რაულის პროვოკაცია

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ესპანელს გელზენკირხენიდან წასვლა უნდა

როგორც ჩანს, ვეტერანი ესპანელი თავდამსხმელი რაული "შალკეში" ძალიან უკმაყოფილოა და გერლზენკირხენული კლუბის დატოვება მართლა მყარად აქვს გადაწყვეტილი.

ჩვენი გერმანელი კოლეგები ამაში 34 წლის ფორვარდის კიდევ ერთი ძალიან ალოგიკური საქციელით დარწმუნდნენ. საქმე იმაშია, რომ გასულ კვირას "შალკეს" ფეხბურთელებმა ე.წ. "მოთამაშეების საბჭო" აირჩიეს, რომელშიც კაპიტან ბენედიქტ ჰიოვედესთან ერთად, კიდევ ოთხი ფეხბურთელი შევიდა და მათ შორის რაულიცაა. მაგრამ ყველასათვის მოულოდნელად, "შპორტ ბილდის" ინფორმაციით, რაულმა საბჭოს წევრობაზე უარი განაცხადა!

"დიახ, ეს სიმართლეა. ფეხბურთელებმა საბჭო აირჩიეს, სადაც კაპიტანი, ვიცე-კაპიტანი
სხვა უფლებამოსილი მოთამაშეები შევიდნენ. რაულმა საკმაოდ ბევრი ხმა მიიღო და წესით, საბჭოს წევრი ისიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ უარი თქვა," - ადასტურებს გელზენკირხენელთა მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი.

რაულის უარი პროვოკაციას ჰგავს! სხვათა შორის, წინა კვირას გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ გონსალეს ბლანკოს "მალაგაში" გადასვლა სურდა - რაული ამ გუნდს მოსამზადებელ შეკრებაზე სტუმრობდა და "მალაგას" ფეხბურთელებთან ერთად ერთი ღამეც გაათენა. ეჭვს ისიც ზრდის, რომ ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, გამოცდილი ესპანელი გოლეადორი "შალკეს" მთავარი მწვრთნელის, რალფ რანგნიკის ახალი ტაქტიკითა და სტრატეგიით უკმაყოფილოა და "პროფესორ რალფთან" ზოგადად ცუდი ურთიერთობა აქვს. რანგნიკმა ამას წინათ თქვა, ახალ სეზონში რაულმაც ძალიან ბევრი უნდა ირბინოსო, რითაც ცეცხლზე ნავთი დაასხა...

ახლა კი რაული საბჭოს წევრობაზე უარის თქმით, ან პასუხისმგებლობას არიდებს თავს, რადგან წასვლა აქვს გადაწყვეტილი, ანაც ამით პროტესტს გამოხატავს. ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ ესპანელი ინტერვიუზე ყველას უარს ეუბნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული