გუშინ ჩრდილოგერმანული კლუბის ბოსებმა სამი სასურველი სპეციალისტისგან უარები მიიღეს.
პირველმა, HSV-სთან მოლაპარაკებებზე უარი 47 წლის მიქაელ ლაუდრუპმა განაცხადა. ეს უკანასკნელი ჩრდილოგერმანული კლუბის სპორტული დირექტორის, ფრანკ არნესენის მეგობარია, მაგრამ ამ უკანასკნელმა ლეგენდარული დანიელი მოთამაშის დათანხმება ვერ მოახერხა.
"ჰამბურგის" გაწვრთნა იუარა კიდევ ერთმა დანიელმა, 62 წლის მორტენ ოლსენმაც, რომელიც ეროვნულ ნაკრებს უდგას სათავეში. ჰამბურგელებს
არადა, არნესენს მისი დანიშვნა ძალიან უნდოდა. შეგახსენებთ, რომ როცა ეს უკანასკნელი ლონდონის "ჩელსის" სპორტული დირექტორი იყო, მთავარ მწვრთნელად გუუს ჰიდინკიც ისე დანიშნა, რომ ამ უკანასკნელს რუსეთის ნაკრები არ მიუტოვებია.
გერმანულ პრესაში "ჰამბურგთან" მიმართებაში ლოთარ მათეუსის გვარმაც გაიჟღერა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბულგარეთის ნაკრების დამრიგებლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს და ახლა უმუშევარია.
გერმანიის ნაკრების რეკორდსმენისთვის "ჰამბურგის" გაწვრთნა არავის შეუთავაზებია, HSV-ს შეფებმა თვითონ უარყვეს გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, თითქოს მათეუსით იყვნენ დაინტერესებულები. არნესენმა თქვა, ლოთარზე არც კი ვფიქრობთო.
"ბილდის" ინფორმაციით, ამ ყველაფრის შემდეგ, "ჰამბურგში" დანიშვნის მთავარი კანდიდატი ახლა 57 წლის ჰუუბ სტევენსია, რომელიც ჩრდილოგერმანულ კლუბს ძალიან კარგად იცნობს.
სტევენსი აპრილამდე ავსტრიაში, კერძოდ ზალცბურგში მუშაობდა, საიდანაც გაათავისუფლეს და ახლა უმუშევარია. აღსანიშნავია, რომ "ჰამბურგის" გულშემატკივრების უმრავლესობა სწორედ სტევენსის დანიშვნას ემხრობა - "ბილდის" გამოკითხვაში, კანდიდატებს შორის ყველაზე მეტი ხმა სწორედ ჰუუბმა მიიღო (65%).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"