რობენი: ახალი კონტრაქტი? ვიფიქრებ!

AutoSharing Option
გუშინდელ ნომერში "ბაიერნის" პრეზიდენტ ული ჰიონესის განცხადებები გაგაცანით, რომელთაგან ერთ-ერთში რეკორდმაისტერის პრეზიდენტი ამბობდა, არიენ რობენთან ახალი კონტრაქტის გაფორმება გვინდა, ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია და ახლო მომავალში ჰოლანდიელს კონკრეტული წინადადებით მივმართავთო.

მიუნხენური გრანდის ბოსების სურვილი გასაკვირი არ არის, რადგან მართალია, რობენს "ბაიერნთან" კონტრაქტი 2013 წელს უმთავრდება, მანამდე კი ორი წელია, მაგრამ თუ ახლავე არ გაუგრძელეს, გაისად, ზაფხულში, რობენის ყიდვას ბევრი სუპერკლუბი ეცდება - იმიტომ, რომ რეკორდმაისტერი გაისად იძულებული იქნება, რობენი გაყიდოს, რათა 2013 წელს უფასოდ არ დაკარგოს.

ჰოლანდიელმა დრიბლიორმა ამ
საკითხზე კომენტარი გუშინ გააკეთა. რობენმა აღნიშნა, რომ ახალი კონტრაქტის გაფორმება რეალურია. "ხელმძღვანელებთან ამ თემაზე ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ მოლაპარაკებებისთვის მზად ვარ.

მიუნხენში თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ჯერჯერობით აქ მართლა ბედნიერი ვარ, - უთხრა არიენმა ჰოლანდიურ გაზეთ Voetbal International-ს და იქვე ცოტათი ორაზროვნადაც დასძინა, - საერთოდ, ახალ კონტრაქტებზე მოლაპარაკებები უმეტესად შემოდგომაზე მიმდინარეობს ხოლმე. მოკლედ, დრო საკმარისია და ვნახოთ, რას შემომთავაზებენ შეფები. ზოგადად კი, ფეხბურთში გამორიცხული არაფერია."

ჰაინკესი: რა დროს პენსიაა?
ბავარიული გრანდის მთავარი მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა "ბილდს" საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ მისცა, სადაც "დონ იუპი" ამბობს, პენსიაზე გასვლას ჯერ არ ვაპირებო - მიუხედავად იმისა, რომ უკვე 66 წლისაა.

"ლოგიკურად, სამწვრთნელო კარიერის დამთავრებაზე უნდა ვფიქრობდე და 2013 წელს პენსიაზე უნდა გავდიოდე, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა, ეს არ მინდა!" - ამბობს ჰაინკესი ხსენებულ ინტერვიუში და შეგახსენებთ, რომ მას "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი სწორედ 2013 წლამდე აქვს გაფორმებული.

"თავის დროზე ვთქვი, "ლევერკუზენი" ჩემთვის ბოლო გაჩერება იქნება-მეთქი, მაგრამ როგორც ხედავთ, დაპირება ვერ შევასრულე და ფეხბურთში მაინც დავრჩი. მართალია, კლუბში მუშაობა 66 წლის მწვრთნელისთვის უკვე ზედმეტად დიდი სტრესია, მაგრამ ამის გარეშე არ შემიძლია და თანაც, უმძიმეს წნეხს ჯერჯერობით კარგად ვიტან," - ამბობს "დონ იუპი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული