კარდოსო არა, ისა...

AutoSharing Option
"ჰამბურგის" სპორტული დირექტორი ფრანკ არნესენი შაბათ-კვირამდე სერიოზულად ფიქრობდა იმაზე, რომ დროებითი მწვრთნელი როდოლფო ესტებან კარდოსო თანამდებობაზე დიდი ხნით დაეტოვებინა, მაგრამ კვირას ჩრდილოგერმანულმა კლუბმა საკუთარ მოედანზე "შალკესთან" 1:2 წააგო, რის შემდეგაც "ჰამბურგის" ბოსმა ახალი მწვრთნელის დანიშვნა საბოლოოდ გადაწყვიტა.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, არნესენი ახალ სპეციალისტს უახლოეს მომავალში წარადგენს. ფაქტია, რომ ბუნდესლიგის მომდევნო ტურს (16 ოქტომბერს) HშV ახალი დამრიგებლით შეხვდება. "ბევრი დრო ნამდვილად არ გაქვს. თუ სწრაფად არ ვიმოქმედეთ, გუნდს კრიზისი გაუგრძელდება და გამოუვალ სიტუაციაში აღმოვჩნდებით. ერთი სიტყვით, მომდევნო ტურისთვის ახალი დამრიგებელი
უნდა გვყავდეს - მწვრთნელი, რომელსაც არა მარტო ლიცენზია, არამედ გამოცდილებაც ექნება," - უთხრა არნესენმა "სქაის".

შეგახსენებთ, რომ კარდოსოს, რომელიც "ჰამბურგს" ორი კვირაა ავარჯიშებს, სამწვრთნელო ლიცენზია არ აქვს.

აბდელაუ არ იყიდება!
კვირას, "ჰანოვერმა" "ვერდერს" 3:2 მოუგო და "წითლებიდან" სამივე გოლი ნორვეგიელმა თავდამსხმელმა მოჰამედ აბდელაუმ გაიტანა. ამ უკანასკნელს "ჰანოვერთან" კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული და წესით, ქვემოსაქსონიელები მისი დაკარგვის საშიშროებაზე არ უნდა ნერვიულობდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ ანერვიულდნენ და აბდელაუსთვის ახლავე ახალი კონტრაქტის გაფორმება სურთ.

"ჩვენი მიზანი ახლა მომოსთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებაა. აბდელაუმ ბოლო დროს უდიდესი პროგრესი განიცადა და სულაც არ გამიკვირდება, იანვარში გრანდებმა თვალი რომ დაადგან, რაც ჩვენ არ გვაწყობს," - ეს "ჰანოვერის" შეფის, მარტინ კინდის სიტყვებია.

ჯერჯერობით უცნობია, რას ფიქრობს წარმოშობით მაროკოელი გოლეადორი "ჰანოვერთან" კონტრაქტის გაგრძელებაზე. ფაქტი ისაა, რომ ამ ეტაპზე მისი გადაბირება არავის სურს და 25 წლის ფორვარდი ჰანოვერული ყოფით კმაყოფილია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული