ბუნდესლიგა უთვალავი ინტრიგით იწყება

AutoSharing Option
გუშინ
ბორუსია (დ)-ჰამბურგი 3:1
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, ჰუმელსი, ფელიპე სანტანა, ლიოვე (75. პერიშიჩი) - ს. ბენდერი, გიუნდოგანი - გიოტცე (75. ბლაშჩიკოვსკი), კაგავა (90. კელი), გროსკროიტცი - ლევანდოვსკი.
ჰამბურგი (4-2-2-2): დრობნი - დიკმაიერი, მანსიენი, ვესტერმანი, აოგო - რინკონი, კაჩარი (73. ტეშე) - თიორე. ელია (46. იანსენი) - გერერო (42. ბენ-ჰატირა), პეტრიჩი.
გოლები: 1:0 გროსკროიტცი (17), 2:0 გიოტცე (29), 3:0 გროსკროიტცი (48), 3:1 ტეშე (79)
გაფრთხილება: ლევანდოვსკი - მანსიენი, კაჩარი, რინკონი
მაყურებელი: 80 720

დღეს

ვერდერი-კაიზერსლაუტერნი 17:30
ტრავმა: სილვესტრი, ბოროვსკი -
ბუგერა, ლუკასი, შიმუნეკი, ვერმუთი, ნემეცი

ჰანოვერი-ჰოფენჰაიმი 17:30
ტრავმა: ანდრეასენი, კარლიტოსი, სობიეხი, ია კონანი - გულდე, იბერტსბერგერი, იაისლე, სიგურდსონი, ვუკჩევიჩი, ვაისი, იბიშევიჩი, მუსონა

შტუტგარტი-შალკე 17:30
ტრავმა: ბიჩაქჩიჩი, დელპიერი, ნიდერმაიერი, აუდელი, გებჰარდტი, შიბერი - ესკუდერო, ჰუგლანდი, ყენია, მორიტცი

კიოლნი-ვოლფსბურგი 17:30
ტრავმა: მოჰამადი, პეტიტი, ფრაისი, იონიცა - ა. ფრიდრიხი, კალენბერგი

აუგსბურგი-ფრაიბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: სანკო (აუგსბურგი)
ტრავმა: იორლი, რაფაელი - როზენტალი, იანო

ჰერტა-ნიურნბერგი 20:30
ტრავმა: ერტსი, ბრუკსი, ჰუბნიკი, შUლცი, დიურიჩინი, კარგბო - ნილსონი, ფრანტცი, მაკი, ცაიტცი

ხვალ
მაინცი-ლევერკუზენი 17:30
ტრავმა: ადლერი, ოჩიპკა, ბარნეტა (ყველა ლევერკუზენი)

ბაიერნი-ბორუსია (მ) 19:30
ტრავმა: ბრენო (ბაიერნი)

გერმანიის ჩემპიონმა ახალი სეზონი ჩემპიონურად დაიწყო: გუშინ დორტმუნდის "ბორუსიამ" "ჰამბურგი" საკმაოდ მარტივად, 3:1 დაამარცხა. დორტმუნდელებმა ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელის, ნევენ სუბოტიჩისა და ლუკას ბარიოსის გარეშე გაიმარჯვეს.

"ბორუსიამ" პირველი ტაიმი კევინ გროსკროიტცისა და მარიო გიოტცეს გოლებით 2:0 მოიგო, მეორე ნახევრის სტარტზე კი გროსკროიტცმა დუბლი შეასრულა და "შავ-ყვითლები" 3:0 დააწინაურა. შეხვედრის მიწურულს ჰამბურგელმა რობერტ ტეშემ ერთი გოლი გაქვითა და ჩრდილოელებს მალევე მეორე გოლის გატანაც შეეძლოთ, რაც შეხვედრას უკიდურესად დაძაბავდა, მაგრამ რომან ვაიდენფელერის დამწუხრება ვერ შეძლეს.

დღეს და ხვალ კი პირველი ტურის დანარჩენი მატჩები გაიმართება და ჩვენც შეგვიძლია, ხელები მოვიფშვნიტოთ და მონატრებულ ბუნდესლიგას ჩავუსხდეთ.

რის მაქნისია ვერდერი?
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახალი სეზონის წინ ყველაზე გაურკვეველ მდგომარეობაში "ვერდერია". ბრემენული კლუბი ერთადერთია მთელ ლიგაში, სადაც ზუსტად არავინ იცის, რისთვის უნდა იბრძოლონ ამ სეზონში. ფაქტია, რომ საუკეთესო შემთხვევაში "მუსიკოსები" ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძოლებენ, ექსპერტების საკმაოდ დიდი ნაწილი კი "ვერდერს" ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლას უწინასწარმეტყველებს.

გულშემატკივრებმა განგაშის ზარებს გერმანიის თასზე განცდილი კრახის შემდეგ შემოჰრეს - როგორც იცით, თომას შააფის გუნდმა თასის პირველ ეტაპზე "ჰაიდენჰაიმთან" წააგო. ფანებმა იმ მატჩის შემდეგ "ვერდერის" ავტობუსს გზა გადაუკეტეს, მოთამაშეებს ლანძღავდნენ და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ.

ასე რომ, "ვერდერის" ფეხბურთელებმა ქომაგებს დღეს, "კაიზერსლაუტერნთან" გამარჯვებით უნდა მოუბოდიშონ. ბრემენული გუნდისთვის პირველივე ტურში სამი ქულის აღება სავალდებულოა, რადგან მეტოქე ჰყავს ისეთი, რომელიც ამ სეზონში ასევე გადარჩენისთვის იბრძოლებს და ერთი სიტყვით, "ლაუტერნთან" მატჩი ბრემენელთათვის ერთგვარი ინდიკატორი იქნება. "ვერდერის" თავკაცმა შააფმა შვებით ამოისუნთქა: მცველები პერ მერტეზაკერი და სებასტიან პრიოდლი გამოჯანმრთელდნენ და სამშაბათს, "ევერტონთან" ტესტ-მატჩში ითამაშეს. უკეთაა თავდამსხმელი კლაუდიო პისაროც, თუმცა ძირითად შემადგენლობაში სავარაუდოდ არ იქნება, რადგან ტრავმა ბოლომდე ჯერ არ მოუშუშებია. კაიზერსლაუტერნელები კი თავდაჯერებულები არიან, რადგან გერმანიის თასზე ბერლინის "დინამო" 3:0 დაამარცხეს. სხვათა შორის, "ლაუტერნმა" წინა სეზონი ზედიზედ ოთხი მოგებით დაამთავრა და საბოლოოდ მეშვიდე ადგილი დაიკავა. ასე რომ, "ვერდერს" სერიოზული გამოცდა ელის.

...და ჰანოვერი?
წინა სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა "ჰანოვერი" გახლდათ. მირკო სლომკას გუნდმა ყველასათვის მოულოდნელად, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოლა და ბოლოს მხოლოდ ევროპის ლიგის საგზურს დასჯერდა, მაგრამ "წითლებისთვის" ესეც უდიდესი მიღწევა იყო. "ჰოფენჰაიმთან" სასტარტო მატჩის წინ სლომკას თავდასხმაში პრობლემა აქვს, მაგრამ არა საგანგაშო: გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა, დიდიე ია კონანი ტრავმირებულია, სამაგიეროდ, სხვა თავდამსხმელები, აბდელაუ და შტოპელკამპი არიან ძალიან კარგ ფორმაში. გერმანიის თასზე ბრწყინვალე იყო იან შლაუდრაფიც, რომელსაც ასევე შეუძლია ცენტრფორვარდის ფუნქციების შესრულება.

იმ დროს, როცა "ჰანოვერის" მიზანი პროგრესის გაგრძელებაა, "ჰოფენჰაიმში" ყველაფერს თავიდან იწყებენ. "სოფლელებს" "ზანკტ პაულიდან" გადმობარგებული ჰოლგერ სტანისლავსკის სახით ახალი მწვრთნელი ჰყავთ, რომელსაც "ჰოფეს" წარმატებულ გზაზე დაბრუნება ავალია. თუმცა სტანის სეზონის სტარტზე მთავარი გოლეადორი ვედად იბიშევიჩი და წამყვანი ნახევარმცველი ტობიას ვაისი აკლია.

შტუტგარტს დაცვაში უჭირს
მთლად "ვერდერის" დარ მდგომარეობაში არაა, მაგრამ კითხვის ნიშნები "შტუტგარტშიც" ბევრია. წესით, შვაბებს შარშანაც მაღალი მიზნებისთვის უნდა ებრძოლათ, მაგრამ საქმეები ცუდად წაუვიდათ და პირველ ბუნდესლიგაში ადგილი რომ შეინარჩუნეს, ამაზეც მადლობლები იყვნენ. მთავარმა მწვრთნელმა ბრუნო ლაბადიამ ბევრი იშრომა, თუ ცოტა, რაღაც-რაღაცები ნაღდად გამოუვიდა, მაგრამ დაცვაში პრობლემები მაინც შემორჩა. საქმე იმაშია, რომ "შტუტგარტს" "შალკესთან" მატჩის წინ დელპიერის, ბიჩაქჩიჩისა და ნიდერმაიერის სახით სამი წამყვანი უკანახაზელი აკლია.

ლაბადია სიხარულით ცას ეწია, როცა გაიგო, რომ სერდარ ტასკიმ მაინც მოასწრო გამოჯანმრთელება - ამ უკანასკნელს დღეს მოედანზე გასვლა შეუძლია. ტასკიმ "შალკეს" წინახაზელები ახალწვეულ მასასთან ერთად უნდა შეაჩეროს.

მასას და ტასკის კი ისეთი თავდამსხმელების შეჩერება მოუწევთ, როგორებიც არიან კლაას-იან ჰუნტელაარი, რაული და ჯეფერსონ ფარფანი. სხვათა შორის, "შალკემ" რუმინელი ფორვარდი ჩიპრიან მარიკა აიყვანა, რომელიც სწორედ "შტუტგარტიდან" გააგდეს და თუ გელზენკირხენელთა მთავარი მწვრთნელი რალფ რანგნიკი დღეს მარიკას ათამაშებს, ამ უკანასკნელს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შურისძიების შანსი მიეცემა.

მგელმა თხა თუ პირიქით?
გერმანიის თასს პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა "ვოლფსბურგიც" (2:3 "რაზენ ბალშპორტ ლაიპციგთან"), რის შემდეგაც ამ კლუბის ხელმძღვანელებმა მთავარ მწვრთნელსა და მენეჯერს, ფელიქს მაგათს ტრანსფერებისთვის კიდევ გამოუყვეს მილიონები. არსებული შემადგენლობიდან კი თასზე უსუსტესი წერტილი დანიელი მცველი სიმონ კიაერი გახლდათ, რომელიც ვისაც არ დაეზარა, ყველამ გააკრიტიკა.

თავად მაგათმაც თქვა, კიაერმა სტილიც უნდა შეიცვალოს და მეტიც უნდა მოინდომოს, თორემ ასე არაფერი გამოვაო. "დესპოტი ფელიქსი" ახალწვეული მარკო რუსითაც უკმაყოფილოა. "მგლები" დღეს "კიოლნს" სტუმრობენ, სადაც ლუკას პოდოლსკი ჭირვეულობს იმის გამო, რომ კაპიტნის სამკლავური ჩამოართვეს, თუმცა მოედანზე კი გაორმაგებული მონდომებით თამაშობს. გერმანიისGთასზე პოლდისა და მოლოვოე ნოვაკოვიჩის წყვილი ძალიან კარგად გამოიყურებოდა და დიდი შანსია, რომ მათ მაგათის ცუდ ფორმაში მყოფ მცველებს სერიოზული პრობლემები შეუქმნან.

აუგსბურგის დებიუტი
დღეს ნაშუადღევს, ბუნდესლიგაში პირველ მატჩს ჩაატარებს "აუგსბურგი" - გუნდი, სადაც წარმოშობით ქართველი ნახევარმცველი აკაკი გოგია თამაშობს ბუნდესლიგის ისტორიაში 51-ეა. "ფრაიბურგთან" სადებიუტო და შესაბამისად, ისტორიულად მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ, "აუგსბურგში" დაძაბული დაძაბული მდგომარეობაა, რადგან მწვრთნელმა და ბოსებმა ერთობლივი გადაწყვეტილებით, FჩA-ს მთავარი თავდამსხმელი მიხაელ თურკი გუნდიდან მოკვეთეს, ეს უკანასკნელი კი სასამართლოში ჩივილს აპირებს.

უკეთესი ვითარება არც აუგსბურგელთა მეტოქეს აქვს: "ფრაიბურგმა" გერმანიის თასის პირველ ეტაპზე "უნტერჰახინგთან" სამარცხვინო მარცხი იწვნია (2:3), რითაც "ფრაის" ახალ თავკაცს, "ლევერკუზენში" გადაბარგებული რობინ დუტის შემცვლელ მარკუს ზორგს დებიუტი ჩაუმწარდა. ბრაისგაუელთა ბანაკში ერთადერთი კარგი ინფორმაციაა: ბომბარდირი პაპის დემბა სისე გამოჯანმრთელდა და დღეს მოედანზე გასვლა შეუძლია. შეგახსენებთ, რომ სენეგალელმა გასულ სეზონში 22 გოლი გაიტანა და ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გავიდა.

კობის და ჰერტას დაბრუნება
"აუგსბურგთან" ერთად, ელიტაში "ჰერტაც" გადმოვიდა და ბერლინურ კლუბს ჩვენებური ლევან კობიაშვილიც გადმოჰყვა. დედაქალაქელები სეზონს "ნიურნბერგთან" შეხვედრით ხსნიან და ბარემ აქვე ვთქვათ, რომ გერმანიის თასის პირველი ეტაპი ორივე მომხვდურმა უპრობლემოდ გადალახა.

თუკი "ჰერტას" გმირი "მოიზელვიტცთან" (4:0) ფორვარდი ადრიან რამოსი გახლდათ, რომელმაც დუბლი შეასრულა, "ნიურნბერგელებმა" ბილეფელდის "არმინია" 5:1 გაანადგურეს და მათი გმირი კი "დორტმუნდიდან" გადმოყვანილი ნახევარმცველი მარკუს ფოილნერი იყო თავისი ჰეთ-თრიკით. ბერლინელთა დამრიგებელი მარკუს ბაბელი კობიაშვილს აუცილებლად ძირითად შემადგენლობაში, მარცხენა მცველის პოზიციაზე ათამაშებს.

შიურლე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
"მაინცი" შარშანდელი სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი აღმოჩენა და გმირი იყო, ეს სეზონი კი თომას ტუხელის გუნდისთვის არცისე სახარბიელოდ დაიწყო: ბოლო ადგილი "ლიგა ტოტალის" ამხანაგურ ტურნირზე, 1:1 ევროპის ლიგის კვალიფიკაციაში "გაზ მეტასთან", რის ვაივაგლახით მოგებული თამაში გერმანიის თასზე ობერლიგელ "ცვაიბრიუკენთან" და კრახი ევროპის ლიგაში ("მაინცი" გავარდა) - ფაქტია, რომ შარშანდელის შემდეგ, "მაინცისგან" ყველანი გაცილებით მეტს ველით. ხვალ კარნავალელებს გერმანიის ვიცე-ჩემპიონ "ლევერკუზენთან" მოუწევთ ჭიდილი და ჯერაც უცნობია, ვის ჩააყენებს ტუხელი კარში - მიულერს თუ ვეტკლოს. თავის მხრივ არც "ლევერკუზენი" დგას მოწოდების სიმაღლეზე - "ფარმაცევტებმა" გერმანიის თასზე ისტორიული სირცხვილი ჭამეს, დრეზდენში "დინამოს" 3:0-ს უგებდნენ და 3:4 დამარცხდნენ. მატჩს დამატებით ინტრიგას სძენს გერმანიის ნაკრებში გაშინაურებული ანდრე შიურლეს ფაქტორი, რომელიც გასული სეზონის დასრულებისთანავე, "მაინციდან" "ლევერკუზენში" გადაბარგდა.

კლასიკა მიუნხენში
პირველი ტური ხვალ ბუნდესლიგის კლასიკით, მიუნხენის "ბაიერნისა" და მიონხენგლადბახის "ბორუსიას" მატჩით დასრულდება. 70-იან წლებში ეს მატჩი "რეალი"-"ბარსას" კალიბრის იყო და სხვათა შორის, არც ახლაა მხოლოდ ისტორიული პაექრობა - მართალია, "გლადბახი" დიდი ვერაფერი ხვითოა და გასულ სეზონშიც ძლივს გადაურჩა მეორე ბუნდესლიგაში გავარდნას, მაგრამ "ბაიერნს" ყოველთვის ღირსეულად ეთამაშება ხოლმე და საკმაოდ ხშირად ქულებსაც ართმევს.

"ბაიერნმა" მთავარი საწადელი აისრულა და დაცვა გააძლიერა: რაფინია, ჟერომ ბოატენგი და მეკარე მანუელ ნოიერი ძალიან კარგი შენაძენებია. რეკორდმაისტერის თავკაცი იუპ ჰაინკესი დღეს სამივეს ძირითად შემადგენლობაში ათამაშებს. ფრანკ რიბერი და არიენ რობენი გამოჯანმრთელდნენ და მინიმუმ განაცხადში იქნებიან.
"ქომაგებს და კლუბის ხელმძღვანელებს დავპირდი, რომ "ბაიერნის" დაცვა გაცილებით სტაბილური იქნებოდა. კატენაჩოს თამაშს არ ვაპირებთ, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ კარგი დაცვის გარეშე ტიტულს ვერ მოიგებ. ერთი სიტყვით, ჩვენი უმთავრესი მიზანი კომპაქტური დაცვა და შედეგია. ფოიერვერკებს ნურავინ მოგვთხოვს, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც," - ეს "დონ იუპის" სიტყვებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული