ჰიონესი: მოვა დრო, გიოტცე ჩვენთან გადმოვა!

AutoSharing Option
მარიო გიოტცე გერმანული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავია - დღეს გერმანიაში ყველა 19 წლის დორტმუნდელზე ლაპარაკობს. აქედან გამომდინარე, გასაკვირი სულაც არ არის ის, რომ მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ანკესი უკვე ისროლა და თქვა, მოვა დრო და მარიო ჩვენთან გადმოვაო, რასაც დორტმუნდელთა მხრიდან მაშინვე მწვავე რეაქცია მოჰყვა.

"ული ჰიონესის განცხადებამ ოდნავადაც არ ამაღელვა, რადგან ვიცი: შესაძლოა, 15 წლის წინ ულის ასეთი ნაბიჯები ჭრიდა, მაგრამ დღეს ასე ნამდვილად აღარ არის. ჩემთვის აბსოლუტურად ლეგიტიმურია ის, რომ მიუნხენელები მარიოს გადაბირებაზე ოცნებობენ და ამ მხრივ "ბაიერნი"
ნამდვილად არ არის ერთადერთი გუნდი.

აგერ, ლონდონის "არსენალმა" 40 მილიონი ევრო შემოგვთავაზა, მაგრამ გიოტცე არ გავყიდეთ. ფაქტია, რომ დღეს ჰიონესის პროგნოზები ისე ხშირად აღარ მართლდება, როგორც ადრე მართლდებოდა ხოლმე," - უთხრა "ბორუსიას" მენეჯერმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ "ბილდს".

ჰიონესმა გიოტცეს და არა მარტო გიოტცეს შესახებ, პარასკევს ისაუბრა. აი, რა თქვა რეკორდმაისტერის 59 წლის პრეზიდენტმა: "ადრეც ბევრს უთქვამს, "ბაიერნში" არ გადავალო, მაგრამ უმეტესობა მაინც ჩვენთან გადმოდიოდა. თუკი მარიო გიოტცე პროგრესს განაგრძობს და უმაღლესი დონის ვარსკვლავად ჩამოყალიბდება, ჩვენ აუცილებლად დავინტერესდებით და როცა ეს მოხდება, იმასაც ვნახავ, იტყვის თუ არა უარს მოლაპარაკებებზე.

არ ვამბობ, რომ ეს დღეს ან ხვალ მოხდება, მაგრამ ფაქტია, რომ მარიო ძალიან სიმპატიური მოთამაშეა, "ბაიერნში" კი სწორედ ასეთები გვინდა. ჯერ მოახლოვდეს ის დრო, როცა მარიოს "დორტმუნდთან" კონტრაქტი ამოეწურება და ამ თემაზე დაწვრილებით მერე ვილაპარაკოთ!

თავის დროზე, ფრანკ რიბერის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს გვთავაზობდნენ, მაგრამ არ გავყიდეთ, რადგან ჩვენ საფეხბურთო კლუბი ვართ და არა ბანკი. როცა გუნდს ვალები არ აქვს, ფეხბურთელს არავინ გაყიდის და დღეს გიოტცეს მეც არ გავყიდდი. ერთი სიტყვით, ამის დროც მოვა."

ამასთან, "ბაიერნის" მთავარმა ბოსმა ისიც თქვა, რომ უახლოეს მომავალში არიენ რობენთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს და რომ ჰოლანდიელთან მოლაპარაკებებს მალე დაიწყებს. შეგახსენებთ, რომ რობენს რეკორდმაისტერთან ხელშეკრულება 2013 წლამდე აქვს გაფორმებული.

საუბრისას ულიმ ისიც თქვა, ძალიან ვნანობ, რომ თავის დროზე "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელად იურგენ კლინსმანი დავნიშნე და არა იურგენ კლოპი, რომელიც დღეს ერთ-ერთი საუკეთესო გერმანელი სპეციალისტიაო. წესით, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ული კლოპსაც უმიზნებს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული