალში ძალიან ბევრი ვინმეა გარეულიო.
"როცა ხედავ, რომ რაღაც ვერ არის წესრიგში და რაღაც ბინძურად კეთდება, შენი ვალია, ჩაერიო და სიტუაცია უკეთესობისკენ შეცვალო. ფიფაში და ფიფას გარშემო გაბატონებული კორუფციით მარტო მიუნხენის "ბაიერნი", გერმანული ფეხბურთი, ჩვენი ქომაგები და სხვა სუფთა საფეხბურთო სტრუქტურები კი არ ზარალდებიან, არამედ ისინიც, ვინც უშუალოდ დამნაშავეა, რადგან ჭაობი მუდმივად ღრმავდება. ასე რომ, სასწრაფოდ რამე თუ არ შევცვალეთ, ძალიან მალე ფეხბურთი დაკარგავს იმას, რამაც სპორტის ეს სახეობა ნომერ პირველად აქცია," - აცხადებს რუმენიგე და იქვე, კონკრეტულად ბლატერსაც უტევს: "ზეპ ბლატერი ამბობს, რომ ყველაფრის დალაგება და გამოსწორება უნდა, მაგრამ თუნდაც ის ფაქტი, რომ მისი არავის სჯერა, უკვე საკმარისად სერიოზული საბუთია იმისა, რომ რევოლუციაზე იფიქრო და იზრუნო. ჩემი აზრით, სალაპარაკო ბევრი აღარაფერია. ფეხბურთს ყველა სიბინძურე უნდა მოვაშოროთ."
რუმენიგე უფრო შორსაც წავიდა და ფიფას "ფულის მანქანის" სტრუქტურა უწოდა: "დღითიდღე ვრწმუნდები იმაში, რომ ფიფას შეფებისთვის დღეს ის უფრო მნიშვნელოვანია, თუ სად გაიმართება მომდევნოს მომდევნო მუნდიალი, ვიდრე ის, რომ ფეხბურთმა თავისი სახე და პოპულარობა შეინარჩუნოს. ცალკე სალაპარაკო თემაა ისიც, რომ ფიფა საერთოდ აღარ სცემს პატივს საკლუბო ფეხბურთს, არადა, კლუბები ფიფას შემოსავლის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა."
ვფიქრობთ, სკანდალი სერიოზულ ფაზაში შევიდა და ძალიან საინტერესოა, რა პასუხს გასცემენ ბლატერი და კომპანია ლეგენდარულ გერმანელ ფეხბურთელს, რომელიც დღეს "ბაიერნის" ფუნქციონერია. წესით, ფიფას რეაქციამ არ უნდა დააგვიანოს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"