ფრაიბურგი-შტუტგარტი 1:2
დღეს
ლევერკუზენი-კიოლნი 17:30
დისკვალიფიკაცია: კადლეცი - ბრეჩკო
ტრავმა: ადლერი, გიფერი, ოჩიპკა, ბარნეტა, ორტეგა - პეტიტი, პეცონი
ჰამბურგი-ბორუსია (მ) 17:30
დისკვალიფიკაცია: ილიჩევიჩი (ჰამბურგი)
ტრავმა: შტეპანეკი, არსლანი, კაჩარი, გერერო (ყველა ჰამბურგი)
ნიურნბერგი-ვერდერი 17:30
დისკვალიფიკაცია: პეკჰარტი (ნიურნბერგი)
ტრავმა: რაკოვსკი, რ. შეფერი, ნილსონი, დიდავი, ფრანტცი - სილვესტრი, ბოროვსკი, ავდიჩი, აიქი
ჰოფენჰაიმი-ვოლფსბურგი 17:30
ტრავმა: გულდე, იაისლე, ჯონსონი, ვუკჩევიჩი, ვაისი, იბიშევიჩი - ბენალიო, ა. ფრიდრიხი, ჰიტცლშპერგერი, ჰლები, კალენბერგი, სალიჰამიჯიჩი
ჰერტა-აუგსბურგი 17:30
ტრავმა: რამოსი - ვერჰეგი, ბა, მ. ნდიენგი, სინკალა, ს. ჰაინი, მაიერი, იორლი
კაიზერსლაუტერნი-მაინცი 20:30
ტრავმა: ორბანი, შიმუნეკი, ვერმუთი,
ხვალ
ჰანოვერი-ბორუსია (დ) 17:30
დისკვალიფიკაცია: გიოტცე, კელი (ორივე ბორუსია)
ტრავმა: მილერი, ანდრეასენი, კარლიტოსი - ოვომოიელა, ბაკალორცი, ს. ბენდერი, ბარიოსი
შალკე-ბაიერნი 19:30
ტრავმა: ესკუდერო, ჰუგლანდი, ყენია - ბრენო, რობენი, ოლიჩი
გუშინ ბადენ-შვაბენლანდური დერბი იყო, „ფრაიბურგსა“ და „შტუტგარტს“ შორის (1:2), დღეს კი რაინის დერბია, რომელსაც გაცილებით მეტი სიმძაფრე მოსდევს: „ლევერკუზენი“-„კიოლნი“. მეორეადგილოსანი „ვერდერი“ ნიურნბერგში ჩადის და ურთულესი ამოცანის წინაშე დგას - ხომ იცით, ფრანკები კარგ ფორმაში არიან და ასეც რომ არ იყოს, საკუთარ მოედანზე ისედაც ყველას პრობლემებს უქმნიან ხოლმე.
უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი „ჰამბურგი“ „გლადბახს“ მასპინძლობს და გადაჭარბებული ნამდვილად არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ მორიგი წარუმატებლობის შემთხვევაში, ჩრდილოელთა მწვრთნელ მიხაელ იონინგს სავარაუდოდ პოსტს დაატოვებინებენ. მე-6 ტურის მთავარი მატჩი კი ხვალ, გელზენკირხენში გაიმართება: „შალკე“ „ბაიერნს“ მასპინძლობს, მანუელ ნოიერი სახლში ბრუნდება...
რაინის დერბი ლევერკუზენში
„ლევერკუზენი“ „კიოლნს“ დაღლილი ხვდება: „ფარმაცევტებმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ჩელსისთან“ მედგრად იბრძოლეს, მაგრამ 0:2 დამარცხდნენ, თუმცა ამ ფაქტს რობინ დუტის გუნდში უხასიათობა არ გამოუწვევია, რადგან ლონდონში წაგება ლევერკუზენელებმა კატასტროფად არ აღიქვეს, ბუნდესლიგის წინა ტურში კი „აუგსბურგი“ 4:1 გაანადგურეს და საერთო ჯამში, „ბაიერში“ მაინც კმაყოფილებაა. კიოლნელები კი პირიქით, არეულ-დარეულები არიან: წინა ტურში „ნიურნბერგთან“ ხომ წააგეს (1:2) და თან მარჯვენა მცველი ბრეჩკო დაკარგეს - ეს უკანასკნელი მოედნიდან გააძევეს და დისკვალიფიცირებულია. შეხვედრის მთავარი ინტრიგა კი ის არის, რომ ეს მატჩი რაინის უმძაფრესი დერბია.
უინტრიგობას არც „ჰამბურგისა“ და „გლადბახის“ ჯახი უჩივის. ფაქტია, რომ დღეს HშV-ს წარუმატებელი მწვრთნელის, მიხაელ იონიგნსი ბედი სასწორზეა შემოდებული, რადგან „ვერდერთან“ წაგების (0:2) შემდეგ, ბუნდესლიგის დინო ისევ ბოლო ადგილზეა და ხუთი ტურის შემდეგ მხოლოდ ერთი ქულა აქვს. ამ დროს, ჰამბურგში „გლადბახის“ სახით ძალიან კარგ ფორმაში მყოფი გუნდი ჩადის. გასულ სეზონში მიონხენგლადბახელებს მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებამდე ძალიან ცოტა დააკლდათ, ახლა კი, წინა ტურში „კაიზერსლაუტერნის“ დამარცხების (1:0) შემდეგ, ლუსიენ ფავრის ბიჭები ყველასათვის მოულოდნელად მესამე ადგილზე არიან და ლიდერებს, „ბაიერნსა“ და „ვერდერს“ სულ რაღაც 2 ქულით ჩამორჩებიან.
ვერდერის შანსი
„ნიურნბერგმა“ წინა ტურში კიოლნში 2:1 მოიგო და მეშვიდე ადგილზე აღზევდა, რაც ფრანკებს კმაყოფილების საფუძველს აძლევს, მაგრამ ამასთან ერთად, გუნდმა თავდამსხმელი პეკჰარტი დაკარგა (მოედნიდან გააძევეს და დისკვალიფიცირებულია). თუმცა ნიურნბერგელებს შვეიცარიელი ფორვარდი ბუნიაკუ დაუბრუნდათ, რომელმაც დისკვალიფიკაცია მოიხადა. ფრანკების კარს კვლავ შტეფანი დაიცავს, რადგან შეფერი და რაკოვსკი ისევ ტრავმირებულები არიან. რაც შეეხება „ვერდერს“: ბრემენელებმა ჩრდილოეთის დერბის მოგებით (2:0 ჰამბურგთან) მეორე ადგილზე პოზიციები გაიმყარეს და „ბაიერნის“ ნომერ პირველ მდევრებად რჩებიან.
დღეს „ვერდერს“ მინიმუმ დროებით გალიდერების შანსი აქვს, რადგან „ბაიერნი“ ხვალ თამაშობს და თანაც „შალკეს“ სტუმრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ „მუსიკოსები“ ნიურნბერგიდან სამ ქულას წაიღებენ, საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ მთელი კვირა პირველ ადგილზე გაატარონ - რეკორდმაისტერს გელზენკირხენში მოგება უნდა გაუჭირდეს. „ვერდერი“ კარგად რომ გამოიყურება, მეტწილად კლაუდიო პისაროს დამსახურებაა - გამოცდილმა პერუელმა თავდამსხმელმა „ჰამბურგთან“ დუბლი შეასრულა, ზოგადად კი მის ანგარიშზე სამი გოლია.
„ჰოფენჰაიმისა“ და „ვოლფსბურგის“ სახით ერთმანეთს ისეთი გუნდები ხვდებიან, რომლებმაც წინა ტურში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. „ჰოფემ“ „მაინცს“ 4:0 გადაურბინა და მწვრთნელ ჰოლგერ სტანისლავსკის ისიც უხარია, რომ სეიად სალიჰოვიჩი უბრუნდება. სამაგიეროდ, „სოფლელებს“ მცველი იაისლე ვეღარ დაეხმარება, რომელიც საოპერაციო გახდა. „ვოლფსბურგმა“ კი ერთი კვირის წინ „შალკე“ დაამარცხა, რაც ფელიქს მაგათისთვის პირადი წარმატებაცაა. ისევე, როგორც წინა ტურში, მაგათი შვეიცარიელ მეკარე დიეგო ბენალიოს ვერც ამჯერად გამოიყენებს. ამ უკანასკნელს სათადარიგო კიპერი ჰიტცი შეცვლის, რომელმაც „შალკესთან“ ძალიან კარგად ითამაშა.
გადმოსულების დუელი ბერლინში
გერმანიის დედაქალაქში ერთმანეთს მეორე ბუნდესლიგიდან გადმოსული გუნდები, „ჰერტა“ და „აუგსბურგი“ დაუპირისპირდებიან. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბერლინელებმა სეზონი აუგსბურგელებზე გაცილებით უკეთ დაიწყეს, რასაც არა მარტო სატურნირო ცხრილი, არამედ ისიც მოწმობს, რომ ლევან კობიაშვილის გუნდმა წინა ტურში თვით დორტმუნდის „ბორუსია“ (თანაც დორტმუნდში) დაამარცხა. ამ გამარჯვებამ მარკუს ბაბელის სამწყსოს თავდაჯერება შემატა, რაც კობის და კომპანიას „აუგსბურგთან“ შეხვედრაში აუცილებლად გამოადგებათ. ბაბელი ტრავმირებულ თავდამსხმელ ადრიან რამოსს ვერ გამოიყენებს - ამ უკანასკნელს ცენტრფორვარდის პოზიციაზე ლასოგა შეცვლის.
აქვე ისიც ვთქვათ, რომ ეს მატჩი არაოფიციალური ქართული დუელიცაა: „აუგსბურგში“ ხომ წარმოშობით ქართველი, ისე კი გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი აკაკი გოგია თამაშობს. მწვრთნელი იოს ლუჰუკაი გოგიას უმეტესად შეცვლაზე ათამაშებს ხოლმე.
მაინცი ბეტცენბერგზე
დღეს საღამოს რაინლანდ-პფალცურ დაპირისპირებასაც ვიხილავთ - „კაიზერსლაუტერნსა“ და „მაინცს“ შორის. „წითელ ეშმაკებს“ ამ სეზონში ჯერ არცერთხელ არ მოუგიათ და ჰამბურგზე უკეთეს მდგომარეობაში ნამდვილად არ არიან - ერთით მეტი ქულა არაფერს ნიშნავს. „ლაუტერნს“ განსაკუთრებით თავდასხმაში უჭირს - გუნდს მხოლოდ ორი გოლი აქვს გატანილი.
არც „მაინცია“ დალხენილი: კარნავალელები ძალიან შორს არიან იმ ფეხბურთისგან, რითაც შარშან ამ დროს აღგვაფრთოვანებდნენ და თომას ტუხელის გუნდს ზედიზედ ორმა საშინაო მარცხმაც (თანაც, ორივეში 4-4 გოლი გაუშვეს) დაღი დაასვა. ტუხელს საკადრო პრობლემები არ აქვს (თუ არ ჩავთვლით ადამ სალაის ტრავმას) და წესით, ძირითადი შემადგენლობა უნდა შეცვალოს.
დაწნეხილი დორტმუნდი
ხვალ, პირველ მატჩში ევროპამოვლილი გერმანული კლუბები დაუპირისპირდებიან: ევროპის ლიგის მონაწილე „ჰანოვერი“ (0:0 სტანდარდთან) გერმანიის ჩემპიონ „დორტმუნდს“ (1:1 არსენალთან) მასპინძლობს. მართალია, „ბორუსიამ“ „არსენალთან“ ვერ მოიგო, მაგრამ იურგენ კლოპის ბიჭებმა ლონდონელებთან ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და გამარჯვებას იმსახურებდნენ. ახლა კი ბუნდესლიგაზე სრული კონცენტრაციით უნდა გადაერთონ, რადგან წინა ტურში „ჰერტასთან“ საკუთარ მოედანზე დამარცხდნენ და ზოგადად, სეზონი ცუდად აქვთ დაწყებული. ასე რომ, თუ „ბორუსიამ“ გერმანიის ჩემპიონატს სერიოზულად არ მიხედა, ჩემპიონთა ლიგა კარგია, მაგრამ ეროვნულ სარბიელზე კლოპის გუნდს წელს ხელი მოეცარება, რაც დორტმუნდში არავის აწყობს.
არადა, კლოპს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს: მარიო გიოტცე და სებასტიან კელი დისკვალიფიცირებულები არიან, კიდევ ერთი საყრდენი სვენ ბენდერი კი ტრავმირებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ კლოპმა ნახევარდაცვაში როტაციას უნდა მიმართოს - იურგენი იძულებულია, ნახევარდაცვის ცენტრში ვეტერანი ანტონიო და სილვა და ილქაი გიუნდოგანი ათამაშოს. არის ფელიპე სანტანას ვარიანტიც, რომელიც ზოგადად მცველია, მაგრამ საყრდენობაც ეხერხება. „ჰანოვერი“ აშკარად ცუდ ფორმაშია, რაც ლიეჟის „სტანდარდთან“ მატჩმაც დაამტკიცა.
ნოიერი გელზენკირხენში
ტურის ცენტრალურ მატჩში, „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერს ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. გელზენკირხენში დაბადებული და გაზრდილი მანუელი, რომელიც ზაფხულამდე „შალკეს“ ღირსებას იცავდა და ამ გუნდის „სავიზიტო ბარათი“ იყო, „აუფ შალკეზე“ მტრის რანგში ბრუნდება. ამას წინათ ნოიერმა გელზენკირხენში გერმანიის ნაკრებთან ერთად ითამაშა და იმ შეხვედრაში „აუფ შალკეს“ პუბლიკისგან სტვენაზე მეტად აპლოდისმენტები დაიმსახურა. თუმცა ჩვენი გერმანელი კოლეგები ეჭვობენ, რომ ხვალ ნოიერს მთელი „არენა აუფ შალკე“ დაუსტვენს, რადგან ამჯერად გელზენკირხენში რეკორდმაისტერის ფეხბურთელის რანგში ჩადის.
„შალკემ“ ბუნდესლიგის წინა ტურში „ვოლფსბურგთან“ წააგო და რალფ რანგნიკის ბიჭებმა ვერც ევროპის ლიგაში შეძლეს მოგება (0:0 ბუქარესტის „სტიაუასთან“). მიუნხენში კი შესანიშნავი განწყობაა: ბავარიელები შესანიშნავ ხასიათზე არიან, რადგან გერმანიის ჩემპიონატში უნაკლოდ ასპარეზობენ, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში კი „ვილიარეალი“ სტუმრად 2:0 დაამარცხეს. იუპ ჰაინკესი დღეს ისევ ვერ გამოიყენებს ტრავმირებულ შემტევებს, არიენ რობენსა და ივიცა ოლიჩს.
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 5 4 0 1 16:1 12
2. ვერდერი 5 4 0 1 11:5 12
3. ბორუსია (მ) 5 3 1 1 7:3 10
4. ლევერკუზენი 5 3 1 1 6:3 10
5. ჰოფენჰაიმი 5 3 0 2 9:4 9
6. შალკე 5 3 0 2 11:8 9
7. ნიურნბერგი 5 3 0 2 5:5 9
8. ჰერტა 5 2 2 1 6:5 8
9. ჰანოვერი 5 2 2 1 6:7 8
10. შტუტგარტი 5 2 1 2 7:3 7
11. ბორუსია (დ) 5 2 1 2 6:4 7
12. მაინცი 5 2 1 2 7:10 7
13. ვოლფსბურგი 5 2 0 3 6:9 6
14. ფრაიბურგი 5 1 1 3 9:16 4
15. კიოლნი 5 1 1 3 7:14 4
16. აუგსბურგი 5 0 2 3 4:10 2
17. კაიზერსლაუტერნი 5 0 2 3 2:8 2
18. ჰამბურგი 5 0 1 4 6:16 1
ბომბარდირები: 8 - გომესი (ბაიერნი); 4 - სისე (ფრაიბურგი), ჰუნტელაარი (შალკე); 3 - აბდელაუ (ჰანოვერი), ბაბელი (ჰოფენჰაიმი), გროსკროიტცი (ბორუსია დ), მიოლდერსი (აუგსბურგი), პისარო (ვერდერი), რაული (შალკე), რიბერი (ბაიერნი), როზენბერგი (ვერდერი), სალიჰოვიჩი (ჰოფენჰაიმი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"