ვინ გარისკავს, ნუთუ მარკო?

AutoSharing Option
მიხაელ იონინგი გათავისუფლებულია და როგორც იცით, "ჰამბურგის" ხელმძღვანელები ორშაბათის შემდეგ გუნდისთვის ახალ მწვრთნელს ეძებენ.

ჩრდილოგერმანული კლუბის სპორტულმა დირექტორმა ფრანკ არნესენმა ისეთი სპეციალისტი უნდა იპოვნოს, ვინც ამბიციური "ჰამბურგის" გაწვრთნას გარისკავს და ჩაიბარებს გუნდს, რომელსაც მინიმუმ ევროპის ლიგის საგზურისთვის უნდა ებრძოლა, მაგრამ 6 ტურის შემდეგ აქტივში მხოლოდ ერთი ქულა აქვს და ცხრილში ბოლო ადგილზეა.

"ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ახალი მწვრთნელი გერმანულ ენაზე უნდა საუბრობდეს. ახლა ჩვენ მხოლოდ ისეთი სპეციალისტი გვჭირდება, რომელსაც ფეხბურთელები პატივს სცემენ და რომელსაც დიდი გამოცდილება ექნება.

ექსპერიმენტს ვერ მივმართავთ,"
- ამბობს არნესენი, რომელმაც დროებით მწვრთნელად მოყვარულების დამრიგებელი როდოლფო ესტებან კარდოსო დანიშნა. პარასკევს, "შტუტგარტთან" მატჩში "ჰამბურგს" სწორედ ეს უკანასკნელი უხელმძღვანელებს.

ზოგადად, "ჰამბურგი" და ამ გუნდის მწვრთნელთა კარუსელი ცალკე სასაუბრო თემაა და ამ საკითხის გარჩება ახლა შორს წაგვიყვანს. მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ HSV-მ ბოლო 10 წელიწადში 11 მწვრთნელი გამოიცვალა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ გუნდის უბედურება და ქაოსი მხოლოდ სპეციალისტების ბრალი ნამდვილად არაა. ისე, გაზაფხულზე ჩრდილოგერმანულ კლუბში ხელმძღვანელობაც შეიცვალა.

ახლა კი მთავარს დავუბრუნდეთ: ვინ შეცვლის იონინგს? კლუბის ქომაგებისთვის ყველაზე სასურველი სპეციალისტები "ჰამბურგის" ლეგენდარული თავდამსხმელი ჰორსტ ჰრუბეში და ყოფილი დამრიგებელი ჰუუბ სტევენსი არიან.

ჰრუბეში ახლა გერმანიის 19-წლამდელთა ნაკრების თავკაცია და მართალია, სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში წარმატებით მოღვაწეობდა, მაგრამ საკლუბო დონეზე კი გამოუცდელი და წარუმატებელია (წვრთნიდა მხოლოდ როსტოკის "ჰანზას" და დრეზდენის "დინამოს").

სტევენსმა "ჰამბურგი" 2007 წელსაც გადაარჩინა, თუმცა 2008-ში გუნდი თავისი ნებით დატოვა. რაც მთავარია, ჰუუბი ახლა უმუშევარია და უკვე თქვა, მზად ვარ, ჰამბურგში ისევ დავბრუნდეო. ჩრდილოგერმანული კლუბის გარდა ჰოლანდიელი ბუნდესლიგაში "შალკეს" (1997 წელს უეფას თასი მოაგებინა), "ჰერტას" და "კიოლნსაც" წვრთნიდა.

ჩვენი გერმანელი კოლეგები 62 წლის დანიელი მორტენ ოლსენის კანდიდატურასაც მოიაზრებენ, თუმცა ეს უკანასკნელი დანიის ნაკრების დამრიგებელია და ჯერ კიდევ აქვს გუნდის ევროპის ჩემპიონატზე გაყვანის შანსი. ოლსენი არნესენის თანამემამულე და ახლო მეგობარია.

"ბილდის" ცნობით კი, თავად არნესენის ფავორიტი ჰოლანდიელი მარკო ვან ბასტენია. ამ უკანასკნელს გუშინ "ველტის" ჟურნალისტი შეეხმიანა და ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა თქვა, რომ მზად არის, "ჰამბურგთან" მოლაპარაკებები დაიწყოს, თუმცა იქვე დასძინა, ჯერჯერობით არავის დაურეკავსო.

46 წლის ვან ბასტენი ახლა უმუშევარია. 2004-დან 2008 წლამდე ის ჰოლანდიის ნაკრებს ედგა სათავეში, მერე კი ამსტერდამის "აიაქსს" წვრთნიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული