შალკე-კიოლნი 17:30
დისკვალიფიკაცია: ნოვაკოვიჩი (კიოლნი)
ტრავმა: ესკუდერო, ჰუგლანდი, ყენია, მორიტცი, ფარფანი - მოჰამადი, პეტიტი, პეცონი, სანუ, ფრაისი, იონიცა
ჰამბურგი-ჰერტა 17:30
ტრავმა: შტეპანეკი, არსლანი, სალა, ბერგი, გერერო - ჰუბნიკი, შულცი, დიურიჩინი, კარგბო
ნიურნბერგი-ჰანოვერი 17:30
ტრავმა: შტეფანი, ნილსონი, ფრანტცი, ცაიტცი - ანდრეასენი, კარლიტოსი, სობიეხი
ფრაიბურგი-მაინცი 17:30
ტრავმა: როზენტალი - სვენსონი, ფ. ჰელერი, შალაი
ჰოფენჰაიმი-ბორუსია (დ) 17:30
ტრავმა: გულდე, იბერტსბერგერი, იაისლე, სიგურდსონი, ვუკჩევიჩი, ვაისი, იბიშევიჩი, მუსონა - კოხი, ოვომოიელა, სუბოტიჩი, ბაკალორცი, ბარიოსი
ვოლფსბურგი-ბაიერნი 17:30
ტრავმა: ა. ფრიდრიხი, კალენბერგი - ბრენო
ბორუსია (მ)-შტუტგარტი 20:30
ტრავმა: შტრანცლი - ბიჩაქჩიჩი, დელპიერი, ნიდერმაიერი,
ხვალ
კაიზერსლაუტერნი-აუგსბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: სანკო (აუგსბურგი)
ტრავმა: ბუგერა, ლუკასი, შიმუნეკი, ვერმუთი, ნემეცი - იორლი, რაფაელი
ლევერკუზენი-ვერდერი 19:30
ტრავმა: ადლერი, გიფერი, ოჩიპკა, ბარნეტა - ბალოგუნი, ბიონიში, ნალდო, სილვესტრი, ბოროვსკი, ავდიჩი, აიქი
საინტერესო და დამაინტრიგებელი სტარტის შემდეგ, საფეხბურთო გერმანია ბუნდესლიგის მეორე ტურს უდიდესი ინტერესით ელოდება. თუკი გაურკვევლობაში მყოფმა კლუბებმა (შტუტგარტი, მაინცი, ვერდერი) შეძლეს და სეზონი მოგებებით დაიწყეს, ზოგიერთმა გრანდმა წარუმატებელი სტარტი აიღო - "შალკეს", "ლევერკუზენს" და "ბაიერნს" კორექტურის შანსი მიეცემათ.
აღსანიშნავია, რომ მიუნხენურ გრანდს ფელიქს მაგათის "ვოლფსბურგის" სახით სერიოზული მეტოქე ჰყავს და რეკორდმაისტერს მორიგი საინტერესო გამოცდა ელის. რაც შეეხება ჩემპიონ "დორტმუნდს" - იურგენ კლოპის ბიჭები "ჰოფენჰაიმს" სტუმრობენ.
ბაიერნი მაგათის ხახაში
მეორე ტური სანაკრებო თამაშების გამო პარასკევს არ დაწყებულა. სამაგიეროდ, დღეს ერთბაშად შვიდი შეხვედრაა. ერთ დროს "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ფელიქს მაგათმა "ვოლფსბურგს" სეზონი მსუყე გამარჯვებით დააწყებინა (3:0 კიოლნში). ამრიგად, "დესპოტმა ფელიქსმა" შეძლო და გერმანიის თასზე განცდილი კრახის შემდეგ შეგირდები აზრზე მოიყვანა.
"მგლებს" დღეს "ბაიერნის" სახით უპრინციპულესი მეტოქე ჰყავთ. რეკორდმაისტერმა პირველ ტურში სირცხვილი ჭამა (0:1 გლადბახთან) და თუ ქულებს "ვოლფსბურგთანაც" დაკარგავს, იუპ ჰაინკესს და კომპანიას ჩაფლავებული სტარტი გამოუვათ. დღეს მიუნხენელთაგან ყველაზე მოტივირებული უდავოდ მეკარე მანუელ ნოიერი იქნება, რადგან "გლადბახთან" სწორედ მან დაუშვა ის საბედისწერო შეცდომა, "ბაიერნის" წაგების ფასად რომ დაუჯდა. ფაქტია, რომ რეკორდმაისტერს ურთულესი თამაში ელის, რადგან კიოლნში დიდი ანგარიშით მოგების შემდეგ ვოლფსბურგელები ეიფორიაში არიან.
სალიჰოვიჩი დორტმუნდს ემუქრება
ჰოფენჰაიმელები ეიფორიაში არ არიან, მაგრამ ფაქტია, რომ ჰანოვერში განცდილი სასტარტო მარცხის (1:2) შემდეგ, გერმანიის ჩემპიონ დორტმუნდის "ბორუსიასთან", რომელმაც პირველ ტურში შესანიშნავად ითამაშა და სეზონი "ჰამბურგის" დამარცხებით (3:1) გახსნა, ძალიან მოინდომებენ. "სოფლელთა" ერთ-ერთი ლიდერი სეიად სალიჰოვიჩი ამბობს, "დორტმუნდი" სულაც არაა დაუმარცხებელი გუნდი, შარშან მოვახერხეთ და მომავალი ჩემპიონი 1:0 დავამარცხეთ, ჰოდა, რატომ არ უნდა გავიმეოროთ იგივე წელსაცო. მაგრამ თუ "ბორუსია" "ჰოფენჰაიმთანაც" ისე ითამაშებს, როგორც "ჰამბურგთან" ითამაშა (70 წუთის შემდეგ შეხვედრის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო), "ჰოფეს" "ბორუსიასთან" ქულების აღების შანსი არ ექნება. ასეთ ფორმაში მყოფი BVB დაუმარცხებელია.
"შალკესთვის" "შტუტგარტი" გამოდგა დაუმარცხებელი - გელზენკირხენელები შვაბებთან 0:3 განადგურდნენ. ლევან ყენიას გუნდის დღევანდელმა მეტოქემ, "კიოლნმა", პირველ ტურში "ვოლფსბურგთან" იგივე ანგარიშით წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ "შალკესა" და "კიოლნის" დაპირისპირება დღესდღეობით ბოლო ორ ადგილზე მყოფი გუნდების დუელია. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ გასული სეზონის გადაბმით "შალკეს" ზედიზედი ხუთი ოფიციალური თამაში აქვს წაგებული, გელზენკირხენულ კლუბს ზუსტად ისეთი ჰორორ-სცენარის გამეორების საფრთხე ემუქრება, რაც შარშან დაემართა: გაგახსენებთ, ერთი წლის წინ "შალკემ" სეზონი ზედიზედ ოთხი წაგებით დაიწყო.
"პირველივე საშინაო მატჩის წინ მძიმე წნეხის ქვეშ ვართ მოქცეულები, - წუხს "შალკეს" თავკაცი რალფ რანგნიკი, - "კიოლნთან" აუცილებლად უნდა მოვიგოთ!"
აღსანიშნავია, რომ "თხებს" დაცვაში სერიოზული საკადრო პრობლემები აქვთ. ცოტა ხნის წინ გამოჯანმრთელებული მოჰამადი ისევ დაშავდა და მას ლაზარეთში პეცონიც მიჰყვა. შესაბამისად, კიოლნელების თავკაცი სტალე სოლბაკენი იძულებულია, დაცვის ცენტრში ვეტერანი მაკენა ათამაშოს. "კიოლნს" დღეს ძირითადი შემადგენლობის ცენტრალური თავდამსხმელი მილოვოე ნოვაკოვიჩიც (დისკვალიფიკაცია) არ ეყოლება.
ჰამბურგი თუ ჰერტა?
დღესვე, ერთმანეთს პირველი ტურის კიდევ ორი დამარცხებული დაუპირისპირდება: "ჰამბურგი" ბერლინის "ჰერტას" უმასპინძლებს. ჰამბურგელები დორტმუნდიდან ხელცარიელები წარმოვიდნენ და ამით გამოწვეულ მწუხარებას პაოლო გერეროს ტრავმაც დაერთო. ამასთან, გოიკო კაჩარის თამაშიც (ყოფილი კლუბის წინააღმდეგ) საეჭვოა. სამაგიეროდ, HშV-ს სონი და ტეშე გამოუჯანმრთელდნენ. ბერლინელებმა ელიტაში დაბრუნება "ნიურნბერგთან" საკუთარ მოედანზე განცდილი მარცხით (0:1) "აღნიშნეს".
"ჰერტას" მენეჯერი მიხაელ პრეეტცი სასოწარკვეთილია - წესით, პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნებული გუნდი პირველ ტურში უდიდესი ეიფორიით უნდა თამაშობდეს, ჩვენს გუნდში კი მხოლოდ მძიმე ტვირთი დავინახე და იმედია, მომდევნო ტურებში რამე გვეშველებაო.
"ჰერტას" გამამწარებელი "ნიურნბერგი" კი ისევ კარგად გამოიყურება. დღეს დიტერ ჰეკინგის შეგირდებს თავიანთ კბილა ჰანოვერელებთან მოუწევთ ჭიდილი - გუნდთან, რომელმაც სეზონი ასევე გამარჯვებით დაიწყო. მირკო სლომკას ტოპ-თავდამსხმელი დიდიე ია კონანი საბოლოოდ გამოუჯანმრთელდა.
ფრაი და მაინცი: სისე და ალაგუი
"ფრაიბურგმა" პირველ ტურში ვერ მოიგო (2:2 აუგსბურგთან), მაგრამ თავდამსხმელმა პაპის დემბა სისემ ისევ გაიტანა, რითაც თავისი ბომბარდირული ნიჭი კიდევ ერთხელ დაამტკიცა. თუმცა საკითხავია, რამდენ ხანს დარჩება სისე ბრაისგაუში - ეს მისი მსურველების ფინანსურ მდგომარეობაზე დამოკიდებული. ფაქტი ისაა, რომ სისე ძვირად (მინიმუმ 14 მილიონი) ფასობს. "ფრაის" ამჯერად "მაინცთან" ექნება საქმე - გუნდთან, რომელმაც ამ სეზონის წინ ლუის ჰოლტბისა (შალკეშია) და ანდრე შიურლეს (ლევერკუზენშია) სახით ორი მთავარი მოთამაშე დაკარგა. მიუხედავად ამისა, მაინცელებმა ერთი კვირის წინ ვიცე-ჩემპიონი "ლევერკუზენი" მაინც დაამარცხეს, თუმცა მანამდე, ევროპის ლიგის შესარჩევში "გაზ მეტანთან" დიდი სირცხვილი ჭამეს. თუკი "ფრაიბურგს" სისე ჰყავს, "მაინცის" მთავარი იმედი ცენტრფორვარდი სამი ალაგუია.
ეიფორიების დაპირისპირება მიონხენგლადბახში
"მიწაზე უნდა დავრჩეთ!" "მხოლოდ თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიფიქროთ!" "პირველ ტურში მოპოვებულმა შესანიშნავმა გამარჯვებამ არ უნდა მოგვადუნოს!" - "გლადბახისა" და "შტუტგარტის" ხელმძღვანელების განცხადებები პირველი ტურის შემდეგ აბსოლუტურად იდენტური იყო. მიონხენგლადბახელებმა მიუნხენიდან სამი ქულა წაიღეს, შვაბებმა კი "შალკე" გაანადგურეს. ასე მოკრძალებულ განცხადებებს კი იმიტომ აკეთებენ, რომ წინა სეზონში ორივე გუნდი კინაღამ მეორე ბუნდესლიგაში გავარდა. დღეს ისინი ერთმანეთს ხვდებიან...
37 984 და 175 000 ამ კვირაში "აუგსბურგთან" მიმართებაში ძალიან ხშირად ნახსენები რიცხვები იყო. პირველი რიცხვის მნიშვნელობა: სწორედ ამდენი დღე დასჭირდა "აუგსბურგს" დაარსებიდან პირველ ბუნდესლიგაში დებიუტამდე. მეორე რიცხვის მნიშვნელობა: სწორედ ამდენი ევრო გადაიხადა კლუბმა თავდამსხმელ საშა მიოლდერსში, რომელმაც პირველ ტურში, "ფრაიბურგთან" დუბლი შეასრულა (2:2). ყურადსაღები სტარტიდან რვა დღის შემდეგ, იოს ლუჰუკაის გუნდი "კაიზერსლაუტერნს" სტუმრობს - შეხვედრა ხვალ, ნაშუადღევს გაიმართება. თუკი "აუგსბურგმა" სეზონი კარგად, ერთი ქულით დაიწყო, "წითელი ეშმაკები" "ვერდერთან" 0:2 დამარცხდნენ. "ლაუტერნის" კაპიტანი ბელინგჰაუზენი ძალიან მონდომებულია და აუგსბურგელებს განადგურებით ემუქრება.
დუტი და მისი ნერვები
ტურს ცენტრალური მატჩი დახურავს, რომელშიც უკვე მრავალგზის სირცხვილნაჭამი "ლევერკუზენი" (კრახი გერმანიის თასზე, მარცხი პირველ ტურში) "ვერდერს" უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ გერმანიის თასიდან ორი კვირის წინ ბრემენული კლუბიც გავარდა, მაგრამ თომას შააფის გუნდმა პირველ ტურამდე აზრზე მოსვლა შეძლო და ბუნდესლიგის ახალი სეზონი მოგებით დაიწყო.
"ფარმაცევტების" თავკაც რობინ დუტს კი, რომელმაც "ლევერკუზენს" "ფრაიბურგიდან" მიშაურა, მართლა რკინის ნერვები ჰქონია. "სეზონი მხოლოდ ახლა დაიწყო და ერთი წაგება ან ერთი მოგება არაფერს ნიშნავს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ დორტმუნდის "ბორუსია" უკვე გერმანიის ჩემპიონია, ძალიან ცდება," - ამბობს რობინი. იმის გამო, რომ "ლევერკუზენს" პირველი ორი მეკარე დაუშავდა, მესამე კი ძალიან ცუდად გამოიყურება, "ფარმაცევტებმა" "შტუტგარტიდან" ნიჭიერი კიპერი ლენო ინათხოვრეს, რომელსაც დუტი ხვალ კარში ჩააყენებს. საინტერესოა, ვიხილავთ თუ არა ძირითად შემადგენლობაში მიხაელ ბალაკს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"