მიულერი: "ბაიერნისთვის" ვცხოვრობ!

AutoSharing Option
თომას მიულერი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მიუნხენურ პუბლიკას სიგიჟემდე უყვარს და გერმანიის ნაკრებშიც შეუცვლელი ფიგურაა - 22 წლის შემტევმა უკვე ბევრს მიაღწია და დღევანდელი გადასახედიდან ყველა დარწმუნებულია, რომ გაცილებით მეტსაც მიაღწევს.

აქედან გამომდინარე, სულაც არ არის გასაკვირი ის, რომ მიულერს უკვე საკმაოდ ბევრი მსურველი ჰყავს. ორი წელია, რაც თომას ყურადღების ცენტრში მოექცა და ამ ხნის მანძილზე მისი გადაბირების სურვილი არაერთმა სუპერგრანდმა გამოთქვა.

"დასამალი არაფერია: მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ჩემს მრჩეველს ტელეფონი აუფეთქეს. მუნდიალზე კარგად თამაშის შემდეგ არაერთი გუნდის ხელმძღვანელი
ურეკავდა და ჩემი ყიდვის სურვილს უფიქსირებდა. მთავაზობდნენ ზღაპრულ პირობებს და ძალიან მაღალ ხელფასს, მაგრამ მე ყველას უარი ვუთხარი - "ბაიერნიდან" წასვლაზე ერთი წამითაც არ მიფიქრია, - აცხადებს თომასი "შპორტ-ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში და იქვე დასძენს, - 2010 წლის ზაფხულში განსაკუთრებით ლონდონის "ჩელსის" ბოსები აქტიურობდნენ.

სხვა ქვეყანაში გადასვლა ოდესმე, შეიძლება, მართლაც მომინდეს, მაგრამ ამ ასაკში ტრანსფერს მაშინაც გამოვრიცხავდი და ახლაც გამოვრიცხავ, რადგან ჩემს ასაკში ფეხბურთელმა ასეთი ნაბიჯი არ უნდა გადადგას."

უფრო მეტიც: მიულერი ფიქრობს, რომ "ბაიერნიდან" წასვლა არც არასდროს მოუნდება: "ცხადია, გადაჭრით რამის თქმა არ შეიძლება და ამიტომაც ვთქვი, ოდესმე შეიძლება მომინდეს-მეთქი, მაგრამ დღეს თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ მიუნხენიდან წასვლა სავარაუდოდ არც არასდროს მომინდება, რადგან აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. დღეს მე ბაიერნით ვცხოვრობ!"

რეკორდმაისტერის პრეზიდენტი ული ჰიონესი, რა თქმა უნდა, კმაყოფილია და ამბობს, ასეთი ფეხბურთელები "ბაიერნის" იმიჯს უხდებიანო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული