ახლა საინტერესო ისაა, სანაკრებო ვალის მოხდის შემდეგ, სისე ფრაიბურგში დაბრუნდება, თუ სადმე სხვაგან ჩავა. საქმე იმაშია, რომ მისი გადაბირება ერთდროულად რამდენიმე კლუბს სურს: ეპატიჟებიან ვოლფსბურგში, ინგლისში და რუსეთშიც, სადაც ძალიან მაღალ ხელფასს სთავაზობენ. რაკი სისემ გოლი "აუგსბურგსაც" გაუტანა
"ფრაიბურგი" 15 მილიონ ევროს ფეხს არ უცვლის, რადგან ბრაისგაუში ძალიან კარგად იციან ფასი. "ვოლფსბურგს" კი 15 მილიონი ეძვირება. იანვარში სისეს ყიდვა "შალკესაც" უნდოდა, მაგრამ "ფრაიმ" სენეგალელი გოლეადორი მაშინაც 15 მილიონი დააფასა და ფელიქს მაგათმა მისი შეძენა ვერ შეძლო. ეს უკანასკნელი ახლა "ვოლფსბურგში" მუშაობს და სენეგალელსაც ისევ დაუმიზნა, მაგრამ ფრაიბურგელები კომპრომისზე არ მიდიან. შაბათს კი კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რატომ არ აკლებს "ფრაიბურგი" - სისე მართლა კარგი თავდამსხმელია.
ინგლისში სისეს ყიდვა "ტოტენჰემსა" და "ფულჰემს" უნდათ. თუმცა 15 მილიონი ინგლისელებსაც ეძვირებად. სამაგიეროდ, ამ თანხას სიამოვნებით გადაიხდის რუსული კლუბი გროზნოს "ტერეკი". ამბობენ, სენეგალელი ფორვარდის ყიდვა ყაზანის "რუბინს" და ნალჩიკის "სპარტაკსაც" უნდათო. "ფრაიბურგის" ხელმძღვანელები ამბობენ, ჩვენ სისესთან შეთანხმებულები ვართ, სანამ მისი მსურველი გუნდი ჩვენ არ შეგვითანხმება, თავად პაპის დემბას ვერავინ შეეხმიანებაო.
დიდი შანსია, რომ "ფრაიბურგი" რუსული კლუბების წინადადებებს დათანხმდეს, მაგრამ მოუნდება კი სენეგალელს რუსეთში თამაში? რაც უნდა იყოს, გროზნოში, ყაზანსა თუ ნალჩიკში მაღალი ხელფასის აღებას, ისევ "ვოლფსბურგში" და მით უმეტეს "ტოტენჰემში" ან "ფულჰემში" თამაში ჯობია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"