ლუკას პოდოლსკი ცოფებს ყრის

AutoSharing Option
მას მერე, რაც კაპიტნის სამკლავური ჩამოართვეს, „კიოლნის“ ლიდერი ლუკას პოდოლსკი ცოფებს ყრის. სანამ „თხების“ ახალი მთავარი მწვრთნელი სტალე სოლბაკენი საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა და ყველას ამცნობდა, რომ პოლდის კაპიტნის სამკლავური ჩამოერთვა, ლუკასი დღენიადაგ იმას გაიძახოდა, ჩემთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი სტატუსის ჩამორთმევას ვერ ავიტანო და საქმე საქმეზე რომ მიდგა, დანაპირები აასრულა კიდეც - პოლდი აიმრიზა.

სოლბაკენი კი სიმკაცრეს იჩენს, იხტიბარს არ იტეხს და გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი ფეხბურთელის გაშვებასაც კი არ გამორიცხავს.

ერთი სიტყვით, პოდოლსკის „კიოლნში“ დარჩენის საკითხი უკვე უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშაა.
მართალია, სოლბაკენმა თქვა, ლუკასმა ჩემი გადაწყვეტილება ვაჟკაცურად მიიღო და გააცნობიერაო, მაგრამ თვითონ ფეხბურთელი საპირისპიროს ამტკიცებს და ამბობს, მისთვის კაპიტნობის დაკარგვა იმდენად პრობლემატური არ არის, რამდენადაც ის, როგორ დააკარგვინეს სტატუსი.

„რამდენჯერმე ვთქვი, რომ კაპიტნის სამკლავურის დაკარგვა ჩემთვის ძალიან დიდი დარტყმაა. მიუხედავად ამისა, ყურადღება არავინ მომაქცია და გადაწყვეტილების შესახებ მისი მიღებიდან სამი კვირის შემდეგ შევტყვე. ჩემი აზრით, „კიოლნის“ ხელმძღვანელობისგან ამას არ ვიმსახურებდი. ამ კლუბის წინაშე საკმარისად დიდი დამსახურება მაქვს იმისათვის, რომ ყურადღება მოექციათ და ჩემთან გულახდილად ესაუბრათ,“ - ჭმუნავს ლუკასი.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე დაიწყო დისკუსია იმის შესახებ, რომ დიდი შანსია, პოლდიმ „კიოლნი“ დატოვოს. კითხვაზე, წავა თუ არა ლუკასი გუნდიდან, სოლბაკენმა ასე უპასუხა: „ფეხბურთში არასდროს არაფერია გამორიცხული!“

სამაგიეროდ, გუნდის პრეზიდენტმა ვოლფგანგ ოვერატმა „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ლუკასის გაშვებას არ ვაპირებთ, ამაზე ერთი წამითაც არ გვიფიქრიაო, მაგრამ „ბილდი“ ინფორმაციით, თვითონ ლუკასს აღარ სურს გუნდში დარჩენა და საინტერესო წინადადების მიღების შემთხვევაში, „თხების“ ხელმძღვანელობას გაყიდვას მოსთხოვს.

შეგახსენებთ, რომ პოდოლსკისთვის კაპიტნის სამკლავურის ჩამორთმევის ცნობა ოფიციალურად ორშაბათს დადასტურდა - სოლბაკენმა გუნდის თავად მცველი პედრო ჟერომელი დანიშნა. აღსანიშნავია, რომ პოლდი ჟერომელის შემცვლელადაც კი არ დაასახელეს - „კიოლნის“ მეორე კაპიტანი ახალწვეული საშა რიტერი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული