ახტუნგ: მაგათი თავდამსხმელებს დაერია!

AutoSharing Option
"ვოლფსბურგის" მწვრთნელმა და მენეჯერმა ფელიქს მაგათმა სატრანსფერო ბაზარზე აქამდე მხოლოდ 16.5 მილიონი ევრო დახარჯა. მართალია, ამით ის მხოლოდ მიუნხენის "ბაიერნს" ჩამორჩა (რეკორდმაისტერმა 44 მილიონი გაიღო), მაგრამ როგორც გერმანიის თასის პირველ ეტაპზე (სამარცხვინო 2:3 მეოთხე ლიგის გუნდთან) გამოჩნდა, "ვოლფსბურგს" კიდევ სჭირდება ახალი ფეხბურთელები და ხელმძღვანელებმაც მაგათს ახალი ტრანსფერებისკენ მწვანე აუნთეს.

"ბილდის" ინფორმაციით, "დესპოტი ფელიქსის" უპირველესი სამიზნე "ფრაიბურგის" 26 წლის თავდამსხმელი პაპის დემბა სისეა - ფორვარდი, რომელიც გასულ სეზონში 22 გოლით ბომბარდირებში მეორე ადგილზე გავიდა. ბრაისგაუელებს ამ უკანასკნელის გაყიდვას სიკვდილი ურჩევნიათ, მაგრამ
ფაქტია, რომ თუ ფინანსურად გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში მყოფი "ვოლფსბურგი" სენეგალელს დაუძახებს, "ფრაის" თავისი მთავარი გოლეადორის შენარჩუნება გაუჭირდება.

მეტიც: "ბილდის" ცნობით, ფელიქსი უკვე შეეხმიანა ფრაიბურგელ კოლეგებს და სისეზე სიტყვა ჩამოუგდო. რაც მთავარია, თვითონ ფეხბურთელი "ვოლფსბურგში" გადასვლაზე უარს არ ამბობს. ახლა, "ფრაიბურგსა" და "ვოლფსბურგს" შორის სატრანსფერო თანხაზე ვაჭრობა იწყება: ფრაიბურგელები 15 მილიონ ევროს ითხოვენ, მაგათს კი მხოლოდ 12 მილიონის გადახდა უნდა.

აღსანიშნავია, რომ "ვოლფსბურგს" სისეს გადაბირება ზამთარშიც უნდოდა, თუმცა მაშინ "მგლების" ბოსი დიტერ ჰიონესი გახლდათ, რომელმაც 10 მილიონ ევროზე მეტის გადახდაზე უარი თქვა და "ფრაის" სენეგალელ გოლეადორს შეეშვა, მაგათი კი ასე იოლად არ დანებდება. საინტერესოა ისიც, რომ "ფრაიბურგს" სისეს შემცვლელი უკვე ნაყიდი ჰყავს - 25 წლის გარა დემბელე.

თუ ვოლფსბურგელები სისეს შეიძენენ, 27 წლის პატრიკ ჰელმესს, რომელიც "მგლებში" ზამთარში 5 მილიონად გადავიდა, საქმეები ცუდად წაუვა...

ფიქრები ტრეზეგეზე
ჩვენი გერმანელი კოლეგები იმასაც იუწყებიან, რომ მაგათმა 33 წლის ფრანგ, მრავლისმნახველ თავდამსხმელ დავიდ ტრეზეგესაც დაუმიზნა. გეხსომებათ, შარშან რაული "შალკეში" სწორედ ფელიქსმა ჩაიყვანა და ახლა დახლოებით ასეთივე ტრანსფერის განხორციელება "ვოლფსბურგშიც" უნდა. ტრეზეგე სწორედ რაულის კალიბრის, გამოცდილი გოლეადორია, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონიც იყო და ევროპისაც. "ტრეზეგოლმა" წინა სეზონი ესოპანურ "ერკულესში" გაატარა, მაგრამ ალიკანტელები პრიმერადივიზიონიდან გავარდნენ და ფრანგს კლუბის დატოვება უფასოდ შეუძლია. მასსა და მაგათს შორის მოლაპარაკებების წამოწყებაზე ფრანგული გაზეთი "ეკიპი" წერს.

რაც შეეხება ფლოკარის...
თუმცა მაგათი უკვე სათადარიგო ვარიანტებსაც სინჯავს. თუკი სისესა და ტრეზეგეს შემთხვევაში არაფერი გამოუვა, მისთვის სასურველი ცენტრფორვარდების სიაში მესამე ადგილზე რომის "ლაციოს" თავდამსხმელი სერჯო ფლოკარია. ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, მაგათი უკვე ესაუბრა "ლაციალეს" პრეზიდენტ კლაუდიო ლოტიტოს და მოლაპარაკებები დაწყებულიაო. "ბილდის" ცნობით, რომაელები 29 წლის ფლოკარიში 6 მილიონს ითხოვენ. გამორიცხული არაა, რომ ფელიქსმ "ლაციოს" ფეხბურთელების გაცვლა შესთავაზოს და ფლოკარის სანაცვლოდ დანიელი მცველი სიმონ კიაერი დათმოს. ეს უკანასკნელი ბუნდესლიგას ვერაფრით შეეგუა, იტალიაში კი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ფელიქს მაგათი კვლავინდებურად ამაოდ ცდილობს ბრაზილიელი გამთამაშებლის, დიეგოს გაყიდვას. როგორც იცით, 26 წლის ფლეიმეიქერი მან გუნდიდან სამუდამოდ მოკვეთა, მაგრამ ფეხბურთელებთან ერთად ავარჯიშებს, რათა დიეგომ ფორმა შეინარჩუნოს და მერე სარფიანად გაიყიდოს, თუმცა ბრაზილიელის გადაბირება სერიოზულად არავის უნდა. ამბობდნენ, მადრიდის "ატლეტიკო" დაინტერესდაო, მაგრამ მაგათი ესპანურ კლუბთან დიეგოს თაობაზე მოლაპარაკებას უარყოფს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ დიეგო ყველა მსურველს ძალიან მაღალ ხელფასს, წელიადში 5 მილიონ ევროს სთხოვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული