ცეცხლს ჩემპიონები აანთებენ!

AutoSharing Option
ბორუსია (დ)-ჰამბურგი 22:30

ტრავმა: კოხი, ოვომოიელა, შმელცერი, ბაკალორცი, ბარიოსი -შტეპანეკი, არსლანი, ბერგი

სავარაუდო შემადგენლობები
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი -პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, ლიოვე -გიუნდოგანი, ს. ბენდერი -გიოტცე, კაგავა, გროსკროიტცი -ლევანდოვსკი.
ჰამბურგი (4-2-3-1): დრობნი -დიკმაიერი, მანსიენი, ვესტერმანი, აოგო -რინკონი, იაროლიმი -თიორე, სონი, ელია -პეტრიჩი.

ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების ჩემპიონატებიდან ახალ სეზონს პირველი, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, გერმანია იწყებს: ბუნდესლიგის რიგით 49-ე სეზონი დღეს მოქმედი ჩემპიონის, დორტმუნდის "ბორუსიასა" და "ჰამბურგის" შეხვედრით დაიწყება. ის ფაქტი, რომ ჩემპიონატს მოქმედი ჩემპიონი ხსნის, გერმანიაში ტრადიციადაა დამკვიდრებული, ჩვენთვის
კი, ყველაზე კარგი ის არის, რომ BVB-ს მეტოქეც ძლიერი ჰყავს -ახალი სეზონის პირველივე მატჩი საინტერესო უნდა გამოვიდეს.

დორტმუნდელებმა გასულ სეზონში ბრწყინვალე ფეხბურთით და დამსახურებული ჩემპიონობით მთელი საფეხბურთო გერმანია (და არა მარტო გერმანია) აღაფრთოვანა, დღეს კი "შავ-ყვითლები" ტიტულის შენარჩუნებისთვის ბრძოლას იწყებენ. "ბორუსიას" თავკაცი იურგენ კლოპი გერმანელმა სპორტულმა ჟურნალისტებმა სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს და იურგენმა დღეიდანვე უნდა დაიწყოს იმის მტკიცება, რომ ეს წოდება შემთხვევით არ დაუმსახურებია -ხომ იცით, ტიტულის მოპოვებაზე ძნელი მისი შენარჩუნებაა.

მართალია, იურგენი დღენიადაგ გაიძახის, ჩვენ სულაც არ ვართ ვალდებულები, რომ მაინცდამაინც ჩემპიონობა შევინარჩუნოთო, რადგან კარგად ხვდება, რომ მიუნხენის "ბაიერნმა" ზედიზედ მეორე სეზონი ყველა ლოგიკის მიხედვით აღარ უნდა ჩააგდოს, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემპიონი გულის სიღრმეში მაინც ვერ დაისახავს ჩემპიონობაზე დაბალ მიზანს. თუმცაღა კლოპი ძალიან ხშირად იმეორებს, რომ მისთვის ყველაზე მთავარი იმ შესანიშნავი ფეხბურთის შენარჩუნებაა, რომლითაც დორტმუნდელებმა გასულ სეზონში მთელი საფეხბურთო ევროპა აალაპარაკეს.

იაპონელი გამთამაშებელი შინჯი კაგავა "ბორუსიას" გასული სეზონის მეორე წრეში აკლდა, ახლა კი სრულიად ჯანმრთელია და თანაც უკვე ძალიან კარგ ფორმაშია. ზოგადად, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებიდან კლოპს ტრავმების გამო მარცხენა მცველი მარსელ შმელცერი და ცენტრფორვარდი ლუკას ბარიოსი აკლია. ეს უკანასკნელი კოპა ამერიკაზე დაშავდა და ბოლო ინფორმაციით, BVB-ს 5-6 კვირის განმავლობაში, ანუ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაწყებამდე ვერ დაეხმარება. ბარიოსს "ბორუსიაში" მანამდე პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი შეცვლის.

რაც შეეხება დორტმუნდელთა მეტოქეს: "ჰამბურგი" გასული სეზონის დასრულებიდან დღემდე მნიშვნელოვნად შეიცვალა. ჩრდილოგერმანული კლუბი ისეთმა გამოცდილმა ფეხბურთელებმა დატოვეს, როგორებიც იყვნენ რუუდ ვან ნისტელროი, ზე რობერტო და იორის მატიისენი. სამაგიეროდ, HSV-ს ახალმა სპორტულმა დირექტორმა ფრანკ არნესენმა არაერთი ახალგაზრდა მოთამაშე (უმეტესობა ლონდონის "ჩელსიდან") გადაიბირა. ამრიგად, თუკი "ჰამბურგს" გასულ სეზონში ბუნდესლიგაში ყველაზე ასაკოვანი გუნდი ჰყავდა, დღეს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული კოლექტივი ჰყავს.

თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ "ჰამბურგმა" ამ სეზონში წესით სერიოზული მიზნებისთვის ვერ უნდა იბრძოლოს, რადგან მწვრთნელ მიხაელ იონინგს საშუალო დონისა და რანგის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს. ამ ეტაპზე "ჰამბურგს" განსაკუთრებით დაცვაში უჭირს, რაც ერთი კვირის წინ, გერმანიის თასის პირველ ეტაპზეც გამოჩნდა, როცა ჰამბურგელები კინაღამ მეხუთელიგელ "ოლდენბურგთან" დამარცხდნენ (მხოლოდ 2:1).

საერთო ჯამში "ჰამბურგმა" 14 ფეხბურთელი შეიძინა და 13 გაუშვა -ამდენი ცვლილება სხვა არცერთ გერმანულ კლუბში არ ყოფილა. ამრიგად, დღეს HSV-ს მოქმედ ჩემპიონ "დორტმუნდთან" პირველი სერიოზული გამოცდა ელის.
წესით, დღევანდელი მატჩი უხვგოლიანი უნდა გამოვიდეს, რადგან ამ ორ გუნდს შორის ჩატარებული მატჩების ისტორია სულ 309 გოლს ითვლის (150 ბორუსიამ გაიტანა, 159 ჰამბურგმა), რაც ბუნდესლიგაში სარეკორდო შედეგია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული