გიოტცე და იოზილი ერთად მოძოვენ?

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრებს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის განაღდებამდე ერთი მოგებაღა აშორებს. მართალია, არც აქამდე ეპარებოდა ეჭვი ვინმეს იმაში, რომ ბუნდესგუნდი ევრო 2012-ის საგზურს უპრობლემოდ მოიპოვებდა, მაგრამ ოფიციალურად განაღდება მაინც ოფიციალურად განაღდებაა და შესაბამისად, ხვალ, ავსტრიასთან გასამართი მატჩის წინ გერმანიაში დიდი ეიფორიაა.

მადრიდის "რეალის" ვარსკვლავი მესუთ იოზილი ხვალინდელ მატჩს მოუთმენლად ელის, რასაც ასე ასაბუთებს: "ავსტრიას გელზენკირხენში ვეთამაშებით, მე კი ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე. ჩემი მშობლების სახლი "ფელტინს არენა აუფ შალკედან" სულ რაღაც 300 მეტრშია. ამ სტადიონზე და ამ
ქალაქში დაბრუნება, ჩემთვის უსაყვარლესი პუბლიკის თვალწინ თამაში უდიდესი სიხარულია."

ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ბუნდესმწვრთნელი იოახიმ ლიოვი ძირითად შემადგენლობაში იოზილთან ერთად, დორტმუნდის "ბორუსიას" ვუნდერკინდ მარიო გიოტცესაც ათამაშებს. იმის გამო, რომ ორივე მათგანი გამთამაშებელია, გერმანელი ექსპერტების გარკვეულ ნაწილს ეჭვი ეპარება იმაში, რომ იოზილი და გიოტცე ერთად თავს კარგად იგრძნობენ, თუმცა წარმოშობით თურქი ფლეიმეიკერი ასე არ ფიქრობს.

"მარიო საკუთარ თავს მაგონებს. მეც ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როცა ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა - ჯერ ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გავხდი, მერე ნაკრებსაც გავუშინაურდი, ახლა კი "რეალში" ვთამაშობ. გიოტცე მართლაც ძალიან მგავს, მაგრამ ჩემი აზრით, ერთმანეთს ძალიან კარგად გავუგებთ," - ამბობს იოზილი.

"გიოტცემ ბრაზილიასთან ტესტ-მატჩში იმდენად კარგად ითამაშა, რომ დასამალი არაფერია, ავსტრიასთან მარიოს ძირითად შემადგენლობაში გამწესებაზე სერიოზულად ვფიქრობ," - ეს კი თავად ლიოვის სიტყვები გახლავთ.

იოზილისა და გიოტცეს ერთად თამაშის პრობლემას გამოცდილი სპეციალისტი ოტმარ ჰიტცფელდი "ლუქს პრობლემას" უწოდებს და აცხადებს, ნეტა გერმანიის ნაკრებს ყოველთვის ჰქონდეს ასეთი პრობლემებიო.

"დარწმუნებული ვარ, რომ მესუთი და მარიო ერთმანეთს იდეალურად გაუგებენ. სხვანაირად წარმოუდგენელია, რადგან ორივე გენიალური ფეხბურთელია, გენიალური ფეხბურთელები კი ერთმანეთს ყოველთვის უგებენ ხოლმე. მერე რა, რომ ერთი გელზენკირხენელია, მეორე კი დორტმუნდელი - გერმანიის ნაკრებში ყველა ერთიანდება," - ამბობს "გენერალი" და მას გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპორტული დირექტორი მათიას ზამერიც ეთანხმება.

მათიასის აზრით, ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების შემტევ ნახევარმცველთა ტრიო (4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში) მარიო გიოტცეს, მესუთ იოზილისა და თომას მიულერის სამეული უნდა იყოს.

დორტმუნდში მარიო ხან მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე თამაშობს, ხან მარცხნივ, ხანაც ცენტრში, ბუნდესგუნდში კი მისი ადგილი მარცხენა შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზეა, რადგან ცენტრში ადგილი იოზილს აქვს გარანტირებული, მარჯვნივ კი თომას მიულერს და სხვათა შორის, თვითონ 19 წლის გიოტცესაც მარცხნივ თამაში ურჩევნია, რადგან ფიქრობს, რომ გერმანიის ნაკრებისთვის ყველაზე სარგებლიანი სწორედ ამ პოზიციაზე იქნება.

პოდოლსკი ოფსაიდშია
ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ლუკას პოდოლსკი თამაშგარე მდგომარეობაში უნდა დარჩეს, რასაც ჩვენი გერმანელი კოლეგები დიდი ხანია, ისედაც ვარაუდობენ. ლიოვიც ამბობს, პოდოლსკის უდიდესი პოტენციალი აქვს, მაგრამ ბოლო დროს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვეღარ ავლენსო. თანაც, პოდოლსკის კონკურენტი მარტო გიოტცე როდია - ანდრე შიურლე, კევინ გროსკროიტცი, მარკო როისი, ლუის ჰოლტბი და ტონი კროოსიც რიგში დგანან.

"თამამად ვიტყვი, რომ გერმანიის ნაკრები ასე კარგად დაკომპლექტებული აქამდე არასდროს ყოფილა," - ეს ბუნდესგუნდის დაცვის ბურჯის, პერ მერტეზაკერის სიტყვებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული