პერის დღეები ვერდერში დათვლილია?

AutoSharing Option
ბრემენელები მზად არიან, დაცვის ბურჯი გაყიდონ

წარწერა ფოტოზე: პერ მერტეზაკერი შეიძლება "არსენალში" გადავიდეს

ბუნდესლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე გამართულ ბოლო ტესტ-მატჩში "ვერდერის" 26 წლის მცველი პერ მერტეზაკერი მოედანს სამთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, რითაც ბრემენული კლუბის ქომაგები ძალიან გაახარა – "ევერტონთან" მოგებულ (1:0) შეხვედრაში მან ძალიან კარგად იასპარეზა. "დიდი ხანია, თავი ასე კარგად არ მიგრძვნია. ფეხბურთის თამაში მაგრად მომნატრებია," - უთხრა მერტემ ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

თუმცა გუშინ გავრცელებული ცნობების თანახმად, დიდი შანსია, რომ "ვერდერის" ფანებმა მერტეზაკერი "მუსიკოსების" ფორმით მხოლოდ 4 შეხვედრაშიღა
იხილონ. როგორც იცით, გერმანიის ნაკრებისა და "ვერდერის" დაცვის ბურჯს ბევრი მთხოვნელი ჰყავს, "მუსიკოსების" სპორტულმა დირექტორმა კლაუს ალოფსმა კი აღიარა, რომ თუ რომელიმე გუნდის წარმომადგენლები დაუკავშირდებიან, მზადაა, მოლაპარაკებები აწარმოოს. ალოფსმა ისიც თქვა, რომ ეს მარტო მერტეზაკერს კი არა, ყველა ფეხბურთელს ეხება. "მე ყველა მოთამაშეს დავპირდი, რომ ოფიციალური დაინტერესების შემთხვევაში მოლაპარაკებებზე უარს არ ვიტყვი," - ამბობს ალოფსი "შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

მერტეს "ვერდერთან" კონტრაქტი გაისად უმთავრდება, ახალი ხელშეკრულება კი ჯერ არ გაუფორმებია. ამრიგად, თუ ბრემენელებს არ უნდათ, რომ წამყვანი ფეხბურთელი გაისად უფასოდ დაკარგონ, ახლავე, 31 აგვისტომდე უნდა გაასხვისონ. მანამდე კი, მერტეზაკერს "ვერდერში" მხოლოდ 4 მატჩი რჩება: "კაიზერსლაუტერნთან", "ლევერკუზენთან", "ფრაიბურგთან" და "ჰოფენჰაიმთან".

მერტეზაკერის გადაბირება ყველაზე მეტად ლონდონის "არსენალს" უნდა. შეგახსენებთ, რომ ბრემენელებმა სოკრატის პაპასტატოპულოსისა (ჯენოადან) და ანდრეას ვოლფის (ნიურნბერგიდან) სახით ორი ახალი ცენტრალური მცველი იყიდეს, რითაც სწორედ პერის გაყიდვის შემთხვევისგან დაიზღვიეს თავი. ალოფსი ამბობს, ყველა პოზიციაზე კარგად ვართ დაკომპლექტებულები და ამიტომაც ვარ მზად, რომ მერტეზაკერის თაობაზე მოლაპარაკებები ვაწარმოო, თუმცა ფაქტია, რომ მისი დაკარგვა არ მინდაო. ერთი რამ ასპროცენტიანია: ხვალ, ბუნდესლიგის პირველ ტურში, "ვერდერისა" და "კაიზერსლაუტერნის" მატჩში პერი ძირითად შემადგენლობაში იქნება გამწესებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული