რატომ და რით ჯობია "დორტმუნდი" "ბაიერნს"

AutoSharing Option
ბუნდესლიგის პირველმა ტურმა ბევრი სიურპრიზი შემოგვთავაზა, ყველაზე მთავარი კი ორი იყო: თითქოს, საზაფხულო პაუზა არც ყოფილიყოს, დორტმუნდის "ბორუსიამ" "ჰამბურგთან" ზუსტად ისე კარგად ითამაშა, როგორც საჩემპიონო სეზონში და 3:1 მოიგო, მიუნხენის "ბაიერნმა" კი პირიქით, ზუსტად ისე ცუდად ითამაშა, როგორც გასულ სეზონში და საკუთარ მოედანზე მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან" დამარცხდა.

მაინც რატომ მოხდა ასე? რატომ ვერ გამოსწორდა რეკორდმაისტერი და რატომ ოდნავ მაინც არ დაეტყო შედარებითი უმოტივაციობა "ბორუსიას"?

ფაქტია, მიუნხენურ გრანდს ჯერჯერობით ვერც მწვრთნელის შეცვლამ უშველა და ვერც ახალმა, ძვირადღირებულმა ფეხბურთელებმა, დორტმუნდელები ზუსტად ისეთი შემართებით
თამაშობენ და ისე კომბინირებენ, როგორც რამდენიმე თვის წინ, როცა გერმანიის ჩემპიონობა აბსოლუტურად დამსახურებულად იზეიმეს.

დორტმუნდის ტაქტიკა: სწრაფი ფეხბურთი
"ბორუსია" იმის გამო გახდა გერმანიის ჩემპიონი, რომ ახალგაზრდული გუნდია, რომელსაც მწვრთნელმა იურგენ კლოპმა უდიდესი მოტივაცია გაუჩინა და ფეხბურთს ძალიან სწრაფ ტემპში ათამაშებდა. კლოპის საფეხბურთო ფილოსოფიის უმთავრესი დეტალი სირბილი, ბევრი სირბილია და იურგენი მოთამაშეებს განსაკუთრებით ბევრ სირბილს მაშინ სთხოვს, როცა ბურთს არ ფლობენ. დორტმუნდელ ფეხბურთელებს ერთნაირად სიამოვნებთ როგორც ბურთის მოპოვების, ისე შეტევების განხორციელების პროცესი და დაცვიდან შეტევაში ძალიან სწრაფად გადადიან.

დორტმუნდელთა არცერთი ფეხბურთელი არ არის ვალდებული, რომ თავის პოზიციაზე და მის "შემოგარენში" იმოძრაოს - კლოპი ბიჭებს სრულ თავისუფლებას აძლევს, ოღონდ იქვე იმასაც ითხოვს, რომ ბიჭებმა ერთმანეთი დააზღვიონ და თანაც, ეს ყველაფერი საკმაოდ მაღალ ტემპში ხდება. ამ აღწერით ისე გამოდის, თითქოს "დორტმუნდი" "ბარსელონას" დარი ტაქტიკით თამაშობდეს, მაგრამ მთლად ასე არაა. თუკი "ბარსას" შეტევებისას მოკლე პასების კორიანტელს ვხედავთ ხოლმე, "ბორუსია" სწრაფ ტემპზე აკეთებს აქცენტს და შესაბამისად, მეტოქის ნახევარზე ბურთის გორება არასდროს იწელება.

ბაიერნის ტაქტიკა: არ ჩანს
რეკორდმაისტერი ბოლო ორი წლის განმავლობაში, ანუ, ლუის ვან გაალის ხელში "ბარსელონას" დარი ტაქტიკით (მთლად ისეთითაც არა, მაგრამ მაინც) თამაშობდა და ბურთის ფლობაზე იყო ორიენტირებული, თუმცა ამ ტაქტიკის მაღალ ხარისხს მაინც ვერ მიაღწია. სამაგიეროდ, მიუნხენური კლუბი ამ ორი წლის განმავლობაში თავს ძალიან ცუდად იცავდა, შეტევისას კი, ბავარიელებს ხშირად გადამწყვეტი თავდაჯერება აკლდათ. ამიტომაც იყო, "ბაიერნს" გოლების უმეტესობა არიენ რობენის ან სხვების ინდივიდუალური ოსტატობის, ან მეტოქეების შეცდომების ხარჯზე რომ გაჰქონდათ.

რეკორდმაისტერს სწრაფ ტემპში მოთამაშე ან დაცვაზე ორიენტირებული გუნდების წინააღმდეგ წარმატების მირწევა ძალიან უჭირდა და ასეთ გუნდებთან მუდმივად პრობლემები ექმნებოდა. მართალია, იუპ ჰაინკესმა დაცვის ხაზი მეტნაკლებად დაალაგა და "ბაიერნი" დაცვაში ახლა გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე რამდენიმე თვის წინ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის - ყოველ შემთხვევაში, "გლადბახთან" არ იყო საკმარისი. საერთო ჯამში, ჰაინკესის "ბაიერნში" ჯერჯერობით კონკრეტული ტაქტიკა არ ჩანს. სქემა ჩანს და იგივეა (4-2-3-1), ტაქტიკა კი - არა.

დორტმუნდში მოძრაობაა, ბაიერნში უმოძრაობა
პირველმა ტურმა განსხვავევები უფრო თვალსაჩინო გახადა. "ბორუსიაც" და "ბაიერნიც" ისეთ მეტოქეებს ეთამაშებოდნენ, რომლებიც დაცვაზე არიან ორიენტირებულები - "ჰამბურგმაც" და "გლადბახმაც" დორტმუნდელებს და მიუნხენელებს ბურთი მეტ-ნაკლები სიამოვნებით დაუთმეს და თავიანთ შანსს მხოლოდ კონტრშეტევებზე ეძებდნენ. ამ ორ შეხვედრაში მეტი მსგავსება არ ყოფილა!

"ბორუსიამ" "გლადბახზე" ძლიერი "ჰამბურგი" ასე მარტივად იმიტომ დაამარცხა, რომ კლოპის ბიჭები მოედნის ცენტრში დაბალი, სწრაფი პასებით ძალიან კარგად კომბინირებდნენ. "ბორუსიას" მეორე გოლი კი სულაც კომბინაციური შედევრი იყო: რობერტ ლევანდოვსკიმ მარიო გიოტცეს ქუსლით გაუთამაშა, ამ უკანასკნელმა მსუბუქად გაიტანა. კევინ გროსკროიტცმა კი, გარდა იმისა, რომ დუბლი შეასრულა, კიდევ ერთხელ გაგვაოცა იმით, რომ დროული პასის გაკეთება ზედმეტი დაფიქრების გარეშე შეუძლია და სხვათა შორის, "ბორუსიას" თამაშს ყველაზე მეტად სწორედ გროსკროიტცი ასწრაფებს.

"ბაიერნში" კი რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა. ჰაინკესის გუნდი საერთო ჯამში ერთობ სტატიკურ ფეხბურთს თამაშობდა - შეიძლება ითქვას, რომ რეკორდმაისტერი უმოძრაო იყო, ფეხბურთელებს თითქოს სირბილი ეზარებოდათ. "ბორუსიასა" და "ბაიერნს" შორის ამ შემთხვევაში მთავარი განსხვავება ნახევარდაცვაა (ტაქტიკური სქემები ხომ ერთნაირია): თუკი გიოტცე და გროსკროიტცი ტემპს აჩქარებენ, ტონი კროოსი და ბასტიან შვაინშტაიგერი ზედმეტად ზანტები ჩანან. თუკი "ბორუსიას" ნახევარმცველები მუდივად ხეირიანი კომბინაციის გათამაშებაზე ფიქრობენ (თან, არ დაგავიწყდეთ, რომ გიოტცეს და გროსკროიტცს უსწრაფესი და უტექნიკურესი შინჯი კაგავაც ემატებათ), "ბაიერნის" ნახევარმცველები უმეტესად მარტივ გადაწყვეტილებას იღებენ და მეტოქის საჯარიმოში მაღალ ბურთს გზავნიან იმ იმედით, რომ იქ მარიო გომესი რაღაცას მოახერხებს.

ეს წესით არ უნდა ეხებოდეს არიენ რობენს და არც ფრანკ რიბერის, მაგრამ "გლადბახთან" ჰოლანდიელიც უმაქნისი იყო, რიბერის კი ჯერჯერობით ეპატიება, რადგან ახლახან გამოჯანმრთელდა. ერთი სიტყვით, ჰაინკესის ბიჭები ისე იქცევიან, თითქოს მეტოქის საჯარიმოში ყოფნა გომესს ჰქონდეს დაპატენტებული და იქ სხვა მიუნხენელის შესვლა ტაბუდადებული თემა იყოს. აქედან გამომდინარე, არც ისაა გასაკვირი, რომ "ბორუსიასგან" განსხვავებით, ბაიერნელები მეტოქის საჯარიმოში თითქმის სულ კაცნაკლულები იყვნენ.

დორტმუნდში გუნდურობა, ბაიერნში პარტიები
ყოველივე ზემოთქმული კი ავტომატურად წარმოშობს კიდევ ერთ სერიოზულ განსხვავებას: დორტმუნდის "ბორუსია" ისევ ერთ მუშტად შეკრული გუნდია, რასაც "ბაიერნზე" ჯერ კიდევ ვერ ვიტყვით. "ბორუსიაში" ცენტრალური მცველი მატს ჰუმელსი შეტევების უმეტესობას დიდი სიამოვნებით იწყებს გამოზომილი ვერტიკალური პასებით, "ბაიერნში" კი ამას ვერცერთ მცველზე ვერ ვიტყვით.

"ბაიერნის" თამაში გაცილებით ფრაგმენტირებული და იოლად პროგნოზირებადია. აშკარად ჩანს, რომ მიუნხენური გიგანტის ბევრი წამყვანი მოთამაშე საუკეთესო ფორმისგან ძალიან შორსაა. მაგალითად, ცენტრალურ მცველებს, ჰოლგერ ბადშტუბერსა და ჟერომ ბოატენგს "გლადბახთან" შეტევისთვის არაფერი უკეთებიათ, ფლანგის მცველებისგან, ფილიპ ლამისგან და რაფინიასგან კი გაცილებით მეტს ველით. თავად განსაჯეთ: კაპიტან ლამს მიონხენგლადბახელთა საჯარიმოში ერთხელაც არ ჩაუწოდებია, რაც, დაგვეთანხმებით, იშვიათია. რაფინიამ რამდენჯერმე კი ჩააწოდა, მაგრამ უმეტესად არაზუსტად. ამას ისიც დაემატა, რომ რობენს რაფინიასთან ერთხელაც არ გაუთამაშებია ხეირიანი კომბინაცია (არადა, ერთ ფლანგზე იყვნენ) და საერთოდაც, ჰოლანდიელი ცუდად გამოიყურებოდა. შესაბამისად, რეკორდმაისტერის ორივე ფლანგი გათიშული იყო. მართალია, შეცვლაზე შესულმა რიბერიმ "ბაიერნის" თამაში ცოტათი გამოაცოცხლა, მაგრამ მხოლოდ ცოტათი...

დასკვნა
არანაირი სიმძაფრე ფლანგებზე, არანაირი მწვავე, სწრაფი შეტევები ცენტრიდან, უმეტესად სტატიკური ფეხბურთი და მაღალი პასები მარიო გომესისკენ - რა გასაკვირია, რომ "გლადბახს" რეკორდმაისტერის შეტევების გაუვნებელყოფა გაუადვილდა. ისიც ლოგიკრია, რომ ბავარიელებმა გოლი ვერ გაიტანეს. თუ დააკვირდით, "ბაიერნის" პრობლემებზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, მანუელ ნოიერის შეცდომა კი, რომელმაც "გლადბახს" გამარჯვების გოლი გაატანინა, ერთხელაც არ გვიხსენებია. ამით იმის თქმა გვინდა, რომ "გლადბახთან" მარცხის ნოიერის შეცდომაზე გადაბრალება არასწორია.

დორტმუნდელებმა კი, "ჰამბურგის" დაცვას პირველივე წუთიდან ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნეს, სწრაფი და პირდაპირი პასებით ხშირად აბნევდნენ. შედეგიც სახეზეა: სამი გოლი და უპრობლემოდ მოპოვებული სამი ქულა. თანაც, დორტმუნდლებს ზაფხულის "საშინაო დავალება" უკვე გაკეთებული აქვთ: "ნიურნბერგიდან" ნაყიდ ილქაი გიუნდოგანს ნაღდად აქვს იმის შანსი, რომ "რეალში" გაყიდული ნური შაჰინი ღირსეულად შეცვალოს. შესაბამისად, პირველივე ტურის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დორტმუნდელები ამ სეზონშიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ. ყოველ შემთხვევაში, ლოგიკურად ასე უნდა იყოს. "ბაიერნს" კი, თუ ჰაინკესმა რამე არ შეცვალა, "ვერცხლის სინის" დაბრუნებისთვის ბრძოლა გაუჭირდება. რეკორდმაისტერს პირველ რიგში იდეები აკლია. ისე, მთელი ეს შედარება, შეგვეძლო, ერთ წინადადებაში გაგვეერთიანებინა: ჯერჯერობით "რობერი" "გროსგიოტცესთან" აგებს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არაჩვეულებრივი სტატიაა,მიუხედავად იმისა რომ მე ბაიერნის გულშემატკივარი ვარ 100%სიმართლე წერია აქ თან თავისი გარჩევებით.
kac800
21:57 10-08-2011
0

სიახლეები პოპულარული