ზუსტად ისე, როგორც გერმანიის ნაკრების ბოლო ხუთ შეხვედრაში, იოგიმ 23 წლის შემტევი ნახევარმცველი არც ბრაზილიასთან ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახა და შესაძლოა, ინანა კიდეც, რადგან პარასკევს, როცა ლიოვს შემადგენლობა უკვე დასახელებული ჰქონდა, გროსკროიტცმა ბუნდესლიგის პირველ ტურში, "ჰამბურგთან" დუბლი შეასრულა (3:1 ბორუსიას სასარგებლოდ). ლიოვმა ბრაზილიასთან ტესტ-მატჩისთვის რამდენიმე დორტმუნდელს უხმო – ილქაი
"ცხადია, გული დამწყდა, მაგრამ რას ვიზამ, მწვრთნელმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. მე კი მეტი არაფერი დამრჩენია, გარდა იმისა, რომ უფრო მეტად მოვინდომო და ჩემი შესაძლებლობები ბუნდესლიგაში ვამტკიცო. ნაკრებში არგამოძახება ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა, - აცხადებს გროსკროიტცი "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში და იქვე დასძინა, - ლიოვს პირადად ჩემთვის არაფერი უთქვამს, მაგრამ მოსამზადებელ შეკრებაზე მის ასისტენტ ჰანსი ფლიკს შევხვდი და ვესაუბრე. ფლიკმა ამიხსნა, ნაკრებიდან არავის ჩამოუწერიხარ, თუ კარგად ითამაშებ, მომავალ მატჩებში ლიოვი ყურადღებას აუცილებლად მოგაქცევსო. ჩემი მიზანი ბუნდესგუნდში დაბრუნებაა და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ".
აი, "დორტმუნდში" კი საქმეები ძალიან კარგად მისდის. "ბორუსიამ" ახალი სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, თავად გროსკროიტცმა კი "ჰამბურგთან" სულაც დუბლი შეასრულა და არა მარტო მატჩის, არამედ მთლიანად ტურის ერთ-ერთი გმირი გახდა – თანაკლუბელ გიოტცესთან ერთად. "შავ-ყვითლების" კონკურენტებმა კი ბუნდესლიგაში სუსტი სტარტი აიღეს, თუმცა კევინი ამბობს, პირველ ტურს დიდ მნიშვნელობას ნუ მივანიჭებთ, წინ კიდევ 33 ტურია და დასკვნების გაკეთება ჩვენზე თუ ჩვენს კონკურენტებზე, ჯერ ძალიან ნაადრევიაო.
"პირველ ტურში "ბაიერნის" და "შალკეს" წაგება ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ვფიქრობ, მიუნხენური გრანდი მაინც უპირველესი ფავორიტია, - ამბობს გროსკროიტცი, რომელიც სულით ხორცამდე დორტმუნდელია და არ გამორიცხავს, რომ მთელი კარიერა "ბორუსიაში" გაატაროს, - არ არსებობს მიზეზი, რისთვისაც მსოფლიოში საუკეთესო კლუბი უნდა დავტოვო. იმედი მაქვს, რომ ამის მიზეზი არც არასდროს მექნება".
მაგრამ თუ ოდესმე მაინც მოუნდა დორტმუნდიდან აბარგება, ყველაზე მეტად ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლის პერსპექტივა მოხიბლავს. "დორტმუნდის" შემდეგ კევინი ბავშვობიდან "ლივერპულს" და ლონდონის "არსენალს" ქომაგობდა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"