ვერ ვიტყვით, რომ ჰაინკესის გუნდმა შაბათს, ბეტცენბერგზე სუპერ-ფეხბურთი ითამაშა, მაგრამ იმდენი კი ქნა, რომ უსუსურ "ლაუტერნს" 3:0 მოუგო. სამივე გოლი გერმანიის ნაკრების გოლეადორ მარიო გომესის ანგარიშზეა. 26 წლის თავდამსხმელმა სუფთა ჰეთ თრიკი შეასრულა
სუპერმარიოს მატჩის გმირის წოდება მარტო ამიტომ არ მოუპოვებია: ასე განსაჯეთ, ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა გომესმა კარში უფრო მეტჯერ დაარტყა (8-ჯერ), ვიდრე ყველა კაიზერსლაუტერნელმა ერთად (5). ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ბუნდესლიგის ერთ მატჩში გომესს ამდენი ზუსტი დარტყმა მანამდე არასდროს ჰქონდა გაკეთებული. არადა, მარიო თავს ცუდად გრძნობს. ჰაინკესმა თქვა, მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, რადგან მუხლი ჯერ კიდევ სტკივაო. მარიომ ეს ტრავმა 11 დღის წინ, "ციურიხთან" ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ მატჩში მიიღო. მას გამოკვლევას დღეს ჩაუტარებენ და დღესვე უნდა გაირკვეს, შეუერთდება თუ არა მარიო გერმანიის ნაკრებს - ბუნდესგუნდი 2 სექტემბერს ავსტრიას მასპინძლობს, 6-ში კი პოლონეთს სტუმრობს.
თუმცა კაიზერსლაუტერნთან მარიოს ტრავმა არ დასტყობია - სამივე გოლი უპრობლემოდ გაიტანა და მესამე გოლისთვის განსაკუთრებული მადლობა ასისტენტ თომას მიულერს გადაუხადა. "ასე კარგად ამ სეზონში ჯერ არ გვითამაშია, ბიჭები ძალიან თავდაჯერებულები იყვნენ. ადრეც ვთქვი, რომ თამაშიდან თამაშამდე ვუმატებთ. დარწმუნებული ვარ, პროგრესი გაგრძელდება", - თქვა "დონ იუპმა" და დაგვეთანხმებით, ეს დორტმუნდის "ბორუსიასკენ" მიმართული მუქარაა.
"კაიზერსლაუტერნი" კი ჯერჯერობით ისევ მოგების გარეშეა და 4 ტურის შემდეგ მე-17 ადგილზე "ბუქსაობს". "ეშმაკების" თავკაცი მარკო კურცი ამბობს, პირველიდან ბოლო წუთამდე უშანსოდ ვიყავით და ამის აღიარება არ მიჭირსო. ფაქტია, ბეტცენბერგელები ამ სეზონში მხოლოდ გადარჩენისთვის იბრძოლებენ...
ტურის ცენტრალურ მატჩს ლევერკუზენის "ბაი არენამ" უმასპინძლა, სადაც ვიცე-ჩემპიონი "ბაიერი" ჩემპიონ "დორტმუნდს" დაუპირისპირდა და 0:0-ზე გაეყარა. შეხვედრის ყველაზე საინტერესო სცენა 77-ე წუთზე დაფიქსირდა, როცა "ბორუსიას" ახალგაზრდა ვარსკვლავი მარიო გიოტცე მოედნიდან გააძევეს. ამ უკანასკნელმა ჰანო ბალიტშთან ორთაბრძოლის შემდეგ ლევერკუზენელს ფეხი უშნოდ მოუქნია, რის გამოც მსაჯმა ვოლფგანგ შტარკმა მაშინვე წითელი აუფრიალა.
დორტმუნდელები აღშფოთდნენ, მწვრთნელი იურგენ კლოპი მატჩის შემდეგ ამბობდა, შტარკს თვალების ნაცვლად პომიდვრები აქვსო, თავად გიოტცე კი გაძევების მომენტში თავს გაკვირვებული იქნევდა. შტარკმა კი ამ სცენაში არა მარტო გიოტცეს ფეხის მოქნევა, არამედ შეფურთხებაც დაინახა, ოღონდ, დორტმუნდელები ამტკიცებენ, მარიომ ჩვეულებრივად გადააფურთხა, ბალიტშისთვის არ შეუფურთხებიაო. სამაგიეროდ, სადავო არაფერი იყო მეორე გაძევებაში: 64-ე წუთზე შტარკმა მოედანი "ლევერკუზენის" მარცხენა მცველ მიხალ კადლეცსაც დაატოვებინა, რომელმაც გიოტცე სასტიკად მოცელა.
ტურის ტოპ-მატჩში მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ მეკარეები. "ბორუსიას" კარის დარაჯმა რომან ვაიდენფელერმა შიურლესა და რაინარტცის დარტყმები ბრწყინვალე ნახტომებით მოიგერია. მეორე ტაიმში კი "ბაიერის" ახალგაზრდა მეკარე ლენომ გაიბრწყინა არაერთხელ - პერიშიჩს, გიოტცესა და კაგავას დარტყმები მოიგერია. აღსანიშნავია, რომ 19 წლის ლენო "ლევერკუზენში" ტრავმირებულ რენე ადლერს ცვლის. "ბაიერს" ეს უკანასკნელი "შტუტგარტიდან" არენდით ჰყავს აყვანილი. გაირკვა, რომ "ფარმაცევტებს" უნიჭიერესი კიპერის ყიდვა უნდათ, მაგრამ ახლა შტუტგარტელები "შესხდნენ ვირზე" - რაკი ლენომ პოტენციალი გამოაჩინა, მისი გაყიდვა აღარ უნდათ. რაც შეეხება მიხაელ ბალაკს - გერმანიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ისევ სათადარიგოთა სკამი ხეხა. გუშინ "ბილდი" წერდა, ბალაკს პირადი ცხოვრებაც აერ-დაერია, ცოლს შორდებაო...
ცხრილის ფსკერზე მოლივლივე გუნდების, "ჰამბურგისა" და "კიოლნის" დუელი ნამდვილი საგიჟეთი იყო. ჯერ "ჰამბურგი" იგებდა (1:0), მერე "კიოლნმა" შეატრიალა (1:2), მერე ისევ "ჰამბურგმა" შემოატრიალა (3:2) და ბოლოს "კიოლნმა" ისევ გადაატრიალა (3:4). ამრიგად, HშV-მ ისევ წააგო და გუნდი, რომელიც ბუნდესლიგის დაარსების შემდეგ ელიტიდან არასდროს გავარდნილა (ამიტომაც უწოდებენ უკანასკნელ დინოზავრს), 4 ტურის შემდეგ ერთადერთი ქულით ბოლო ადგილზეა. ჰამბურგელთა მარცხი მთლად არა, მაგრამ დიდწილად მეკარე იაროსლავ დრობნის ბრალია, რომელმაც 88-ე წუთზე საბედისწერო შეცდომა დაუშვა: საშა რიტერის ჯარიმის შემდეგ ბურთი პირდაპირ კევინ მაკენას დაუგდო, რომელმაც 15 მეტრიდან გამარჯვების გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ დრობნი ორი კვირის წინ, "ჰერტასთან" მატჩშიც (2:2) გადამწყვეტ მომენტში შეცდა. ჰამბურგელებს ჯერ კიდევ უჭირთ იმის აღიარება, რომ გუნდის მთავარი მიზანი ამ სეზონში გადარჩენისთვის ბრძოლა უნდა იყოს და იმედი აქვთ, რომ აუტსაიდერობა დროებითია, თუმცა ჩრდილოგერმანელებმა ამ ოთხ ტურში ისე ითამაშეს, რომ გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანს. მწვრთნელი მიხაელ იონინგი კი უკვე ჩემოდნებზე ზის - ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობენ ჩვენი გერმანელი კოლეგები. ფაქტი ის არის, რომ "ჰამბურგს" ზოგადად 11-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, ამ სეზონში კი უკვე მოახერხა და ყველაზე მეტი გოლი გაუშვა (14). ამასობაში, კიოლნელები და მათი მწვრთნელი სტალე სოლბაკენი სეზონის პირველ გამარჯვებას ზეიმობენ.
ფელიქს მაგათის "ვოლფსბურგი" შავ დღეშია - მიუხედავად არაერთი ახალწვეულისა, "მგლებმა" ფრაიბურგში 0:3 წააგეს. ეს "ვოლფების" ზედიზედ მესამე მარცხია. "დესპოტმა ფელიქსმა" შაბათს განაცხადში შვიდი ახალწვეული შეიყვანა და აქედან ოთხი (კირიაკოსი, ტრეში, ჰიტცლშპერგერი, ოხსი) ძირითად შემადგენლობაში გაამწესა, მაგრამ "ვოლფსბურგს" მაინც არაფერი ეშველა. კირიაკოსსა და ტრეშს გაშვებულ გოლებში ბრალი მიუძღოდათ, "ვოლფსბურგი" კი ამასობაში მე-15 ადგილზე ჩამოქვეითდა. ოთხშაბათამდე მაგათს ჯერ კიდევ აქვს დრო იმისათვის, რომ გუნდი გააძლიეროს, მაგრამ სერიოზული პრობლემაა ბრაზილიელი ფლეიმეიქერის, დიეგოს ხელფასი (9 მილიონი ევრო წელიწადში) - როგორც იცით, ფელიქსი ამ უკანასკნელს აღარ ათამაშებს და ვერც ყიდის, ჯამაგირი კი სახდელი აქვს...
პარასკევს ლევან კობიაშვილის "ჰერტამ" პირველი გამარჯვება იზეიმა - ბერლინელებმა "შტუტრგარტი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს და უნდა ითქვას, რომ საკმაოდ გაუმართლათ. "ნიურნბერგმა" ასევე 1:0 მოუგო "აუგსბურგს", სადაც წარმოშობით ქართველმა ნახევარმცველმა აკაკი გოგიამ მეორე ტაიმში, შეცვლაზე ითამაშა. ბრემენის "ვერდერმა" კი "ჰოფენჰაიმს" სტუმრად სძლია (2:1) და თამამად უნდა ითქვას, რომ "მუსიკოსები" ძალიან კარგად გამოიყურებიან. 4 ტურის შემდეგ 12 ქულა თომას შააფის გუნდისთვის გასაოცრად კარგი შედეგია. იმედია, "ვერდერი" ასე გააგრძელებს - ამ გუნდის აღმაფრენა ყველას მოგვენატრა.
გუშინ, 28 აგვისტოს "ჰანოვერს" და მიონხენგლადბახის "ბორუსიას" "ბაიერნის" პირველი ადგილიდან ჩამოგდება შეეძლოთ, მაგრამ ვერც ერთმა ვერ მოიგო. "ჰანოვერი" საკუთარ მოედანზე "მაინცს" დაუზავდა (1:1), "გლადბახი" კი გელზენკირხენში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. ამრიგად, ოთხი ტურის შემდეგ, პირველ ადგილზე "ბაიერნია" 9 ქულით, თუმცა რეკორდმაისტერი ერთპიროვნული ლიდერი არ არის - 9-9 ქულა აქვთ "შალკეს" და "ვერდერსაც"...
ჰერტა-შტუტგარტი 1:0
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - ლელი, ჰუბნიკი, მიატოვიჩი, კობიაშვილი - ოტლი, ნიმაიერი - ებერტი (91. იანკერი), რაფაელი (89. ლუსტენბერგერი), რამოსი - ლასოგა (65. თორუნი).
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - ჩელოცი (60. ბოკა), ტასკი, მასა, მოლინარო - კვისტი, კუჟმანოვიჩი (79. გენტნერი) - ჰარნიკი, ჰაინალი (73. პოგრებნიაკი), ოკაზაკი - კაკაუ.
გოლი: 1:0 რაფაელი (86)
გაფრთხილება: მოლინარო
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 10-13; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 16(5)-22(5); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 52 232
ჰამბურგი-კიოლნი 3:4
ჰამბურგი (4-2-3-1): დრობნი - დიკმაიერი, ვესტერმანი, რაიკოვიჩი, აოგო - იაროლიმი, ტეშე - სონი (75. ელია), სკიელბრედი, იანსენი - პეტრიჩი (81. გერერო).
კიოლნი (4-2-3-1): ვარვოდიჩი - ბრეჩკო, სერენო, ჟერომელი, ანდრეზინიო (68. კლემენსი) - ლანიგი, რიტერი - ჩიჰი, ჟაჟალო (85. მაკენა), პეჟკო (46. პოდოლსკი) - ნოვაკოვიჩი.
გოლები: 1:0 პეტრიჩი (11-პენ), 1:1 ჩიჰი (21), 1:2 ნოვაკოვიჩი (49), 2:2 რაიკოვიჩი (59), 3:2 სონი (62), 3:3 კლემენსი (84), 3:4 მაკენა (88)
გაფრთხილება: აოგო - ბრეჩკო, ნოვაკოვიჩი, რიტერი
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 18-21; თამაშგარე: 9-2; კარში დარტყმა: 15(6)-7(5); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 51 289
ნიურნბერგი-აუგსბურგი 1:0
ნიურნბერგი (4-1-4-1): რაკოვსკი - ჩანდლერი, ვოლშაიდი, კლოზე, პინოლა - სიმონსი - ჰეგელერი (73. მენდლერი), კოენი, ვაისმაიერი (84. მარო), აიგლერი (60. ესვაინი) - პეკჰარტი.
აუგსბურგი (4-2-3-1): იენტცში - კალსენ-ბრაკერი, სანკო, დე რუკი, დავიდსი - ჰოსოგაი (81. რაინჰარდტი), სინკალა - ნდიენგი (61. გოგია), ბაიერი (81. კაპლანი), ბელინგჰაუზენი - მიოლდერსი.
გოლი: 1:0 ესვაინი (76)
გაფრთხილება: პეკჰარტი, რაკოვსკი, ვაისმაიერი, კოენი - ჰოსოგაი, კალსენ-ბრაკერი
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 12-17; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 15(6)-12(2); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 43 071
ფრაიბურგი-ვოლფსბურგი 3:0
ფრაიბურგი (4-2-3-1): ბაუმანი - ნიკუ, ბართი, კრმასი, ბასტიანსი - შუსტერი, ფლუმი - რაიზინგერი (84. აბდესადკი), მაკიადი (89. დემბელე), იენდრიშეკი (81. კალიჯური) - სისე.
ვოლფსბურგი (4-2-2-2): ბენალიო - ჰასებე (50. რუსი), მადლუნგი, კირიაკოსი, მ. შეფერი - ტრეში, ჟოსუე (46. ლაკიჩი) - ოხსი, ჰიტცლშპერგერი (65. ჩალე) - ჰელმესი, მანჯუკიჩი.
გოლები: 1:0 ბართი (30), 2:0 იენდრიშეკი (40), 3:0 მაკიადი (59)
გაფრთხილება: რუსი, ჩალე
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 12-21; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 15(4)-14(4); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 20 000
კაიზერსლაუტერნი-ბაიერნი 0:3
კაიზერსლაუტერნი (4-1-4-1): ტრაპი - დიკი, როდნი, ამედიკი, იესენი - პეცოსი (87. ორბანი) - ვალხი (62. სუკუტა-პასუ), ტიფერტი, დე ვიტი (56. ფორტუნისი), ილიჩევიჩი - შეხტერი.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ბოატენგი, ვან ბუიტენი, ბადშტუბერი, ლამი - ტიმოშჩუკი, შვაინშტაიგერი (88. კროოსი) - ალაბა (83. ლუის გუსტავო), თ. მიულერი, რიბერი - გომესი (85. პეტერსენი).
55-ე წუთზე გომესმა (ბაიერნი) ვერ გაიტანა თერთმეტმეტრიანი (მეკარე)
გოლები: 0:1 გომესი (37-პენ), 0:2 გომესი (55), 0:3 გომესი (69)
გაფრთხილება: პეცოსი, როდნი, ფორტუნისი - ალაბა
გაძევება: ილიჩევიჩი (90. კაიზერსლაუტერნი)
კუთხური: 1-2; ჯარიმა: 14-17; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 4(1)-17(12); ბურთის ფლობა: 31%-69%.
მაყურებელი: 49 780
ჰოფენჰაიმი-ვერდერი 1:2
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): შტარკე - ბეკი, ვორსა, კომპერი, ბრააფჰაიდი (79. მლაპა) - რუდი (86. ტაგო), სალიჰოვიჩი - ჯონსონი, რობერტო ფირმინიო (80. შიპლოკი), ობასი - ბაბელი.
ვერდერი (4-1-2-1-2): ვიზე - პაპასტატოპულოსი, მერტეზაკერი, ვოლფი, შმიტცი - ბარგფრედე - ფრიტცი (91. პრიოდლი), ჰანტი - მარინი (74. ექიჩი) - პისარო, არნაუტოვიჩი (74. როზენბერგი).
გოლები: 1:0 რობერტო ფირმინიო (37), 1:1 არნაუტოვიჩი (38), 1:2 როზენბერგი (83)
გაფრთხილება: ექიჩი
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 16-12; თამაშგარე: 4-5; კარში დარტყმა: 15(4)-9(4); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 28 750
ლევერკუზენი-ბორუსია (დ) 0:0
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - კასტრო, ტოპრაკი, რაინარტცი, კადლეცი - ლ. ბენდერი, როლფესი - სემი, რენატო (68. ბალიტში), შიურლე - კისლინგი.
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, გიუნდოგანი - გიოტცე, კაგავა (81. ბლაშჩიკოვსკი), გროსკროიტცი (63. პერიშიჩი) - ლევანდოვსკი.
გაძევება: კადლეცი - გიოტცე
გაფრთხილება: რენატო, ბალიტში - ჰუმელსი
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 16(6)-13(4); ბურთის ფლობა: 47%-54%.
მაყურებელი: 30 210
ჰანოვერი-მაინცი 1:1
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჩერუნდოლო, ჰაგი, პოგატეცი, კ. შულცი (89. პანდერი) - შმიდებახი, პინტუ (65. ჰაუგერი) - შტინდლი, რაუში - შლაუდრაფი (49. ია კონანი), აბდელაუ.
მაინცი (4-2-2-2): ჰ. მიულერი - პოსპეხი, ბუნგერტი, ნოვესკი, კალიჯური - პოლანსკი (73. ბაუმგარტენი), სოტო - რისსე, შტიბერი (78. კირხჰოფი) - ალაგუი, ჩუპო-მოტინგი (88. ნ. მიულერი).
გოლები: 0:1 ჩუპო-მოტინგი (2), 1:1 აბდელაუ (30)
გაფრთხილება: შმიდებახი
კუთხური: 8-9; ჯარიმა: 15-24; თამაშგარე: 3-6; კარში დარტყმა: 19(8)-9(2); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 40 420
შალკე-ბორუსია (მ) 1:0
შალკე (4-2-2-1-1): ფერმანი - უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, ფუხსი - პაპადოპულოსი, ჰოლტბი (82. ჰიოგერი) - ფარფანი (90. ბაუმიოჰანი), დრაქსლერი (86. მარიკა) - რაული - ჰუნტელაარი.
ბორუსია მ. (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანტშკე, ბრუვერსი, დანტე, დემსი - ნორდტვეიტი (81. რუპი), ნოიშტედტერი - როისი, არანგო - ბობადილია (67. დე კამარგო), ჰანკე (73. ლეკიე).
გოლი: 1:0 რაული (64)
გაფრთხილება: ფუხსი, ჰიოვედესი - იანტშკე, ბობადილია, დანტე
კუთხური: 8-6; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 22(9)-12(5); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 61 673
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 4 3 0 1 9:1 9
2. შალკე 4 3 0 1 10:6 9
3. ვერდერი 4 3 0 1 9:5 9
4. ჰანოვერი 4 2 2 0 6:4 8
5. ბორუსია (მ) 4 2 1 1 6:3 7
6. ბორუსია (დ) 4 2 1 1 5:2 7
7. მაინცი 4 2 1 1 7:6 7
8. ლევერკუზენი 4 2 1 1 2:2 7
9. ჰოფენჰაიმი 4 2 0 2 5:4 6
10. ნიურნბერგი 4 2 0 2 3:4 6
11. ჰერტა 4 1 2 1 4:4 5
12. შტუტგარტი 4 1 1 2 4:3 4
13. ფრაიბურგი 4 1 1 2 9:9 4
14. კიოლნი 4 1 1 2 6:12 4
15. ვოლფსბურგი 4 1 0 3 4:8 3
16. აუგსბურგი 4 0 2 2 3:6 2
17. კაიზერსლაუტერნი 4 0 2 2 2:7 2
18. ჰამბურგი 4 0 1 3 6:14 1
ბომბარდირები: 4 - სისე (ფრაიბურგი), გომესი (ბაიერნი), ჰუნტელაარი (შალკე); 3 - აბდელაუ (ჰანოვერი), გროსკროიტცი (ბორუსია დ), მიოლდერსი (აუგსბურგი), როზენბერგი (ვერდერი), სალიჰოვიჩი (ჰოფენჰაიმი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"