ესეც ასე: სისე დარჩა

AutoSharing Option
კვირის დასაწყისში, "ფრაიბურგმა" "ნიუკასლისგან" კიდევ ერთი, რიგით მეოთხე შეთავაზება მიიღო: ინგლისელები მზად იყვნენ, 26 წლის სუპერ გოლეადორ პაპის დემბა სისეში 12 მილიონი ევრო გადაეხადათ. მაგრამ "ფრაიბურგმა" "ნიუკასლს" ამაზეც უარი უთხრა.

გერმანული კლუბის სპორტული დირექტორი დირკ ჰუფნერი ამბობს, ჯერ ერთი, ინგლისელებმა იმაზე გაცილებით ნაკლები შემოგვთავაზეს, ვიდრე სისე გვიღირს და თანაც, ბოლო დღეს ჩვენს საუკეთესო თავდამსხმელს აღარ გავყიდდით, რადგან მისი შემცვლელის საყიდლად დრო არ გვრჩებოდაო.

ფეხბურთელის აგენტი გვიდო ნიკოლაი ადასტურებს, რომ "ნიუკასლი" მზად იყო, 12 მილიონთან ერთად, არაერთი ბონუსი დაემატებინა, მაგრამ "ფრაიბურგის"
მოსათაფლად ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი - ბრაისგაუელები სუფთა 15 მილიონს ითხოვდნენ და ინგლისელებს ამდენი რომ გადაეხადათ, გერმანელებს, შესაძლოა, აღარც კი ეფიქრათ იმაზე, რომ სენეგალელის შემცვლელის ყიდვას ვეღარ ასწრებდნენ.

ტრანსფერი იმ ფაქტმაც გაართულა, რომ სისე ამ დღეებში სენეგალის ნაკრებშია გამოძახებული. ფორვარდი, რომელიც შარშან ბუნდესლიგის ვიცე-ბომბარდირი გახდა, ახლა კი, ოთხი ტურის შემდეგ ოთხი გოლი ერთ-ერთი საუკეთესოა, გერმანიაში მომავალ კვირაში დაბრუნდება და ფაქტია, რომ ნაღდად არ იქნება კარგ ხასიათზე, რადგან "ნიუკასლში" გადასვლა უნდოდა.

მაგრამ ფრაიბურგელები ამისთვისაც მზად არიან: პაპის დემბას ხელფასს უმატებენ. ჰუფნერს არ აქვს იმის ილუზია, რომ სისეს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს (მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2014 წლამდე აქვს), მაგრამ იმის იმედი კი აქვს, რომ ფეხბურთელი ხელფასის გაზრდის შემთხვევაში აღარ იქნება ისეთი უკმაყოფილო, როგორიც ახლაა. "ფრაიბურგის" შეფი ამბობს, არა უშავს, დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე ევროპის ერთ-ერთ ტოპ-კლუბში გადავაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული