ჰამბურგს დროებით კარდოსო გაწვრთნის

AutoSharing Option
საკუთარ მოედანზე, მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან" განცდილი მარცხით "ჰამბურგის" ხელმძღვანელების მოთმინების ფიალა აივსო: გუშინ ჩრდილოგერმანულმა კლუბმა 6 თვის წინ დანიშნული მთავარი მწვრთნელი მიხაელ იონინგი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

"ბოლო ორი დღის განმავლობაში მიხაელთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით და საბოლოოდ ერთად მივედით იმ დასკვნამდე, რომ ასეთი ნაბიჯი უნდა გადაგვედგა," - ეს HSV-ს სპორტული დირექტორის, ფრანკ არნესენის სიტყვებია.

ექვსი ტურის შემდეგ ბუნდესლიგის უკანასკნელი დინო (გუნდი ელიტიდან არასდროს გავარდნილა - 48 წელი) ერთადერთი ქულით ბოლო ადგილზეა.

ახლა საინტერესო ის არის, ვინ შეცვლის იონინგს. არნესენი ამბობს, ახალი სპეციალისტის ძებნა
უკვე დავიწყეთ და სანამ ვიპოვნით, გუნდს დროებით მოყვარულების დამრიგებელი, "ჰამბურგის" ყოფილი ფეხბურთელი როდოლფო ესტებან კარდოსო გაწვრთნისო.

შაბათის შემდეგ არნესენი ხშირად იმეორებდა, იონინგის გათავისუფლებას არ ვაპირებთ, ის მომდევნო ტურშიც "ჰამბურგის" მწვრთნელი იქნებაო, მაგრამ კვირას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ედგარ იარხოვმა თქვა, ამაზე ქვემოთ დაშვება უკვე წარმოუდგენელიაო, რამაც ყველას აფიქრებინა, რომ იონინგი პოსტზე დიდხანს ვეღარ გაძლებდა.

პარასკევს ჰამბურგელები "შტუტგარტს" ხვდებიან და საქმეს ჯერჯერობით ისეთი პირი უჩანს, რომ ამ შეხვედრაში ჩრდილოგერმანული კლუბის თავკაცი კარდოსო იქნება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული