ამ კითხვას მხოლოდ ის გულშემატკივრები არ დასვამენ, რომლებიც ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს თვალს დიდი გულისყურით ადევნებდნენ და თუ რატომ, ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი ერთსღა დავძენთ: ტრანსფერს საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს.
საქმე იმაშია, რომ ტეემუ პუკი ის კაცია, გელზენკირხენულ კლუბს თავის ყოფილ გუნდ "ჰელსინკისთან" ერთად კინაღამ უდიდესი სირცხვილი რომ აჭამა. გაგახსენდა? "შალკე" "ჰელსინკის" ევროპის ლიგის ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვდა და კინაღამ გავარდა,
როგორც ხედავთ, ფინეთის ნაკრების ახალგაზრდა ფორვარდი "შალკეს" თავკაც რალფ რანგნიკს იმდენად მოეწონა, რომ მენეჯერ ჰორსტ ჰელდტს მაშინვე მისი ყიდვა სთხოვა და პუკი დღეს უკვე "შალკეს" ფეხბურთელია.
პუკი, რომელსაც ამ სეზონის 24 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი, გელზენკირხენში ოთხშაბათს ჩაფრინდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და საღამოს სამწლიანი კონტრაქტიც გააფორმა. "შალკეს" ბოსებმა წელიწადში ნახევარ მილიონი დაუნიშნეს. "ბილდის" ინფორმაციით, გელზენკირხენულმა კლუბმა "ჰელსინკის" პუკის სანაცვლოდ 1.3 მილიონი ევრო გადაუხადა.
"ტეემუ პუკი ჩვენს კონცეფციაში იდეალურად ჯდება. "ჰელსინკისთან" მატჩებში ეს ახალგაზრდა თავდამსხმელი იმდენად კარგად გამოიყურებოდა, რომ სიმართლე გითხრათ, დიდხანს არ გვიფიქრია, ფინელებს პირდაპირ მივმართეთ და მიხარია, რომ ტრანსფერი საკმაოდ იოლად შედგა," - ეს "შალკეს" მენეჯერ ჰელდტის სიტყვებია.
პუკიმ ფეხბურთის თამაში ფინეთის პროვინციულ კლუბში, "კოოტეეპეეში" ისწავლა, 2008-დან 2010 წლამდე კი ესპანეთში, "სევილიას" ღირსებას იცავდა, მაგრამ ანდალუსიურ კლუბში თავი ვერ დაიმკვიდრა – მხოლოდ სარეზერვო გუნდში ასპარეზობდა. პრიმერადივიზიონში ის მხოლოდ ერთხელ და მხოლოდ 28 წუთი ათამაშეს. ფაქტია, რომ "შალკეში" მისგან უფრო მეტს ელიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"