გერმანიის ნაკრები - არანაირი ექსპერიმენტები

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ნაკრებს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე თამაში უკვე გარანტირებული აქვს, ბუნდესგუნდის მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი შესარჩევი ციკლის დარჩენილ, სატურნირო თვალსაზრისით უსარგებლო მატჩებში (7 ოქტომბერს სტამბულში თურქეთთან, 11 ოქტომბერს დიუსელდორფში ბელგიასთან) ექსპერიმენტებზე უარს ამბობს.

გუშინ იოგიმ ამ შეხვედრებისთვის გამოძახებული ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა - გერმანიის ნაკრებში მარიო გომესი, სამი ხედირა და დენის აოგო დაბრუნდნენ.

8 თამაში, 8 მოგება, მიღწეული მიზანი - ლიოვს თამამად შეეძლო, ხსენებულ მატჩებში ახალბედები გამოეცადა, მაგრამ: „ევროპის ჩემპიონატის საგზური კი მოვიპოვეთ, მაგრამ დარჩენილ მატჩებში მაქსიმალური კონცენტრაციით
უნდა ვითამაშოთ. ჩვენი მიზანი ისაა, რომ შესარჩევი ციკლი ასპროცენტიანი მაჩვენებლით, 10 მოგებით დავამთავროთ,“ - აცხადებს ლიოვი.

როისი: მცდელობა მეხუთე
მაქსიმალური კონცენტრაცია და უძლიერესი შემადგენლობა - ლიოვი ექსპერიმენტებზე უარს ამბობს. 24-კაციან სიაში ყველა წამყვანი მოთამაშე მოხვდა, მათ შორის, გომესი, ხედირა და აოგო, რომლებიც სექტემბრის მატჩების დროს ტრავმირებულები იყვნენ. დებიუტის კიდევ ერთი, რიგით მეხუთე შანსი მიეცემა მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ ახალგაზრდა გარემარბ მარკო როისს, რომელიც წინა გამოძახებებს ყოველთვის ტრავმირებული ხვდებოდა. 22 წლის ნახევარმცველი იმედოვნებს, რომ ახლა ტრავმას აღარ მიიღებს და თურქეთთან შეხვედრაში მოედანზე გასვლა შეეძლება.

ლიოვმა უარი თქვა დორტმუნდის „ბორუსიას“ მარცხენა მცველ მარსელ შმელცერსა და საყრდენ ნახევარმცველ სვენ ბენდერზე, გერმანიის ნაკრებში გამოძახებული მოთამაშეების სია კი ასე გამოიყურება:

მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), ტიმ ვიზე (ვერდერი), რონ-რობერტ ცილერი (ჰანოვერი).
მცველები: ჟერომ ბოატენგი, ჰოლგერ ბადშტუბერი, ფილიპ ლამი (სამივე ბაიერნი), ბენედიქტ ჰიოვედესი (შალკე), დენის აოგო (ჰამბურგი), მატს ჰუმელსი (ბორუსია დ), პერ მერტეზაკერი (არსენალი), კრისტიან ტრეში (ვოლფსბურგი).
ნახევარმცველები: მარიო გიოტცე (ბორუსია დ), სამი ხედირა, მესუთ იოზილი (ორივე რეალი), ტონი კროოსი, თომას მიულერი, ბასტიან შვაინშტაიგერი (სამივე ბაიერნი), ლუკას პოდოლსკი (კიოლნი), მარკო როისი (ბორუსია მ), სიმონ როლფესი, ანდრე შიურლე (ორივე ლევერკუზენი).
თავდამსხმელები: მარიო გომესი (ბაიერნი), მიროსლავ კლოზე (ლაციო), კაკაუ (შტუტგარტი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული