მიუნხენელი მუშკეტერები

AutoSharing Option
მიუნხენში ზეიმი გრძელდება, ჰამბურგში აპოკალიფსის მოახლოვებას არ იმჩნევენ, დორტმუნდში კი "ჰერტასთან" განცდილი მოულოდნელი მარცხი ნაწილობრივ მარიო გიოტცეს არყოფნით, ნაწილობრივ კი "არსენალთან" პრინციპული მატჩის მოახლოვებით გაამართლეს.

ზოგადად, გასული ხუთი ტურით თუ ვიმსჯელებთ, ეს სეზონი უკვე ძალიან ჰგავს 2007/2008 წლების სეზონს - "ბაიერნი" გერმანიის ჩემპიონი მაშინ ათქულიანი უპირატესობით გახდა.

ეგოიზმი წარსულია, ბაიერნში გუნდური სულისკვეთება ამაღლდა
"ბაიერნის" ბრწყინვალე გამარჯვებაში (7:0 ფრაიბურგთან) მარტო ანგარიში, მორიგი სამი ქულის მოპოვება და ლიდერობის შენარჩუნება კი არ იყო მნიშვნელოვანი, არამედ ისიც, რომ რეკორდმაისტერი ერთ მუშტად შეკრული გუნდია. მეტიც:
მიუნხენური გრანდის ქომაგების დიდი ნაწილისთვის სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, თორემ "ბაიერნმა" "ფრაიბურგი" რომ გაანადგურა ამაში განსაკუთრებული არაფერია - მიუხედავად იმისა, რომ ფანებს თავიანთი საყვარელი გუნდის პირველ ადგილზე ყოფნაც მონატრებული აქვთ.

მოკლედ, ამჯერად იმაზე გვსურს თქვენი ყურადღების გამახვილება, რომ რეკორდმაისტერში ეგოიზმი წარსულს ჩაბარდა, იუპ ჰაინკესმა "ბაიერნში" გუნდური სულისკვეთება აამაღლა.

ამის დასამტკიცებლად ორი მაგალითის მოყვანაც საკმარისია: მე-8 წუთზე ტონი კროოსი იდეალურ პოზიციაში იყო და თვითონაც შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ მაინც მარიო გომესს უპასა, მატჩის შემდეგ კი თქვა, საგოლე პასის გაკეთებაც ძალიან სასიამოვნოაო. 52-ე წუთზე კი ფრანკ რიბერი აღმოჩნდა ანალოგიურ, მეტიც, კროოსზე უკეთეს პოზიციაში და გოლსაც უპრობლემოდ გაიტანდა, მაგრამ მანაც ასპროცენტიანი ვარიანტი არჩია და გომესს გაატანინა.

"ჩვენთან გუნდის წარმატება ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას. ამის საუკეთესო მაგალითი კროოსისა და რიბერის შემთვევებია. ფაქტია, რომ გუნდური სულისკვეთება ძალიან ამაღლებულია. მიხარია, რომ გუნდური გაგების მნიშვნელობა თითოეულმა მოთამაშემ გაითავისა," - ეს 66 წლის ჰაიუნკესის სიტყვებია.

...და ვინ უნდა შეაჩეროს "მიუნხენელი მუშკეტერები"? ბურთების შეფარდება 16:1, ხუთქულიანი უპირატესობა მოქმედ ჩემპიონ და მთავარ კონკურენტად შერაცხულ "დორტმუნდთან" - უკვე შეიძლება 2007/2008 წლების სეზონთან პარალელების გავლება.

მაშინ რეკორდმაისტერი ჩემპიონი ათქულიანი უპირატესობით გახდა. მიუნხენელები მაშინაც მე-4 ტურის შემდეგ გალიდერდნენ და სეზონის ბოლომდე პირველობა აღარ დათმეს.

აღსანიშნავია, რომ დღეს მარიო გომესი უფრო შედეგიანია, ვიდრე მაშინ ლუკა ტონი იყო, რომელიც 24 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

იტალიელს ხუთი ტურის შემდეგ მხოლოდ სამი გოლი ჰქონდა გატანილი, ახლა კი გომესის ანგარიშზე უკვე 8 გოლია. გარდა ამისა, რიბერი ზუსტად ისე შესანიშნავად თამაშობს, როგორც სადებიუტო სეზონში და დაცვაც ისეთივე სტაბილურია, როგორც მაშინ, 2007/2008 წლების სეზონში. მეტიც: მაშინ "ბაიერნს" ხუთი ტურის შემდეგ 2 გოლი ჰქონდა გაშვებული (ახლა 1 აქვს).

გომესს რაც შეეხება: 8 გოლი 5 ტურის შემდეგ - ეს ბუნდესლიგის ისტორიაში ბოლო 44 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგია. 1967 წელს ხუთი ტურის შემდეგ, მიონხენგლადბახელ პეტერ მაიერს 9 გოლი ჰქონდა გატანილი. თუ ასე გააგრძელა, გომესი ამ სეზონში შარშანდელზე მეტ გოლს გაიტანს - შეგახსენებთ, რომ მარიო გასულ სეზონში საუკეთესო ბომბარდირი 28 გოლით გახდა.

"ფრაიბურგთან" ათი და მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო, მაგრამ გვახსოვდა, რომ ოთხშაბათს "ვილიარეალთან" ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის და მეორე ტაიმში ისე აღარ ვიბრძოდით," - "ფრაიბურგს" ფაქტობრივად დასცინის ბასტიან შვაინშტაიგერი.

"ყველანი კმაყოფილები ვართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კარგი სტარტი თავში უნდა აგვივარდეს," - ეს ვიცე-პრეზიდენტ კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებია. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ შედარებით მარტივი დასაწყისის შემდეგ, "ბაიერნს" ახლა საკმაოდ რთული მატჩები ელის და თან ჩემპიონთა ლიგაც იწყება, რაც ბავარიელთათვის ორმაგ დატვირთვას ნიშნავს.

მომდევნო ტურში "ბაიერნი" "შალკეს" სტუმრობს, მერე კი "ლევერკუზენს" ეთამაშება. ამას დაუმატეთ ჩემპიონთა ლიგის მატჩები "ვილიარეალთან" (ხვალ) და "მანჩესტერ სიტისთან" (27 სექტემბერს) და მიხვდებით, რომ მიუნხენურ გრანდს უახლოეს სამ კვირაში სერიოზული გამოცდები ელის.

"დორტმუნდი": კლოპი არ იმჩნევს, ბოსები ანერვიულდნენ
უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ დორტმუნდის "ბორუსია" მცირე კრიზისშია. საკუთარ მოედანზე ბერლინის "ჰერტასთან" მარცხის (1:2) შემდეგ "შავ-ყვითლებს" ხუთი ტურის შემდეგ მხოლოდ 7 ქულა აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონმა სეზონი ცუდად დაიწყო. არადა, "ბორუსიას" დღეს ჩემპიონთა ლიგაში "არსენალთან" უპრინციპულესი შეხვედრა ელის.

"დორტმუნდის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ჯერჯერობით სიმშვიდეს ინარჩუნებს და "ჰერტასთან" მარცხს მარიო გიოტცეს არყოფნას აბრალებს - შეგახსენებთ, რომ 19 წლის ვუნდერკინდი დისკვალიფიცირებულია და ბერლინელებთან ამიტომაც ვერ იასპარეზა. ჯერჯერობით ფორმაში არ არიან "ბორუსიას" სხვა ლიდერებიც, შინჯი კაგავა და ილქაი გიუნდოგანი. მთავარი თავდამსხმელი ლუკას ბარიოსი კი, მოგეხსენებათ, ტრავმირებულია.

"გიოტცეს სრულფასოვნად შეცვლა ვერ შევძელით, რაც ნამდვილად არ მიკვირს. ჩვენ კი არა, მისი არყოფნით შექმნილი სიცარიელის ამოვსება ნებისმიერ სუპერგრანდს გაუჭირდებოდა. ფაქტია, რომ სეზონი ცუდად დავიწყეთ და თავის მართლება არც მიფიქრია, მაგრამ ჩემი აზრით საგანგაშო არაფერია," - ამბობს კლოპი.

"ჰამბურგში" მწვრთნელს არ აგდებენ
იოზეფ შნაიდერის სახელი და გვარი "ჰამბურგში" ალბათ აღარავის ეცნობა. ეს კაცი HSV-ს 1966 წლის აპრილიდან 1967 წლის ივნისამდე წვრთნიდა და მის ხელში გუნდმა ზედიზედ 14 მატჩის მოგება ვერ შეძლო, რაც "ჰამბურგის" ბუნდესლიგურ ისტორიაში ყველაზე ნეგატიური შედეგია.

ამ უქმეებზე ჰამბურგელები ბრემენში 0:2 დამარცხდნენ და საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ შნაიდერის ანტირეკორდი ჩრდილოგერმანული კლუბის ამჟამინდელმა თავკაცმა მიხაელ იონინგმა დაამხოს! 12 თამაშია, რაც "ჰამბურგს" მის ხელში არ მოუგია - ნახევარი წლის მანძილზე იონინგმა გუნდს ერთი თამაშიც ვერ მოაგებინა და მიუხედავად ამისა, შეფები მის გათავისუფლებაზე არ ფიქრობენ, ანაც, ჯერჯერობით არ აღიარებენ, რომ ფიქრობენ. არადა, ბუნდესლიგის უკანასკნელი დინო აუტსაიდერია: ხუთი ტურის შემდეგ მხოლოდ ერთი ქულა აქვს და უკვე 16 გოლის გაშვება მოასწრო.

"ჰამბურგის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კარლ იარხოვი ამბობს, მართალია, უმძიმეს მდგომარეობაში ვართ, მაგრამ მწვრთნელის შეცვლაზე არ ვფიქრობთ და ფაქტია, რომ გუნდს "გლადბახთან" თამაშისთვისაც იონინგი მოამზადებსო. მეტიც, იარხოვის თქმით, იონინგი ძალიან კარგი და მონდომებული სპეციალისტია. მოკლედ, ბოსებს სჯერათ, რომ ამ სპეციალისტის ხელში კლუბის ანტირეკორდი არ დაემხობა.


მე-5 ტურის სიმბოლური ნაკრები (4-1-3-2)
ტიმ ვიზე (ვერდერი, 1) - რაფინია (ბაიერნი, 1), ჟერომ ბოატენგი (ბაიერნი, 1), ანდრე მიატოვიჩი (ჰერტა, 1), ალეკსანდარ იგნიოვსკი (ვერდერი, 1) - ლუის გუსტავო (ბაიერნი, 1) - რაიან ბაბელი (ჰოფენჰაიმი, 1), რაფაელი (ჰერტა, 1), ფრანკ რიბერი (ბაიერნი, 2) - კლაუდიო პისარო (ვერდერი, 1), მარიო გომესი (ბაიერნი, 2)

როგორც ხედავთ, მეხუთე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრილი 11 ფეხბურთელიდან 9 სიმბოლურის დებიუტანტია. "კიკერმა" ტურის ნაკრებში მხოლოდ ორი ისეთი ფეხბურთელი მოახვედრა, რომლებსაც იგივე აქამდეც მოუხერხებიათ და ორივე ბაიერნელია: ფრანკ რიბერი და მარიო გომესი.

ტურის გმირი
მარიო გომესი (ბაიერნი)

როცა ერთ-ერთმა რეპორტიორმა "ბაიერნის" 26 წლის თავდამსხმელს უთხრა, ასეთ კვოტას სეზონის ბოლომდე თუ შეინარჩუნებ, 34 ტურის შემდეგ შენს ანგარიშზე 54 გოლი იქნებაო, მარიო გომესს თვალები გაუბრწყინდა და თქვა, ეს, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, მაგრამ ერთ სეზონში 54 გოლის გატანა სულაც არ მჭირდება იმისთვის, რომ ბედნიერი ვიყო, მთავარია, "ბაიერნმა" ჩემპიონობა დაიბრუნოსო, ბანალური, მაგრამ რეკორდმაისტერის ფანებისთვის ძალიან სასიამოვნო განცხადებაა.

ფაქტი ისაა, რომ გომესს ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირის წოდების შენარჩუნების საუკეთესო შანსი ეძლევა, რაც ბოლოს ულფ კირსტენმა მოახერხა (1998 წელს).

საუკეთესო ფეხბურთელები
5 ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. ჯეფერსონ ფარფანი შალკე 2.17
2. კლაუდიო პისარო ვერდერი 2.17
3. მარკ ტერ შტეგენი ბორუსია (მ) 2.20
4. ტიმ ვიზე ვერდერი 2.30
5. ჰოლგერ ბადშტუბერი ბაიერნი 2.40
6. ვილიამ კვისტი შტუტგარტი 2.40
7. ფრანკ რიბერი ბაიერნი 2.40
8. ლუის გუსტავო ბაიერნი 2.50
9. მარკო როისი ბორუსია (მ) 2.50
10. დანტე ბორუსია (მ) 2.60


გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. მარიო გომესი "ბაიერნი " 5 8 1 9
2. პაპის დემბა სისე "ფრაიბურგი" 5 4 2 6
3. კლაას-იან ჰუნტელაარი "შალკე" 5 4 1 5
4. რაული "შალკე" 5 3 2 5
5. ფრანკ რიბერი "ბაიერნი" 5 3 2 5
6. მოჰამედ აბდელაუ "ჰანოვერი" 4 3 1 4
7. რაიან ბაბელი "ჰოფენჰაიმი" 5 3 1 4
8. მარიო გიოტცე "ბორუსია" (დ) 4 1 3 4
9. მარიო მანჯუკიჩი "ვოლფსბურგი" 5 2 2 4
10. თომას მიულერი "ბაიერნი" 5 0 4 4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული