რაულმა წყენა გულში ჩაიდო

AutoSharing Option
ვინ იფიქრებდა, რომ: 1. დორტმუნდის "ბორუსია" პირველივე ტურში ასე კარგად ითამაშებდა; მიუნხენის "ბაიერნი" ისევ ისე ცუდად ითამაშებდა, როგორც ლუის ვან გაალის დროს; პრობლემებით აღსავსე "ვოლფსბურგი" თასიდან გავარდნის შემდეგ ბუნდესლიგაში ასეთ ბრწყინვალე სტარტს აიღებდა; "ვერდერის" დაცვა პირველივე ტურში დალაგდებოდა, ხოლო გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტი "შალკე" კი ისეთი უსახური იქნებოდა, როგორიც იყო?

ფავორიტები არა, ისა... "შალკე", "ლევერკუზენი" და დესერტად "ბაიერნიც", პირველ ტურში თვლემდნენ. ჩემპიონი "დორტმუნდი" კი ფხიზლად იყო და შედეგიც სახეზეა: სამივეს სამი ქულით უსწრებს. "ლევერკუზენმა" მაინცში 0:2 წააგო, "შალკემ" შტუტგარტში
სულაც 0:3, ბოლოს კი, მიუნხენური გრანდი საკუთარ მოედანზე იმ "გლადბახთან" შერცხვა, გასულ სეზონში მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებას ბოლო წამს რომ გადაურჩა.

ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან მიხაელ ბალაკი, არიენ რობენი, მანუელ ნოიერი და რაული, პირველ ტურში თავი მხოლოდ შეცდომებით დაგვამახსოვრეს.

ტურის ფეხბურთელი: მარიო გიოტცე
გერმანიის ჩემპიონატი პარასკევს დაიწყო და შაბათს მთელი საფეხბურთო გერმანია მარიო გიოტცეზე ლაპარაკობდა - ვინ მოთვლის, მერამდენედ. "დორტმუნდის" ახალგაზრდა სუპერვარსკვლავზე ყველაზე საინტერესო სიტყვები ტრადიციულად ფრანც ბეკენბაუერმა თქვა - დღეს მარიო გიოტცე უკვე არის მესუთ იოზილის სიმაღლეზე და საუკეთესო შანსი აქვს, მალე ლეო მესის დონეს მიაღწიოსო.

კაიზერ-ფრანცმა იქვე დასძინა, იოზილის დონეზე გაჩერება დაუშვებელია, გიოტცეს კიდევ ბევრი ლეველი აქვს გასავლელი, ბევრის დონე უნდა გაიმეოროსო და ისეთი გვარები ჩამოთვალა, გერმანელ ხალხს ტანში ჟრუანტელები უვლიდა: გარინჩა, დიეგო მარადონა, უვე ბაინი... ბეკენბაუერს ამაში ყველა დაეთანხმა, რადგან შეუძლებელია, ითამაშო ფეხბურთი იმაზე უკეთ, ვიდრე გიოტცემ ითამაშა "ჰამბურგთან".

ტურის დაპირისპირება: ტომ შტარკე VS ტორსტენ კინჰიოფერი
განცხადებას კონტრგანცხადება მოჰყვა, კონტრგანცხადებას ლანძღვა-გინება და ცხადია, ეს ყველაფერი რომანტიკული ვახშამით არ დამთავრებულა. "ჰანოვერისა" და "ჰოფენჰაიმის" მატჩის დროს, "სოფლელების" მეკარე ტომ შტარკე და მატჩის მთავარი არბიტრი ტორსტენ კინჰიოფერი ერთმანეთს წაეკიდნენ.

"თუ ჰანოვერელებს ხელით ანიშნა, ჯარიმის დარტყმა შეგიძლიათო, მე ამას ვერ დავინახავდი, რადგან ჩემს წინ 18 კაცი იდგა და თუ ეს არ გაუკეთებია და ანიშნა, სასტვენს დაელოდეთო, მაშინ მთლად უარესი..." - ცოფებს ყრიდა შტარკე.

საქმე იმაშია, რომ კინჰიოფერმა ჯარიმის დარტყმამდე "ჰანოვერის" თავდამსხმელ იან შლაუდრაფს რაღაც უთხრა და თან სასტვენი მაღლა ჰქონდა აწეული. შტარკესთვის ეს იმის ნიშანი იყო, რომ მსაჯმა ყველა გააფრთხილა, სასტვენის გარეშე საჯარიმო დარტყმა არ შესრულდესო. შლაუდრაფი კი არავის დაელოდა და ბურთი "ჰოფენჰაიმის" ცარიელ კარში გაიტანა - ცარიელში იმიტომ, რომ შტარკე ძელთან იყო და ცოცხალ კედელს აყენებდა. კინჰიოფერის ვერსია: "შლაუდრაფმა მითხრა, ცოცხალი კედლისთვის მანძილის გადაზომვა არაა საჭირო, თუ უნდათ, ახლოს დადგნენო, მე კი ვანიშნე, რომ სასტვენისთვის დალოდება აუცილებელი არ იყო."

დანარჩენი ყველაფერი გასაგებია: ჰოფენჰაიმელები განრისხებულები არიან, ჰანოვერელები - კმაყოფილები. ჰო, მაგრამ რატომ ჰქონდა აწეული სასტვენი? კინჰიოფერს ამაზე არაფერი უთქვამს...

ტურის ანტიგმირი: ლუკას პოდოლსკი
რამდენადაც კარგი იყო პირველ ტურში მარიო გიოტცე, იმდენად სუსტი იყო ლუკას პოდოლსკი. მართალია, "ვოლფსბურგთან" მთელი "კიოლნი" შერცხვა, მაგრამ ყველაზე უბედური "პრინცი პოლდი" გახლდათ, რაც მისივე ბრალია, რადგან მაინცდამაინც დიდი მონდომებაც არ დასტყოლბია. მეტსაც გეტყვით: პოდოლსკიზე ცუდად ბუნდესლიგის პირველ ტურში არავის უთამაშია - ლუკასი ყველა სტატისტიკური მონაცემის მიხედვით პირველი ტურის ყველაზე ზარმაცი ფეხბურთელი გახლდათ.

დიდი შანსია, ეს ყველაფერი იმის ბრალი იყოს, ახალმა მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა კაპიტნის სამკლავური რომ ჩამოართვა. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ პოდოლსკის თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. მატჩის შემდეგ, პასუხისმგებლობა თავის თავზე სოლბაკენმა ვაჟკაცურად აიღო, თუმცა მას მაინც არავინ აკრიტიკებს - ყველა პოდოლსკის ლანძღავს.

რაული რანგნიკის ბრალია
"შტუტგარტთან" შეხვედრაში რაული პირველიდან ბოლო წუთამდე სადღაც მცველებში რომ იყო ჩაკარგული, ეს "შალკეს" მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა თავის თავს უნდა დააბრალოს, რადგან სწორედ "პროფესორმა რალფმა" გაამწესა ვეტერანი ესპანელი კლაას-იან ჰუნტელაარის უკან, გამთამაშებლის პოზიციაზე.

რაული "შტუტგარტთან" მატჩამდეც არ მალავდა წყენას, "მალაგასთან" ფლირტი გააჩაღა და გუნდის საბჭოში შესვლაც იუარა, შვაბებთან შეხვედრაში კი მოედანზეც ეტყობოდა, მწვრთნელზე ნაწყენი რომ არის. ფაქტია, რანგნიკმა სასწრაფოდ უნდა მიხედოს თავის ვარსკვლავს, თორემ ასე თუ გააგრძელა, მართვის სადავეები ფელიქს მაგათზე გაცილებით ადრე გაექცევა...

მაინცისგან ამას აღარ ველოდით
"ლევერკუზენის" ცენტრალური მცველი შტეფან რაინარტცი და მეკარე ფაბიან გიფერი ამ დღეებში სპეციალურ თერაპიას გაივლიან და გამორიცხული არაა, რომ იქ მეორე მცველი იომერ ტოპრაკიც დაპატიჟონ. სათერაპიო კი ის აქვთ, რომ "მაინცის" სწრაფმა წინახაზელებმა სამივე მათგანი გააშტერეს. ეს განსაკუთრებით კარნავალელთა ცენტრფორვარდ სამი ალაგუის ეხება. როცა გიფერი უდიერად მოეპყრო რაინარტცის (უნდა ითქვას, სულელურ) პასს, ალაგუიმ მყისვე ისარგებლა ამით და ბურთი ახლო კუთხეში შეაგორა.

არადა, გიფერი ამ თამაშში "ლევერკუზენის" არ უნდა მდგარიყო და თუ ათამაშეს, მხოლოდ იმიტომ, რომ "ფარმაცევტების" პირველი მეკარე რენე ადლერი ტრავმირებულია, მეორემ, დავიდ იელდელმა კი გერმანიის თასზე იმდენად ცუდად ითამაშა, რომ მწვრთნელმა რობინ დუტმა თქვა, ეს კაცი აღარ დამანახოთო. ამ ყველაფრის ფონზე გასაკვირი ნაღდად არ უნდა იყოს ის, რომ ლევერკუზენელები სერიოზულად ფიქრობენ ახალი, მეოთხე მეკარის ყიდვაზე (ადლერი ოქტომბრის ბოლომდე არ გამოჯანმრთელდება).

"ლევერკუზენის" პრობლემები "მაინცის" ბედნიერება იყო: მოგვიანებით, ალაგუიმ რაინარტცი გააცურა, მერე კი, "ფარმაცევტების" კარში მეორე გოლიც დუტის შეგირდების ბედოვლათობის გამო გავიდა: ალაგუიმ მარკო კალიჯურისთან კედელი გაითამაშა, კალიჯურიმ ცენტრისკენ უპასა, იქ კი ტოპრაკმა ავტოგოლი შეაგდო. არა, არა, სპეც-თერაპიაზე ამ უკანასკნელსაც აუცილებლად წაიყვანენ.

დუტს ბალაკი არ სჭირდება
ლევერკუზენელები 0:1-ს აგებდნენ, მწვრთნელმა დუტმა სადღაც მე-60 წუთისთვის კაპიტანი სიმონ როლფესი მოედნიდან გაიყვანა. ყველამ იფიქრა, ბალაკს შეიყვანსო, მაგრამ არა... დუტმა მოედანზე ნიკოლაი იორგენსენი შეუშვა, რაც, სხვათა შორის, ტაქტიკურად უფრო გამართლებული გადაწყვეტილება იყო, რადგან ეს უკანასკნელი ბალაკზე გაცილებით შემტევი ფეხბურთელია და "ლევერკუზენს" მუხტიც შემატა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ბალაკი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

სხვათა შორის, მიხაელის ბედი სხვა ისეთმა ფეხბურთელებმაც გაიზიარეს, რომლებიც აუცილებლად სასტარტოში მოიაზრებოდნენ: მანუელ ფრიდრიხს, გონსალო კასტროს და ჰანო ბალიტშს ვგულისხმობთ. დუტს ბალაკისკენ ბოლო წუთამდე არ გაუხედია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მიხაელი არც თავიდან სჭირდებოდა და არც იმ დროს, როცა გუნდს მაგრად უჭირდა.

ტურის იმედგაცრუება: ბაიერნი
რამდენიც და როგორც არ უნდა ილაპარაკონ, მიუნხენელები "ბაიერნის" "გლადბახთან" წაგებას მარტო მანუელ ნოიერს ვერ დააბრალებენ. თუკი რეკორდმაისტერის ფეხბურთელები პირველ ტაიმში კიდევ ნორმალურად კომბინირებდნენ, მეორე ნახევარში საერთოდ აირივნენ. ახლახან გამოჯანმრთელებული არიენ რობენი ბევრს ცდილობდა, ტრადიციულად დრიბლიორობდა მარჯვენა ფლანგზე და მერე ცენტრისკენ იწევდა, კარშიც ურტყამდა, მოკლედ, როგორც სჩვევია, განსხვავება კი ის იყო, რომ არაფერი გამოსდიოდა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც "ბაიერნის" წინა ხაზში რაღაცას ახერხებდა და შეიძლება ითქვას, რომ ვარგოდა, თომას მიულერი გახლდათ.

სამაგიეროდ, საერთოდ არ ჩანდა ტონი კროოსი, რომელიც იუპ ჰაინკესმა ერთადერთი ცენტრფორვარდის, მარიო გომესის უკან გაამწესა. კროოსს ამ შემთხვევაში გაუმართლა, რადგან ფრანკ რიბერი ძირითად შემადგენლობაში არ იყო, ჰაინკესი კი აუცილებლად მივიდოდა ერთ დასკვნამდე: თუ რობენი და რიბერი საუკეთესო ფორმაში არ იქნებიან, "ბაიერნს" "დორტმუნდის" დაჯაბნვა ამ სეზონშიც გაუჭირდება.

ტურის კლოუნი: მანუელ ნოიერი
სასაცილოა, აბა რა არის: თამაშის წინ რომ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილ ჯილდოს გადმოგცემენ და თამაშში კი, ახალი გუნდის ახალი ფორმით ისეთ შეცდომას დაუშვებ, მთელი ბავარია წაგებას შენ რომ დაგაბრალებს...

მანუელმა მიუნხენური კარიერა ცუდად დაიწყო, კვირას კი ერთობ არ გაუმართლა. როცა ზემოთ ხსენებულ ჯილდოს აძლევდნენ, მთელმა "ალიანს არენამ" ტაში დაუკრა - სხვათა შორის, ტაშს ნოიერისთვის იმ ავადსახსენებელ სამხრეთ ტრიბუნაზეც უკრავდნენ და წესით, "გლადბახთან" მატჩი მანუელისთვის ფანებისგენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო, მაგრამ...

62-ე წუთზე "გლადბახის" მცველმა როელ ბრუვერსმა "ბაიერნის" საჯარიმოსკენ მაღალი ბურთი გაგზავნა, მისთვის ორნი იბრძოდნენ: მიონხენგლადბახელი ფორვარდი იგორ დე კამარგო და მიუნხენელი მცველი ჟერომ ბოატენგი. მანუელს კი იქ მართლა არაფერი ესაქმებოდა და როცა კარიდან გიჟივით გავარდა, ბოატენგიც დაიბნა, იფიქრა, ნოიერი მოასწრებსო და ცხელ წერტილს განერიდა, ნოიერმა კი დე კამარგოს ვერ დაასწრო... ისე, ჯობია, გოლი ნახოთ... [იხილეთ ვიდეო]

"ბაიერნი" კი დამარცხდა და ამით ხომ ყველაფერი ნათქვამია.

პირველი ტურის სიმბოლური ნაკრები (კიკერი, 3-1-3-3)
მარკ ანდრე ტერ შტეგენი (გლადბახი, I) - როელ ბრუვერსი (გლადბახი, I), ფილიპ ვოლშაიდი (ნიურნბერგი, I), მარკო კალიჯური (მაინცი, I) - ვილიამ კვისტი (შტუტგარტი, I) - მარიო გიოტცე (დორტმუნდი, I), შინჯი კაგავა (დორტმუნდი, I), კევინ გროსკროიტცი (დორტმუნდი, I) - მარკუს როზენბერგი (ვერდერი, I), საშა მიოლდერსი (აუგსბურგი, I), მარიო მანჯუკიჩი (ვოლფსბურგი, I)

საუკეთესო ფეხბურთელები
1 ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 1.00
2. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ბორუსია (მ) 1.00
3. კევინ გროსკროიტცი ბორუსია (დ) 1.50
4. მარიო მანჯუკიჩი ვოლფსბურგი 1.50
5. სვენ ულრაიხი შტუტგარტი 1.50
6. სამი ალაგუი მაინცი 2.00
7. ჰოლგერ ბადშტუბერი ბაიერნი 2.00
8. როელ ბრუვერსი ბორუსია (მ) 2.00
9. მარკო კალიჯური მაინცი 2.00
10. დანტე ბორუსია (მ) 2.00


გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 1 1 2 3
2. კევინ გროსკროიტვი ბორუსია (დ) 1 2 0 2
3. პატრიკ ჰელმესი ვოლფსბურგი 1 2 0 2
4. მარიო მანჯუკიჩი ვოლფსბურგი 1 0 2 2
5. საშა მიოლდერსი აუგსბურგი 1 2 0 2
6. მარკუს როზენბერგი ვერდერი 1 2 0 2
7. იან შლაუდრაფი ჰანოვერი 1 1 1 2
8. მოჰამედ აბდელაუ ჰანოვერი 1 1 0 1
9. სამი ალაგუი მაინცი 1 1 0 1
10. ფელიქს ბასტიანსი ფრაიბურგი 1 0 1 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული