ჰიონესი: ლიგის ფინალზე ლაპარაკი ადრეა!

AutoSharing Option
"ბაიერნის" პრეზიდენტ ული ჰიონესს არ მოსწონს ის, რომ ახალი სეზონის შესანიშნავად დაწყებამ მიუნხენში უდიდესი ეიფორია გამოიწვია და რომ რეკორდმაისტერის გულშემატკივრები და ფეხბურთელები უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ გუნდი აუცილებლად უნდა გავიდეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელიც მიუნხენში გაიმართება.

"ჩვენი გუნდი ისედაც ყოველთვის მძიმე წნეხის ქვეშაა ხოლმე მოქცეული და აქედან გამომდინარე, აზრი არ აქვს ზეწოლის ხელოვნურად დამძიმებას.

ცხადია, ყველას გვინდა, რომ "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდეს, მაგრამ ეს არც ისე იოლია, როგორც ბევრს ჰგონია. ჩემთვის მთავარია, რომ ჯგუფიდან გავიდეთ, მერე კი, შეიძლება
"ბარსელონას" ან "რეალს" შევხვდეთ... კარგი იქნება, თუ ჩვენი ქომაგები და სხვათა შორის, ფეხბურთელებიც, მიწაზე დაეშვებიან," - განაცხადა ჰიონესმა "შპორტ აინსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ულიმ ისიც თქვა, რომ "ბაიერნსა" და ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციას შორის ყველა გაუგებრობას ბოლო მოეღო და დაპირისპირებაზე საუბარი არასწორია. შეგახსენებთ, რომ მიუნხენური გრანდი და ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაცია ერთმანეთს არიენ რობენის ტრავმის გამო შარშან დაუპირისპირდნენ. ჰიონესის თქმით, ჰოლანდიელები უკვე "კარგად იქცევიან და შესაბამისად, პრობლემა ამოწურულია."

კაიზერი: პლატინი ფიფას პრეზიდენტი გახდება
ამასობაში, ფრანც ბეკენბაუერმა "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი შეაქო და მას მომავალში ფიფას პრეზიდენტობა უწინასწარმეტყველა. "მიშელი ძალიან კარგად მუშაობს. მე მისი თითქმის ყველა ნაბიჯი მომწონს და ვფიქრობ, რომ ფიფას მომავალი პრეზიდენტიც სწორედ პლატინი იქნება," - განაცხადა კაიზერ-ფრანცმა.

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა და ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი და პლატინი გააკრიტიკეს, რამაც ბეკენბაუერი გააკვირვა. "ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ რუმენიგემ და ჰიონესმა პლატინი და ბლატერი საჯაროდ გააკრიტიკეს. ჩემი აზრით, უმჯობესი იქნებოდა, თავიანთი მოსაზრებები მათთან ერთიერთზე საუბარში ეთქვათ. რუმენიგეს შეუძლია, ბლატერს და პლატინის პირისპირ ესაუბროს," - ამბობს ბეკენბაუერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული