შვებით ამოისუნთქა ბრემენელთა 29 წლის მეკარე ტიმ ვიზემაც, რომელიც ზუსტად ისეთ გაურკვევლობაში იყო, როგორც მთელი გუნდი. ტიმისთვის გასული უქმეები ორმაგად საინტერესო იყო, რადგან გერმანიის ნაკრებში მისმა კონკურენტმა მანუელ ნოიერმა ამ რანგის მეკარისთის სამარცხვინო შეცდომა დაუშვა, მისმა "ბაიერნმა" "გლადბახთან" წააგო. ვიზეს ნოიერი ოდნავადაც არ ეცოდება. რატომ? პასუხს "11
- ჰერ ვიზე, ბუნდესლიგის პირველ ტურში "ვერდერმაც" მშვენივრად ითამაშა და თქვენც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეთ. მანუელ ნოიერმა კი, რომელიც გერმანიის ნაკრებში თქვენი კონკურენტია, მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან" სამარცხვინო შეცდომა დაუშვა, რის გამოც "ბაიერნმა" წააგო. შეგეცოდათ მანუელი?
- არა, რადგან მეკარის ბედი ასეთია, შეცდომის, მით უმეტეს საბედისწერო შეცდომის დაშვების უფლება არცერთ კიპერს არ აქვს და თუ იაღლიში მოგივა, მერე წარუმატებლობას ყველა შენ გაბრალებს, რადგან მეკარის შეცდომა ყოველთვის ძალიან თვალსაჩინოა და ნებისმიერი შეცდომა გუნდს შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს. მეკარეობას ამ კუთხით თუ შევხედავთ, ძალიან მურტალი საქმეა. გოლკიპერი ან გმირია, ანაც იდიოტი - ჩვენს პროფესიაში შუალედი არ არსებობს.
- თქვენთვის ორივე განცდა ნაცნობი იქნება...
- რა თქმა უნდა, მე ხომ საკმარისად გამოცდილი ვარ და უკვე ფაქტობრივად ყველაფერი ვნახე. 2006 წელს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ტურინის "იუვენტუსთან" მეც დაახლოებით ასეთი რამ დამემართა და იმ შეცდომის გამო "ვერდერი" ლიგიდან გავარდა. არადა, კარგად მახსოვს, ტურინულ გრანდს ორივე თამაშში ვაჯობეთ და ლოგიკურად, მეოთხედფინალში ჩვენ უნდა გავსულიყავით.
მეკარე ყოველთვის უმძიმესი წნეხის ქვეშაა მოქცეული და საკმარისია, ასეთი საბედისწერო შეცდომა ზედიზედ რამდენჯერმე მოგივიდეს, რომ შენს კარიერაში პროგრესი ფაქტობრივად გამოირიცხება. მერე მაქსიმუმ იმ დონეზე დარჩე, რაც ასევე დიდი მიღწევა იქნება, უმეტესად კი, რეგრესს განიცდიან ხოლმე და მოგვიანებით ასეთ მეკარეს მხოლოდ უფრო სუსტ გუნდში თუ მიიღებენ.
ეს ყველაფერი წნეხის ბრალია: მეკარე ყოველთვის ერთია, მას მოედანზე მყოფი ვერცერთი ფეხბურთელი ვერ დააზღვევს. აი, საყრდენი ნახევარმცველის დაზღვევა ცენტრალურ მცველსაც შეუძლია და ზოგ შემთხვევაში თავდამსხმელსაც, მარცხენა მცველს მარცხენა ნახევარმცველი დააზღვევს, ცენტრფორვარდებიც ჩამოდიან ხოლმე საკუთარ საჯარიმოში, რათა დაეხმარონ მცველებს, რომლებიც ისედაც უმეტესად ოთხნი არიან. მეკარეები კი ყოველთვის მარტონი ვართ...
- "ბაიერნის" გულშემატკივრების გარკვეული ნაწილი დღემდე ნოიერის წინააღმდეგია. რეკორდმაისტერის ულტრასები მანუელს არა და არ ურიგდებიან, რაც მასზე ზეწოლის სიმძიმეს ზრდის. ფანების პროტესტი მეკარეს უფრო მეტად ანერვიულებს და თავდაჯერებას აკლებს, ხომ ასეა?
- ცხადია. თუ საკუთარი ფანები გისტვენენ, ეჭვის თვალით გიყურებენ და ხვდები, რომ გულზე არ ეხატები, ეს შენს მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს და შეცდომების დაშვების ალბათობასაც ზრდის. ზოგადად, მანუელმა ძალიან ბევრი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ულტრასები შეურიგდნენ. ვაღიარებ: ნოიერი უმძიმეს მდგომარეობაშია, მაგრამ თუ ამ წნეხს გაუძლო და შტორმი გადაიტანა, მერე მისგან მართლა დადგება მსოფლიოში საუკეთესო მეკარე. ჩვენი პროფესიისთვის ყველაზე მთავარი ხომ თავდაჯერებაა. შესაძლოა, საუკეთესო რეაქცია არ გქონდეს, მაგრამ მაღალ დონეს თავდაჯერება მიგაღწევინებს.
- ნოიერის შეცდომა ხომ არ გაიმედებთ, რომ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების პირველი მეკარე იქნებით?
- არა, ასე არ ვფიქრობ. რა თქმა უნდა, ძალიან მინდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ბუნდესგუნდის კარი მე დავიცვა და ვფიქრობ, ამას ძალიან კარგადაც შევძლებდი, მაგრამ მანუელი ისედაც მძიმე წნეხის ქვეშაა მოქცეული და ჩემგან დამატება აღარ სჭირდება. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ "ვერდერის" რიგებში ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე უნდა ვიდგე და სტაბილურად კარგად ვითამაშო, რათა ნაკრებში მუდმივად მიწვევდნენ. დანარჩენი კი მწვრთნელის, იოახიმ ლიოვის გადასაწყვეტია. რაც არ უნდა ვილაპარაკო, ყველაფერი ხომ მაინც ისე იქნება, როგორც იოგი იტყვის, ლაპარაკით და გრძელი ენით კი პირიქით, შეიძლება საქმე გაიფუჭო.
- ამ ბოლო დროს ექსპერტები ძალიან აქებენ მიონხენგლადბახის "ბორუსიას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენს და "ჰანოვერის" კიპერ რონ-რობერტ ცილერს. ორივე მათგანი ძალიან ახალგაზრდა და პერსპექტიულია. თქვენზე კი აღარავინ საუბრობს. აღარ გაფასებენ?
- ჩემი შესაძლებლობების შესახებ ყველამ ყველაფერი იცის. ქება სულაც არ მჭირდება, მათ ასაკში რომ ვიყავი, მე უფრო მეტს მაქებდნენ. დამაინც: რამდენი მატჩი აქვთ ჩატარებული ტერ შტეგენს და ცილერს ბუნდესლიგაში? 5? 15? არც ვიცი. მე ბუნდესლიგაში 250 შეხვედრა მაქვს ჩატარებული და ეს რიცხვი ყველაფერზე ნათლად მეტყველებს. გარდა თავდაჯერებისა, მეკარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილებაც. ჩემნაირ კარიერაზე კი ბევრი კიპერი ოცნებობს.
- "ვერდერთან" კონტრაქტი 2012 წლამდე გაქვთ გაფორმებული. "ბილდის" კოლუმნისტმა, მარიო ბასლერმა თქვა, დარწმუნებული ვარ, რომ ვიზე გაისად "შალკეში" გადავაო...
- ვნახოთ, ვნახოთ... გელზენკირხენული კლუბი მართლაც იყო დაინტერესებული, მაგრამ მე შალკელებთან საქმე არ მაქვს, რადგან ბრემენში კონტრაქტი არ ამოწურულა. როგორც ვიცი, ჩემი აგენტი როჯერ ვიტმანი "ვერდერის" სპორტულ დირექტორ კლაუს ალოფსს უკვე ესაუბრა. წლის ბოლოს გადაწყვეტილებასაც მივიღებთ - შეიძლება ახალი კონტრაქტი გავაფორმო. თუ ასე არ მოხდა, ცხადია, სხვაგან წავალ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"