ჰლებიც, კრისიც და მაგათი გაძღა!

AutoSharing Option
ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ევროპაში ალბათ არცერთ მწვრთნელსა თუ მენეჯერს არ უყიდია და გაუყიდია იმდენი ფეხბურთელი, რამდენიც ფელიქს მაგათმა იყიდა და გაყიდა.

ზუსტი სტატისტიკური მონაცემი არ არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ "დესპოტ ფელიქსს" ამ მხრივ კონკურენციას ვერც თვით "პალერმოს" თავზეხელაღებული პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი გაუწევს. როგორც მოსალოდნელი იყო, სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღეს ფელიქსი ბაზარზე კიდევ ერთხელ გააქტიურდა და "ვოლფსბურგისთვის" კიდევ ორი ახალი მოთამაშე შეიძინა.

ალიაკსანდრ ჰლების ტრანსფერზე ჯერ კიდევ სამშაბათს ვწერდით და ბელორუსი ვოლფსბურგელი ოფიციალურად ოთხშაბათს გახდა. მასთან ერთად, მაგათმა "მგლებში" "აინტრახტის"
ყოფილი მცველი კრისიც წაიყვანა.

30 წლის ჰლები "ვოლფსბურგში" მინიმუმ 31 დეკემბრამდე ითამაშებს - მაგათმა ბელორუსი "ბარსელონადან" ექვსთვიანი იჯარით აიყვანა.

მართალია, ფელიქსი ჰლებს კარგად იცნობს (ადრე "შტუტგარტში" წვრთნიდა), მაგრამ მის შესაძლებლობებში ბოლომდე მაინც არ არის დარწმუნებული, რადგან 2-3 წელია, ჰლებს ფეხბურთი მაღალ დონეზე არ უთამაშია - "შტუტგარტშიც" იყო განათხოვრებული და "ბირმინგემშიც", მაგრამ თავი ვერსად გამოიჩინა, "ბარსელონას" კი ასეთი ფეხბურთელი მიტ უმეტეს არ სჭირდებოდა. ამიტომაცაა, მაგათმა ბელორუსს წარმატებაზე უკიდურესად დამოკიდებული კონტრაქტი რომ გაუფორმა.

"მიხარია, რომ "ვოლფსბურგში" გადმოვიბირე ფეხბურთელი, რომელიც თავის დროზე ბუნდესლიგაში სწორედ მე გადმოვიყვანე და ჩემი დამსახურებაცაა ის, რომ ჯერ გერმანიაში ბრწყინავდა, მერე კი "არსენალსა" და "ბარსელონაში" დააგროვა გამოცდილება.

პირადად მე ჰლების პოტენციალში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ რაკი დიდი ხანია, მაღალ დონეზე ვერ თამაშობს, არენდა ამ ეტაპზე მხოლოდ ექვსთვიანია, მაგრამ თუ მოინდომებს და ყველაფერს დამიჯერებს, აუცილებლად ათამაშდება ისე, როგორც კარიერის საუკეთესო წლებში ასპარეზობდა და ასეთ შემთხვევაში აუცილებლად "ვოლფსბურგში" დავტოვებ, - აცხადებს მაგათი და იქვე დასძენს, - წესით, მას მარტოს შეუძლია თამაშების მოგება. იმედი მაქვს, რომ "ვოლფსბურგის" ერთ-ერთი ლიდერი გახდება".

თავად ჰლები კი, რომელიც "ვოლფსბურგში" 6-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, ამბობს: "მიხარია, რომ ბუნდესლიგაში დავბრუნდი და თანაც ისეთ მწვრთნელთან, როგორიც ფელიქს მაგათია. ჩემი მთავარი მიზანი ახლა ფორმაში შესვლა და გუნდში თავის დამკვიდრებაა."

რაც შეეხება კრისს: მაგათმა ბრაზილიელ მცველსაც წარმატებაზე დამოკიდებული კონტრაქტი გაუფორმა, ოღონდ სეზონის ბოლომდე. კრისი უგუნდოდ იყო და "ვოლფსბურგში" 22 აგვისტოდან ისინჯებოდა, მანამდე კი "აინტრახტის" ღირსებას იცავდა, რომელიც მეორე ბუნდესლიგაში გავარდა. ბრაზილიელი "მგლებში" 25-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

"კრისიც შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც ცენტრალური მცველობის გარდა, საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშიც ეხერხება. სახიფათოა სტანდარტული მდგომარეობების დროს. მის შემთხვევაშიც ვიმედოვნებ, რომ თავდაუზოგავად ივარჯიშებს. ასეთ შემთხვევაში მას აქვს შანსი, რომ "ვოლფსბურგის" ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე გახდეს," - ამბობს მაგათი.

აქვე შეგახსენებთ, რომ ფელიქსმა სატრანსფერო პერიოდიოს ბოლო დღეს ჭირვეული ბრაზილიელი გამთამაშებელი დიეგო მოიშორა - ამ უკანასკნელმა მადრიდის "ატლეტიკოს" მიაშურა.

მანამდე მაგათმა შემდეგი ფეხბურთელები გაუშვა: პეტერ პეკარიკი (ქაისერისპორში), სიმონ კიაერი (რომაში), თუნჯაი სანლი (ბოლტონში), საშა რიტერი (კიოლნში), სისერო (სან პაულოში), ნასიმ ბენ-ხალიფა (იანგ ბოიზში), გრაფიტე (ალ აჰლიში), ფაბიან ჯონსონი (ჰოფენჰაიმში), ფაბიან კლოსი (არმინიაში), ქარიმ ზიანი (ქაისერისპორში) და დიუდონ მბოკანი (მონაკოში).

სამაგიეროდ, "მგლების" თავკაცმა ამ ზაფხულს ახალი სეზონისთვის 11 ახალი მოთამაშე დაიმატა. აი, ისინიც: პატრიკ ოხსი (აინტრახტიდან), მატეუშ კლიხი (კრაკოვიადან), ჰასან სალიჰამიჯიჩი (იუვენტუსიდან), მარკო რუსი (აინტრახტიდან), კრისტიან ტრეში (შტუტგარტიდან), თომას ჰიტცლშპერგერი (უკლუბოდ იყო), ჰრვოიე ჩალე (ტრაბზონსპორიდან), სოტირიოს კირიაკოსი (ლივერპულიდან), კრისი (აინტრახტიდან), რასმუს იონსონი (ჰელსინგბორგიდან) და ალიაკსანდრ ჰლები (ბარსელონადან).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული