არა ვაიდენფელერს!

AutoSharing Option
მორჩა, გათავდა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დორტმუნდის "ბორუსიას" მეკარე რომან ვაიდენფელერისთვის გერმანიის ნაკრების კარი სამუდამოდ დაიხურა. 31 წლის კიპერმა ბუნდესგუნდური კარიერა ისე დაასრულა, რომ არც კი დაუწყია...

როგორც იცით, გერმანიის ჩემპიონის მეკარემ ამას წინათ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ბუნდესმწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა გერმანიის ნაკრების მესამე კიპერის რანგში "ჰანოვერის" 22 წლის მეკარე რონ-რობერტ ცილერს უხმო, დორტმუნდელი კი ისევ უყურადღებოდ დატოვა.

ვაიდენფელერმა რამდენიმე დღ
ის წინ ირონიულად თქვა, იქნებ მეც ისე უნდა მოვიქცე, როგორც ზოგიერთები იქცევიან და სანაკრებო კარიერა დასრულებულად გამოვაცხადო მაშინ, როცა ის არც კი დაწყებულაო - ცხადია, რომანმა ბრემენის "ვერდერის" კარის დარაჯი ტიმ ვიზე იგულისხმა, რომელსაც თავის დროზე ასეთმა განცხადებამ უშველა.

ვაიდენფელერს ლიოვმა პასუხი სამშაბათს გასცა: "რომანი კარგი მეკარეა, მაგრამ ცილერი მასზე უკეთეს კიპერად მიგვაჩნია. ამით ვაიდენფელერის შესაძლებლობებისა და ნიჭის დაკნინება ნამდვილად არ მინდა. ის ძალიან კარგად თამაშობს და ბუნდესლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა - ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ ამ შემთხვევაში ნაკრებში ცილერი გამოვიძახეთ, რადგან სამწვრთნელო შტაბში ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ ეს უკანასკნელი ვაიდენფელერზე უკეთესია!"

ამაზე მკაფიო განცხადების გაკეთება კი ნაღდად შეუძლებელია. ლიოვმა ისიც აღნიშნა, ჩვენს გადაწყვეტილებას არც ასაკთან აქვს რაიმე კავშირიო - იყო მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ცილერისთვის უპირატესობის მინიჭების მთავარი არგუმენტი მისი ახალგაზრდული ასაკი იყო.

პასუხის პასუხმაც არ დააყოვნა, ვაიდენფელერმა თქვა: "ვფიქრობ, ამ თემაზე იენს ლემანმა უკვე ყველაფერი გასაგებად თქვა. ასე რომ, მე აღარაფერს დავამატებ, რადგან ცეცხლზე ნავთის დასხმა ნამდვილად არ მინდა."

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ ამას წინათ ვაიდენფელერზე თქვა, დღესდღეობით საუკეთესო გერმანელი მეკარეა, გერმანიის ნაკრების შეფები კი ჯეროვნად არ აფასებენო.

"ისეთი განცდა მაქვს, რომ ბუნდესგუნდის მეკარეების მწვრთნელი ანდრეას კიოპკე და მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი კიპერებს მხოლოდ პოტენციალის მიხედვით არჩევენ და არა ნაღდი შესაძლებლობებისა. ჩემი აზრით, გასულ სეზონში რომან ვაიდენფელერი თვით მანუელ ნოიერზე უკეთესიც კი იყო..." - ამბობდა ლემანი.
როგორც ხედავთ, იენსის ქებამ რომანს ვერ უშველა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული