კლოპის ახალი შეფი

AutoSharing Option
შვიდი ქულა ოთხი ტურის შემდეგ - ვერ ვიტყვით, რომ გერმანიის მოქმედმა ჩემპიონმა დორტმუნდის "ბორუსიამ" ახალი სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ ვერც იმას დავიჩემებთ, რომ "შავ-ყვითლებმა" კატასტროფული სტარტი აიღეს.

შედეგი, რომელიც იურგენ კლოპის მრავალგზის ნაქებმა სამწყსომ ოთხი ტურის შემდეგ დადო, ნორმალური, მისაღებია. ფაქტია, დორტმუნდელები ამ ოთხ თამაშში ვერ დომინირებდნენ ისე, როგორც გასულ სეზონში, როცა პირველი და მეორე წრეები ერთი ამოსუნთქვით ჩაატარეს.

ერთადერთი მატჩი, რომელშიც "ბორუსიამ" ახალ სეზონში იფრინა, "ჰამბურგთან" 3:1-ზე მოგებული შეხვედრა იყო. ოთხი ტურის შემდეგ კი "ჰამბურგი" ბოლო ადგილზეა, რაც იმას
ნიშნავს, რომ BVB-ს ვერც ამ გუნდთან ნაჩვენებ კარგ ფეხბურთს ჩავუთვლით აქტივში. ერთი სიტყვით, იმის თქმა გვინდა, რომ სანაკრებო პაუზამ კლოპს და მის შეგირდებს სულზე მოუსწრო.

ოთხი ტურის შემდეგ სერიოზული დასკვნების გაკეთება, რა თქმა უნდა, სისულელეა, მაგრამ არის რაღაც-რაღაცები, რაც აშკარად ჩანს და რაზეც ხაზის გასმა უკვე შეიძლება.

მაგალითად: ამ სეზონში "ბორუსიას" მეტოქეები გაცილებით ნაკლებს აბედინებენ, რაც იმის შედეგია, რომ გერმანულმა გუნდებმა კლოპის ტაქტიკა-სტრატეგიას დაუმუღამეს. ფაქტია, რომ გუნდები "ბორუსიას" კომბინაციებს უფრო იოლად შლიან, მასირებულ იერიშებს უფრო კარგად უმკლავდებიან და დორტმუნდელ ფეხბურთელებს გაცილებით ხისტადაც ეთამაშებიან.

"ეს ყველაფერი ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ლოგიკურია, რომ კონკურენტებმა უკვე კარგად შეგვისწავლეს და ახლა ძველებური ტაქტიკა-სტრატეგიით წარმატების მიღწევა გვიჭირს.

ეს იმას ნიშნავს, რომ უმოქმედოდ არ უნდა ვიყოთ და არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ შარშანდელი ფეხბურთით წელსაც გერმანიის ჩემპიონები გავხდებით. ამ შემთხვევაში სტილის შეცვლა ნამდვილად არ არის საჭირო. უბრალოდ, უფრო მოქნილი სქემით, უფრო მოქნილი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. ბევრი რამ უნდა შევცვალოთ," - ამბობს დორტმუნდელთა 44 წლის დამრიგებელი იურგენ კლოპი.

გერმანელი ექსპერტების აზრით, რასაც კლოპიც ეთანხმება, ამ ყველაფრისთვის იურგენის ერთ-ერთი უმთავრესი იარაღი "ბორუსიას" 20 წლის ახალწვეული, ზაფხულში "ნიურნბერგიდან" ნაყიდი ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანია. ეს უკანასკნელი "შავ-ყვითლებმა" იმისთვის იყიდეს, რომ "რეალში" გადასული ნური შაჰინი შეეცვალა. თუმცა გიუნდოგანი ცოტა უფრო სხვა სტილის კრეატიული საყრდენი ნახევარმცველია, რომელსაც "ბორუსიას" თამაშის კონტროლი ღრმა ნახევარდაცვიდან შეუძლია.

"გიუნდოგანზე მართლაც ბევრი რამ არის დამოკიდებული და მე დარწმუნებული ვარ, რომ მას შეუძლია, ჩვენი მთავარი იარაღი იყოს. გადამწყვეტ მომენტებში მოედნის ცენტრში პასუხისმგებლობის თავის თავზე აღებას სწორედ ილქაის ვთხოვ, რადგან მას აქვს მატჩების ბედის გადაწყვეტის პოტენციალი," - აცხადებს კლოპი.

იურგენის სიტყვები ისე ჟღერს, რომ აშკარაა: კლოპი გიუნდოგანს ლიდერის ფუნქციებს აკისრებს. ბოლო მატჩში, რომელიც დორტმუნდელებმა ვიცე-ჩემპიონ "ლევერკუზენთან" ფრედ 0:0 დაასრულეს, გიუნდოგანმა მეორე ტაიმში შესანიშნავად ითამაშა - ოღონდ, ეს მას მერე, რაც მსაჯმა მოედნიდან ლევერკუზენელი მიხალ კადლეცი გააძევა.

ახალგაზრდა ნახევარმცველი სხვა შემტევებს ჩინებული პასებით ამარაგებდა. შესაბამისად, "ბორუსიას" ფანებს გაუჩნდათ იმის იმედი, რომ შაჰინის წასვლით შექმნილ სიცარიელეს BVB-ში სწორედ ილქაი გიუნდოგანი ამოავსებს. შაბათს, ბუნდესლიგის მე-5 ტურში "ბორუსია" "ჰერტას" ხვდება და ვნახოთ, როგორ ითამაშებს კლოპის "ახალი შეფი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული