ბაიერნი (4-2-3-1):Lნოიერი - რაფინია, ბოატენგი (91. ვან ბუიტენი), ბადშტუბერი, ლამი - ლუის გუსტავო, შვაინშტაიგერი - თ. მიულერი, კროოსი (88. პრანიჩი), ალაბა (81. ტიმოშჩუკი) - გომესი.
გოლები: 0:1 გომესი (9-პენ), 0:2 შვაინშტაიგერი (39-პენ), 0:3 თ. მიულერი (83)
მიუნხენის "ბაიერნმა" ორშაბათს, გერმანიის თასის პირველ რაუნდში ბრაუნშვაიგის "აინტრახტის" ბარიერი მარტივად გადალახა, მეორე ბუნდესლიგის ლიდერი 3:0 დაამარცხა და მეორე ეტაპზე გადავიდა. მიუხედავად მსუყე ანგარიშით მოგებისა (თანაც, ლიდერების, ფრანკ რიბერისა და არიენ რობენის გარეშე), უნდა ითქვას, რომ რეკორდმაისტერს შესანიშნავად არ უთამაშია, თუმცა მთავარი
მიუნხენელებმა ფავორიტის სტატუსი ასი პროცენტითYგაამართლეს. თვითონ განსაჯეთ: იუპ ჰაინკესის შეგირდები თამაშს პირველიდან ბოლო წუთამდე
აკონტროლებდნენ და პასების სიზუსტის 94-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდათ. ბრაუნშვაიგელებს მიუნხენური გრანდის კართან რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნიათ და რეკორდმაისტერის ახალი მეკარე მანუელ ნოიერის მთელი მატჩის განმავლობაში ფაქტობრივად უსაქმოდ იყო.
"კარგად ვითამაშეთ, დამაჯერებლად მოვიგეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ბოლომდე კმაყოფილი მაინც არ ვარ, რადგან ვიცი, რომ ამ გუნდს მეტი შეუძლია," - განაცხადა "დონ იუპმა" მატჩის შემდეგ.
"ბაიერნი" მთავარმა გოლეადორმა, მარიო გომესმა (გასულ სეზონში 28 გოლით ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა) უკვე მე-9 წუთზე, პენალტით დააწინაურა. ოცი წუთის შემდეგ, "ბრაუნშვაიგის" მეორე თერთმეტმეტრიანიც დაინიშნა, მაგრამ ის გომესს აღარ დაურტყამს. პენალტი ბასტიან შვაინშტაიგერმა შეასრულა, საფინალო სასტვენის შემდეგ კი ჟურნალისტებს უთხრა: "მარიომ დაბადების დღისთვის საჩუქარი გამიკეთა და პენალტი მე დამარტყმევინა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი," - თქვა 27 წლის შვაინიმ.
მიუნხენელთა მხრიდან მატჩის მთავარი გმირი თომას მიულერი გახლდათ, რომელმაც არა მარტო ის ორი თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, არამედ მესამე გოლი თვითონვე შეაგდო. თომასმა ბრაუნშვაიგელთა საჯარიმოში შეაღწია, კარისკენ არტისტულად შეტრიალდა და "ბრაუნშვაიგის" მეკარეს შანსი არ დაუტოვა.
რეკორდმაისტერის სამედიცინო შტაბის უკანასკნელი ინფორმაციით, შაბათამდე რიბერი და რობენი გამოჯანმრთელებას მოასწრებენ. რობენმა უკვე ვარჯიშიც კი დაიწყო, ფრანგი კი "ზებენერშტრასეზე" სრულად დღეს-ხვალ დაიტვირთება. შეგახსენებთ, რომ შაბათს "ბაიერნი" ბუნდესლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში მიონხენგლადბახის "ბორუსიას" ხვდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"