"შალკეს" შოკი: რალფი გადაიწვა და წავიდა!

AutoSharing Option
გუშინ გელზენკირხენიდან ინფორმაცია გავრცელდა, არა მარტო ეს ქალაქი, არამედ მთელი საფეხბურთო გერმანია შოკში ჩააგდო: "შალკეს" მთავარი მწვრთნელი რალფ რანგნიკი ყველასათვის მოულოდნელად თანამდებობიდან გადადგა. შოკისმომგვრელი კი ის არის, რომ 53 წლის სპეციალისტს ე.წ. Burn out-სინდრომი სჭირს - ანუ, იმდენად გადაღლილი და გადამწვარია, რომ კლუბის გაწვრთნა აღარ შეუძლია.

ცხადია, რანგნიკმა თავის გადაწყვეტილებას დეტალური ახსნა განმარტებაც მოაყოლა, რომელიც გუშინ გელზენკირხენული კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა და ასე ჟღერს: "საკმაოდ ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ იმ დასკვნამდე მივედი, რომ სასწრაფოდ პაუზა მჭირდება.

გადაწყვეტილების ასეთ დროს და ამ
სიტუაციაში მიღება ძალიან გამიჭირდა, რადგან სეზონი ახლახან დაიწყო, ჩვენ კი ძალიან სერიოზული გეგმები გვქონდა, მაგრამ ენერგიისგან იმდენად ვარ დაცლილი, პოსტზე რომც დავრჩე, დარწმუნებული ვარ, ბევრი არაფერი გამომივა.

ასე რომ, ამ ნაბიჯს არა მარტო ჩემი, არამედ გუნდის ინტერესებიდან გამომდინარეც ვდგამ. ფეხბურთელებს, ხელმძღვანელებს, გულშემატკივრებს და საერთოდ მთელ კოლექტივს წარმატებებს ვუსურვებ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომხდარის გამო ძალიან ვწუხვარ."

"პროფესორ რალფის" ამბავმა შოკში პირველ რიგში კლუბის ხელმძღვანელები ჩააგდო - ისინი რანგნიკის მუშაობით ხომ ძალიან კმაყოფილები იყვნენ. რალფის ჯანმრთელობის პრობლემების გამო კი მთელი გერმანია შეწუხდა. გუშინვე, "შალკეს" მთავარმა ექიმმა ტორსტენ რარეკმა სპეციალური პრესკონფერენცია გამართა, სადაც რანგნიკის მდგომარეობაზე ისაუბრა.

"დღეს ასეთი შემთხვევები ძალიან გახშირდა, რადგან ადამიანები სამსახურებში უკვე დასაშვებზე მეტად იტვირთებიან. Burn out-სინდრომი ავადმყოფობა არ არის, მაგრამ შესაძლოა, სერიოზული ავადმყოფობა გამოიწვიოს - იმდენად სერიოზული, რომ ადამიანის ფსიქიკას და ზოგადად სიცოცხლესაც კი შეიძლება საფრთხე დაემუქროს. რალფ რანგნიკი ძალიან გადაღლილი, ფაქტობრივად გადამწვარია და მუშაობის გაგრძელება აღარ შეუძლია.

მახსენდება ჯოვანი ტრაპატონის სიტყვები, რომელმაც "ბაიერნში" მუშაობისას "დაცარიელებული ბოთლი" ახსენა - რანგნიკის შემთხვევაში სწორედ ასეა!" - განაცხადა დოქტორმა რარეკმა.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, რალფმა "შალკეს" ხელმძღვანელებს თავისი მდგომარეობის შესახებ ოთხშაბათს საღამოს შეატყობინა.

რალფის ზუსტი დიაგნოზი ასე ჟღერს: "ვეგეტატიური გადაღლილობის სინდრომი". რარეკმა პრესკონფერენციაზე საუბრისას გელზენკირხენული კლუბის აწ უკვე ყოფილი მწვრთნელის მდგომარეობა იმ ფეხბურთელის მდგომარეობას შეადარა, რომელსაც ვარჯიშებზე ზედმეტად დატვირთავენ, რის გამოც ფეხბურთის თამაშს რაღაც დროის განმავლობაში ვეღარ შეძლებს. რარეკის თქმით, გარკვეული პაუზის შემდეგ, პროფესორი რალფი სამწვრთნელო საქმიანობაში დაბრუნებას შეძლებს.

"ფეხებქვეშ მიწა გამოგვეცალა! რალფს ვერაფერს ვატყობდით და ფაქტია, რომ თვითონაც ბოლომდე იბრძოლა. სანამ გადაღლილობამ ბოლო არ მოუღო, არ დანებდა, რის გამოც ჩვენ დღეს ცარიელი ხელებით ვდგავართ. რამე რომ გვეგუმანა, ამ ამბავს მომზადებულები შევხვდებოდით, ახლა კი, უმწვრთნელოდ დარჩენას აბსოლუტურად მოუმზადებლები ვხვდებით.

თამამად ვიტყვი, რომ შოკში ვართ. ვიმედოვნებ, რომ რალფ რანგნიკი მალე მომჯობინდება და საქმეს, რომელიც ასე კარგად გამოსდის, მალე დაუბრუნდება," - ეს "შალკეს" მენეჯერ ჰორსტ ჰელდტის სიტყვებია, "ხუმარების" ბოსი კლემენს ტიონიესი კი ამბობს, მეც ვერაფერს ვამჩნევდი და კიდევ კარგი, რომ გადაღლილობა დროზე გაამხილა, თორემ რობერტ ენკეს ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ ყველამ ვიცით, რაოდენ საშიშია ასეთი ავადმყოფობებიო. არა, რანგნის დეპრესიები არ აქვს, მაგრამ Bურნ Oუტ-დან დეპრესიამდე ერთი ნაბიჯია!

"რანგნიკის შემთხვევამ ჩამაფიქრა. რალფს დიდი ხანია ვიცნობ და ჩემი აზრით, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული კოლეგაა.

იმედი მაქვს, რომ მალე გამოჯანმრთელდება და თავის საქმეს დაუბრუნდება, რადგან ფაქტია, რომ რანგნიკი ბუნდესლიგას ძალიან დააკლდება. ზოგადად, მწვრთნელები მართლაც უმძიმესი წნეხის ქვეშ ვართ მოქცეულები, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეს მარტო მწვრთნელებს არ გვეხება. სხვა ადამიანებიც მუდმივად საკმაოდ მძიმე ზეწოლის ქვეშ არიან," - ასეთია დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის კომენტარი.

ცხადია, ძალიან საინტერესოა ისიც, თუ ვინ შეცვლის რანგნიკს "შალკეში". კლუბის შეფებს ამ საკითხზე სერიოზულად დაფიქრების დრო პირველად გუშინ მიეცათ და ცხადია, კანდიდატები პრესაშიც კი არ დასახელებულა. ტიონიესის თქმით, "შალკეს" ხელმძღვანელები შექმნილი ვითარებიდან არა სწრაფ, არამედ საუკეთესო გამოსავალს იპოვნიან.

რანგნიკი შეგირდებს გუშინ დილას დაემშვიდობა, დღის განმავლობაში კი გუნდი მისმა ასისტენტებმა მარკუს გისდოლმა და ზეპო აიხკორნმა ავარჯიშეს. შეფების გადაწყვეტილებით, სწორედ აიხკორნი იქნება ის კაცი, ვინც "შალკეს" შაბათს, "ფრაიბურგთან" კალენდარულ მატჩში უთავკაცებს.

აღსანიშნავია, რომ რალფ რანგნიკი ჯერ კიდევ "ჰოფენჰაიმიდან" წამოსვლის შემდეგ ამბობდა, ხანგრძლივი პაუზა მჭირდებაო, მაგრამ მერე, როცა მისი გადაბირებით "შალკე" დაინტერესდა, გელზენკირხენული კლუბის შეფებთან მოლაპარაკებები მაინც წამოიწყო და ბოლოს მათ წინადადებას დათანხმდა.

"პროფესორმა რალფმა" ლევან ყენიას გუნდი წინა სეზონის მიწურულს ჩაიბარა, სადაც გათავისუფლებული ფელიქს მაგათი შეცვალა. რანგნიკმა გუნდს გერმანიის თასი მოაგებინა და ბუნდესლიგაში ადგილი შეუნარჩუნა - გეხსომებათ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტ "შალკეს" სეზონის ბოლოს ყველასათვის მოულოდნელად, მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე ემუქრებოდა.

რალფ რანგნიკის სამწვრთნელო კარიერა ასე გამოიყურება: პროფესორი თავიდან "ულმს" ავარჯიშებდა, რის შემდეგაც "შტუტგარტში" გადაინაცვლა, სადაც 1999-დან 2001 წლის თებერვლამდე იმუშავა. მერე იყო "ჰანოვერი" (2001-დან 2004 წლის მარტამდე), "შალკე" (2004 წლის სექტემბრიდან 2005 წლამდე), "ჰოფენჰაიმი" (2006 წლის ივნისიდან 2011 წლის იანვრამდე) და ბოლოს ისევ "შალკე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული