90 წუთი სათადარიგოთა სკამზე, სადამდე იყუჩებს ბალაკი?

AutoSharing Option
მიხაელ ბალაკისთვის "ლევერკუზენში" გატარებული პირველი სეზონი ძალიან მძიმე გამოდგა, თუმცა ამას ობიექტური მიზეზი (ტრავმა) ჰქონდა. ამ სეზონში კი, 34 წლის ნახევარმცველი, რომელიც გერმანიის ნაკრებიდან ცოტა ხნის წინ დაიფრინეს, იმედოვნებს, რომ მისთვის ყველაფერი გაცილებით უკეთესად იქნება. მაგრამ ჯერჯერობით ბალაკის საქმეს კარგი პირი არ უჩანს.

არადა, მიხაელმა მოსამზადებელი შეკრება თავიდან ბოლომდე გაიარა, ფიზიკური კონდიციაც საუკეთესო აქვს და არც უმოტივაციობას უჩივის - სულაც პირიქით. ექსპერტები, რომლებიც ბალაკს ვარჯიშებზე აკვირდებოდნენ, ამბობდნენ, მიხაელი იმდენად მონდომებულია, რომ კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ჩაატარებსო.

ლევერკუზენელებმა ამ სეზონში უკვე
ორი ოფიციალური მატჩი ჩაატარეს (გერმანიის თასზე და ბუნდესლიგის პირველ ტურში) და ბალაკი ორივე შეხვედრაში სათადარიგოთა სკამს ხეხავდა. თუკი თასზე, დრეზდენის "დინამოსთან" მატჩში მწვრთნელმა რობინ დუტმა მეორე ტაიმში მაინც შეიყვანა (და "ლევერკუზენმა" ბალაკთან ერთად 4 გოლი გაუშვა), კვირას, "მაინცთან" ბოლომდე სკამზე დატოვა. ძირითადში კი სიმონ როლფესი და ლარს ბენდერი თამაშობდნენ. დუტი მიხაელის შეცვლაზე შეყვანაზეც კი არ ფიქრობდა - ჯერ საყრდენი როლფესი შეცვალა და პირველ რიგში მის ნაცვლად შეეძლო მიხაელის შეყვანა, მერე კი მესამე ცვლილება საერთოდ აღარ გამოიყენა.

მოსამზადებელი შეკრების შემდეგ დუტი ამბობდა, ბალაკი კარგ ფორმაშიაო, მაგრამ მაინც არ ათამაშებს. ერთადერთი დასკვნა, რომლის გაკეთებაც შეიძლება, ასეთია: დუტი ფიქრობს, რომ ბალაკი მის გუნდს ამ ეტაპზე ვერაფერს შემატებს. ზოგადად კი, თუ ლევერკუზენელებმა წარუმატებლობათა სერია გააგრძელეს და ახალი სეზონი ცუდად დაიწყეს, დუტს ძალიან მალე შეექმნება პრობლემები.

მიხაელ ბალაკი კი ჯერჯერობით დუმს. სადამდე? საკითხავი აი, რა არის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული