ბედნიერი მიუნხენი და მიონხენგლადბახი

AutoSharing Option
ბოლო დროს ბუნდესლიგის ტურს პარასკევს ყოველთვის „შტუტგარტი“ ხსნის ხოლმე. გამონაკლისი არც ეს ტურია: გუშინ შვაბებმა კაიზერსლაუტერნში ითამაშეს და 0:2 მოიგეს.

დღევანდელი მატჩებიდან ყველაზე საინტერესო უდავოდ „ჰოფენჰაიმისა“ და „ბაიერნის“ დაპირისპირება იქნება - რეკორდმაისტერთან რაღაცის გახერხებას ახლა „სოფლელები“ ეცდებიან. ეიფორიაში მყოფი მიონხენგლადბახელები ფრაიბურგში ჩადიან, დორტმუნდის „ბორუსია“ კი იუბილეს „აუგსბურგთან“ საშინაო შეხვედრაში იზეიმებს. ტრადიცია იმ მხრივაც არ ირღვევა, რომ ტურის ცენტრალური მატჩი ისევ კვირასაა: „შალკე“ ჰამბურგში ჰუუბ სტევენსთან ერთად ჩადის.

შეძლებს „ჰოფე“ იმას, რაც აგუერომ და კომპანიამ ვერ შეძლეს?
რაც არ უნდა დიდხანს
ეძებოთ, „ბაიერნს“ ამ დღეებში სისუსტეებს ვერ უპოვით. რეკორდმაისტერს საქმეები იდეალურად მისდის, რაც ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურშიც დამტკიცდა, როცა მიუნხენელებმა „მანჩესტერ სიტის“ 2:0 მოუგეს და რაც იქიდანაც ჩანს, რომ ბავარიელებს ლაზარეთში არცერთი ფეხბურთელი აღარ ჰყავთ.

მარიო გომესი მოედანს უგოლოდ არ ტოვებს, ფრანკ რიბერი თავის ფლანგზე დაფრინავს, მეკარე მანუელ ნოიერი უმეტესად უსაქმოდაა, ბასტიან შვაინშტაიგერი შეტევებს ისე კარგად ხელმძღვანელობს, როგორც მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების იერიშებს ხელმძღვანელობდა და ასე განსაჯეთ, გამოჯანმრთელებული არიენ რობენი სათადარიგოთა სკამზე ზის ხოლმე. შესაბამისად, კითხვა „ვინ შეაჩერებს ბაიერნს?“

ჯერჯერობით ისევ პასუხგაუცემელი რჩება. იმას, რაც აგუერომ, სილვამ, ჯეკომ და სხვებმა ვერ მოახერხეს, ახლა ჰოფენჰაიმელები ეცდებიან. „სოფლელები“ წინა ტურში კიოლნთან დამარცხდნენ (0:2) და აქვე იმასაც გეტყვით, რომ „ჰოფენჰაიმს“ „ბაიერნი“ აქამდე არასდროს დაუმარცხებია.

ფრაიბურგი, გლადბახი და 22
მოკლედ, მიუნხენში ყველა ბედნიერია და დაახლოებით ასეთივე სიტუაციაა მიონხენგლადბახშიც. მართალია, „ბორუსია“ ისე ვერ დაფრინავს, როგორც „ბაიერნი“, მაგრამ როგორც დაფრინავს, „გლადბახისთვის“ ესეც ბედნიერების საბაბია - ლუსიენ ფავრის გუნდმა ბოლო 35 წელიწადში საუკეთესო სტარტი აიღო.

შარშანელი სეზონის მიბმით, როცა „გლადბახი“ მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებას ძლივს გადაურჩა, „ბორუსიას“ ბოლო თერთმეტი მატჩიდან ექვსი 1:0 აქვს მოგებული. ბოლოს კი ასეთი ანგარიშით სულაც ზედიზედ სამჯერ გაიმარჯვა. „გლადბახს“ 7 ტურის შემდეგ 16 ქულა აქვს. შედარებისთვის, გასულ სეზონში მიონხენგლადბახელებს ამდენი ქულის მოსაპოვებლად 22 ტური დასჭირდათ.

ზოგადად, 22 ამ მატჩში ჯადოსნური ციფრია: „ფრაიბურგს“ განვლილ შვიდ ტურში სწორედ ამდენი გოლი აქვს გაშვებული. ასეთი ცუდი შედეგი კი ბუნდესლიგაში გუნდს მე-7 ტურის შემდეგ ბოლოს 1996/1997 წლების სეზონში ჰქონდა და აბა, გამოიცანით, რომელს? დიახ, „ფრაიბურგს“! ...და იმ სეზონში ბრაისგაუელები მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდნენ.

„ფრაიბურგის“ დარად, ზედიზედ სამი თამაში აქვს წაგებული „მაინცსაც“, წინა ტურში კი თომას ტუხელის ბიჭები „დორტმუნდთან“ დამარცხდნენ (1:2). აღსანიშნავია, რომ მაინცელებმა სამივე შეხვედრა უიღბლოდ წააგეს: „ბორუსიას“ 1:0-ს უგებდნენ და ბოლო გოლი საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე გაუსვეს, „შალკესთან“ 2:0-ს იგებდნენ და 2:4 დამარცხდნენ, „კაიზერსლაუტერნთან“ კი სულაც ავტოგოლით წააგეს (1:3).

ამ ყველაფრის შედეგად, „მაინცი“ უკვე მე-14 ადგილზეა და სასწრაფოდ ქულები სჭირდება. ტუხელი ამბობს, საჭირო ქულები ქვედა სამეულთან დუელებში მაინც უნდა ავიღოთო, მაგრამ კარნავალელთა დღევანდელი მეტოქე ქვედა სამეულიდან არაა: „ნიურნბერგი“ ამ სეზონში საკმაოდ კარგად გამოიყურება, 10 ქულით მე-9 ადგილზეა და თამაშის ხარისხის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დიტერ ჰეკინგის გუნდს აშკარად მეტი შეუძლია. „მაინცს“ თავდამსხმელი ალაგუი უბრუნდება, „ნიურნბერგს“ კი სავარაუდოდ ყოფილი მაინცელი ფოილნერი არ ეყოლება.

დორტმუნდის საიუბილეო
მარსელმოვლილი (0:3) დორტმუნდელები დღეს ბუნდესლიგაში მათთვის საიუბილეო, 1500-ე შეხვედრას ატარებენ და იურგენ კლოპის გუნდს მეტოქეც ისეთი ჰყავს, „ვესტფალენშტადიონზე“ 3 ქულის დატოვება რომ არ უნდა გაუჭირდეს - დებიუტანტი „აუგსბურგი“, რომელსაც ამ სეზონში ერთი თამაშიც არ აქვს მოგებული.

მიუხედავად ამისა, იოს ლუჰუკაის გუნდზე აუგს მაინც ვერ ვიტყვით, რადგან აუგსბურგელებმა შვიდი მატჩიდან ოთხი ფრედ დაასრულეს და სწორ გზას ადგანან. განსაკუთრებით დასაფასებელია 2:2 ბერლინში და 0:0 ჰანოვერთან. დორტმუნდელებზე კი უნდა ითქვას, რომ მარსელში განცდილი უიღბლო კრახის შემდეგ, ფსიქიკურად გადაღლილები არიან. „აუგსბურგთან“ საშინაო შეხვედრაში გერმანიის ჩემპიონი ვალდებულია, გაიმარჯვოს, რაც კლოპის გუნდისთვის ამ შემთხვევაში წნეხს ნიშნავს.

სამაგიეროდ, ჩემპიონთა ლიგა „ლევერკუზენისთვის“ თერაპია იყო. „კიოლნთან“ (1:4) და „ბაიერნთან“ (0:3) უიმედო წაგებების შემდეგ, გერმანიის ვიცე-ჩემპიონმა „გენკი“ 2:0 დაამარცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ფარმაცევტებმა“ ცოტათი ამოისუნთქეს და „ვოლფსბურგთან“ საშინაო მატჩში ცოტა უფრო თავდაჯერებულები უნდა იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ანდრე შიურლესა და სოტირიოს კირიაკოსის დუელი არ შედგება, რადგან ორივე დისკვალიფიცირებულია.

პოდოლსკი: არ უნდა მოვდუნდეთ!
„ვერდერთან“ ბოლო წუთზე გაშვებული გოლით წაგებამ (1:2), „ჰერტაში“ ყველა დაანაღვლიანა. თანაც, ბერლინელთა დამრიგებელი მარკუს ბაბელი დღეს, „კიოლნთან“ შეხვედრაში დისვალიფიცირებულ კრისტიან ლელს და ადრიან რამოსს ვერ გამოიყენებს. „თხები“ ძალიან კარგ ფორმაში არიან, რაშიც ლომის წვლილი ლუკას პოდოლსკის მიუძღვის, რომელიც აცხადებს: „კარგად ვთამაშობთ, მაგრამ ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. მოდუნება არ შეიძლება!“

ევროპის ლიგაში „ვორსკლასთან“ მოგებული თამაშის (2:1) შემდეგ, „ჰანოვერს“ ხვალ, „ვერდერთან“ ჩრდილოეთის დუელი ელის. „ჰანოვერის“ თავკაცი მირკო სლომკა წინა ტურში, „აუგსბურგთან“ უგოლო ფრით უკმაყოფილო დარჩა - თუ საუკეთესო ექსვეულში მოხვედრა გვინდა, ასეთი თამაშები აუცილებლად უნდა მოვიგოთ ხოლმეო. „წითლებს“ საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფ „ვერდერთან“ წარმატების მიღწევა წესით უნდა გაუჭირდეთ. ბრემენელთა რიგებში კლაუდიო პისარო ბრწყინავს, რომლის ანგარიშზე ამ სეზონში უკვე ხუთი გოლია.

შალკე სტევენსით, რომელიც ჰამბურგსაც უნდოდა
ჰუუბ სტევენსის „შალკეს“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნას საკმაოდ საინტერესო პრეისტორია ჰქონდა: გამოცდილი ჰოლანდიელი სპეციალისტის დანიშვნა ჰამბურგელებსაც უნდოდათ და მასთან მოლაპარაკებები მას მერე შეწყვიტეს, რაც გაიგეს, რომ სტევენსი „შალკესაც“ ელაპარაკებოდა. ამრიგად, „შალკეს“ ახალი დამრიგებელი უკვე ჰყავს, ჰამბურგელები კი ძებნას აგრძელებენ და სანამ იპოვნიან, ჩრდილოგერმანულ კლუბს, კიდევ ერთხელ, როდოლფო ესტებან კარდოსო გაწვრთნის. სტევენსის ოფიციალური დებიუტი ხუთშაბათს, ევროპის ლიგაში შედგა, სადაც ჰუუბის „შალკემ“ ჰაიფას „მაქაბი“ 3:1 დაამარცხა.

ბუნდესლიგა. VIII ტური
გუშინ
კაიზერსლაუტერნი-შტუტგარტი 0:2

დღეს
ბორუსია (დ)-აუგსბურგი 17:30
ტრავმა: კოხი, ოვომოიელა, ბაკალორცი - ვერჰეგი, ბა, მ. ნდიენგი, ს. ჰაინი, იორლი

ლევერკუზენი-ვოლფსბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: შიურლე - ჰიტცი, კირიაკოსი
ტრავმა: ადლერი, ოჩიპკა, ბარნეტა, ორტეგა - კრისი, ჰიტცლშპერგერი, ჰლები, კალენბერგი

ნიურნბერგი-მაინცი 17:30
ტრავმა: რაკოვსკი, რ. შეფერი, ნილსონი, დიდავი, აიგლერი - შიონჰაიმი, სალაი

ფრაიბურგი-ბორუსია (მ) 17:30
ტრავმა: ფერატი, კრმასი, როზენტალი, რაიზინგერი - ლეკიე

ჰოფენჰაიმი-ბაიერნი 17:30
ტრავმა: გულდე, იაისლე, ჯონსონი (სამივე ჰოფენჰაიმი)
შენიშვნა: „ბაიერნის“ მცველი ბრენო წინასწარ პატიმრობაშია

ჰერტა-კიოლნი 20:30
დისკვალიფიკაცია: ლელი, რამოსი - ბრეჩკო
ტრავმა: ნოიმანი, შულცი - ჟერომელი, პეტიტი

ხვალ
ჰანოვერი-ვერდერი 17:30
დისკვალიფიკაცია: სობიეხი - ვიზე
ტრავმა: ანდრეასენი, კარლიტოსი, ია კონანი - ბიონიში, სილვესტრი, ბოროვსკი, ილდირიმი

ჰამბურგი-შალკე 19:30
დისკვალიფიკაცია: ილიჩევიჩი (ჰამბურგი)
ტრავმა: მანსიენი, შტეპანეკი, არსლანი, კაჩარი - ესკუდერო, ჰუგლანდი, უჩიდა, ყენია

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 7 6 0 1 21:1 18
2. ვერდერი 7 5 1 1 14:7 16
3. ბორუსია (მ) 7 5 1 1 9:3 16
4. ჰოფენჰაიმი 7 4 0 3 12:7 12
5. შალკე 7 4 0 3 15:12 12
6. ჰანოვერი 7 3 3 1 8:8 12
7. შტუტგარტი 7 3 1 3 10:6 10
8. ბორუსია (დ) 7 3 1 3 9:7 10
9. ნიურნბერგი 7 3 1 3 6:7 10
10. კიოლნი 7 3 1 3 13:15 10
11. ლევერკუზენი 7 3 1 3 7:10 10
12. ჰერტა 7 2 3 2 9:9 9
13. ვოლფსბურგი 7 3 0 4 8:12 9
14. მაინცი 7 2 1 4 9:15 7
15. კაიზერსლაუტერნი 7 1 2 4 5:10 5
16. აუგსბურგი 7 0 4 3 6:12 4
17. ფრაიბურგი 7 1 1 5 12:22 4
18. ჰამბურგი 7 1 1 5 8:18 4

ბომბარდირები: 8 - გომესი (ბაიერნი); 6 - სისე (ფრაიბურგი); 5 - ჰუნტელაარი (შალკე), პისარო (ვერდერი); 4 - ბაბელი (ჰოფენჰაიმი), ჰარნიკი (შტუტგარტი), პოდოლსკი (კიოლნი), რაული (შალკე), რობერტო ფირმინიო (ჰოფენჰაიმი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული